Accessibility links

10 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ შემაჯამებელი დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ გამოწვევებისა და პერსპექტივების წარმოჩენა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლითაა გათვალისწინებული და რომლის რატიფიცირებაც საქართველომ გასული წლის დეკემბერში მოახდინა. ამჯერად მთავარი ფოკუსი რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებებზე გაკეთდა. გარდა უკვე მრავალჯერ ნახსენები ხელმისაწვდომი გარემოსი, კიდევ რა პრობლემები აწუხებთ შშმ ქალებს, როგორ ხდება კანონის იმპლემენტაცია და რა რეკომენდაციები აქვს სახალხო დამცველს მთავრობის მიმართ?

„მე ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ორი ადამიანის მაგივრად ვფიქრობ, ორი ადამიანის მაგივრად დავდივარ, ორი ადამიანის მაგივრად ვხედავ. შეხვედრები შეხვედრებად რჩება და არაფერი არ იცვლება. 18 წლამდე შშმ ბავშვს, სანამ მამა ცოცხალი ჰყავდა, ჰქონდა 92-ლარიანი პენსია. მერე მოემატა 8 ლარი. სამომხმარებლო კალათა მარტო 100 ლარს ითვლის? დღეში 3 ლარი და 30 თეთრი - ძალიან სირცხვილია, ადამიანებო. ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც კანონებს წერს, ვერ უნდა მიყურებდეს თვალებში. მაპატიეთ ამ გამოსვლისთვის, რადგან, ვისაც ეკუთვნის შშმ ბავშვებზე ზრუნვა, დღეს მე მათ ამ დარბაზში ვერ ვხედავ“, - ამბობს ლელა ჯანაშია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა.

დიახ, 10 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ სახალხო დამცველის ოფისის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც ქვეყანაში შშმპ უფლებებს შეეხებოდა, არავინ იყო სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისეთი, რომელსაც ეს საკითხი და ამ საკითხებზე როგორც სამართლებრივი, ისე სოციალური ზრუნვა ეხება - მაგალითად, არ იყო არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ლელა ჯანაშიას მსგავსად, დარბაზში მყოფმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არაერთმა პირმა გამოთქვა გულისტკივილი, რომ შეხვედრები შეხვედრებად და მათი პრობლემები კი პრობლემებად რჩება.

ყაზბეგში მცხოვრები ფსიქიკური პრობლემების პირი, რომელსაც ეკუთვნის უფასოდ მედიკამენტები, უნდა ჩამოვიდეს მცხეთაში, პოლიკლინიკაში გამოაწერინოს რეცეპტი და შემდეგ იყიდოს ეს სპეცმედიკამენტი. რეალურად, ეს ადამიანები ამ გზას არ გადიან და ის უფასო მედიკამენტი მათთვის ხელმიუწვდომელია...

დოკუმენტი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა წარმოადგინა, 2014 წლის თებერვალ-სექტემბერში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს მოიცავს. გამოკვლევის მიზანი იყო იმ გამოწვევებისა და პერსპექტივების წარმოჩენა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლითაა გათვალისწინებული. შეგახსნებეთ, რომ გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება გასული წლის 26 დეკემბერს მოხდა და ძალაში მიმდინარე წლის აპრილში შევიდა. იმასაც გეტყვით, რომ ეს კონვენცია არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ქვეყანაში მაღალი სტანდარტით იყოს დაცული შშმ პირთა უფლებები. სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ამჯერად რეგიონებში მცხოვრები შშმ ქალებისა და ბავშვების პრობლემებზე იყო ფოკუსირებული.

გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ფირაშვილია. მან პროექტის სხვა წევრებთან ერთად ოთხი რეგიონი - კახეთი, სამეგრელო, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი -მოიარა. პირადად შეხვდა შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს და პირადად მოისმინა ის პრობლემები და საჭიროებები, რომლებიც მათ წინაშე დგას. საერთო სურათი კი, მისი თქმით, არ არის სახარბიელო. როგორც ნათია გვეუბნება, შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და, მათ შორის, შშმ ქალთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მეტიც, შშმ ქალებს, ისევე როგორც, ზოგადად, შშმ პირებს, თითქმის არ აქვთ არანაირი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. და კიდევ ერთი: ნათია ფირაშვილის თქმით, რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებს არ აქვთ წვდომა იმ სერვისებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. მას ჩვენთან საუბარში რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:

„ყაზბეგში მცხოვრები ფსიქიკური პრობლემების პირი, რომელსაც ეკუთვნის უფასოდ მედიკამენტები, უნდა ჩამოვიდეს მცხეთაში, პოლიკლინიკაში გამოაწერინოს რეცეპტი და შემდეგ იყიდოს ეს სპეცმედიკამენტი. რეალურად, ეს ადამიანები ამ გზას არ გადიან და ის უფასო მედიკამენტი მათთვის ხელმიუწვდომელია. კიდევ ერთი მაგალითი: სოფელ სნოში აღმოვაჩინეთ ფსიქიკური პრობლემების მქონე ორი და, რომლებიც წლების მანძილზე ფარდულში ცხოვრობდნენ. მათ ჰყავდათ მეურვე, თუმცა რეალურად ისინი ვერ იღებდნენ ვერც სამედიცინო და ვერც სხვა სახის დახმარებას“.

2012 წლიდან, მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნა 4 მიმართვა შშმ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, როგორ დაისაჯნენ მოძალადეები? ერთ შემთხვევაში საქმე შეწყდა პროკურორის დადგენილებით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო...

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც გამოკვლევის ავტორები ამახვილებენ ყურადღებას, არის შშმ ქალთა მიმართ ძალადობა. ირინე ობოლაძე, იურისტი და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, სწორედ ამ თემაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს არაერთ კანონს, მათ შორის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონს“, ასევე უახლეს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფრომის აღმოფხვრის შესახებ“ და ა.შ., საქართველოში, კანონის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს თუნდაც მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე „ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან“. მაგალითად, ფონდიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012-13 წლებში ბენეფიციართა შორის არც ერთი შშმ ქალი არ ყოფილა. როგორც ირინე ამბობს, არა იმიტომ, რომ მათ მიმართ ძალადობა არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ სტატისტიკას, ის კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია:

„2012 წლიდან, მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნა 4 მიმართვა შშმ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, როგორ დაისაჯნენ მოძალადეები? ერთ შემთხვევაში საქმე შეწყდა პროკურორის დადგენილებით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, მეორე შემთხვევაში მოძალადე მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, მესამე შემთხვევაშიც შეწყდა გამოძიება. იმ ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, ეს ციფრები არ ასახავს რეალობას“, - ამბობს ირინე ობოლაძე.

ამ ფონზე საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, - მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, რეგიონალური განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროებს, - უზრუნველყონ შშმ პირთათვის განკუთვნილი სოციალურ მომსახურებათა პაკეტის გაუმჯობესება, უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები; გარდა ამისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ მართლმსაჯულების პრინციპის დაცვა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის აქტების განხორციელების შემთხვევებში.

XS
SM
MD
LG