Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის რეკომენდაციების ნახევარი არ შესრულებულა


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების 49% არ შესრულებულა. ეს შედეგი აჩვენა ომბუდსმენის მიერ 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომელიც მან ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 23 იანვარს გააცნო. მთლიანობაში, სახალხო დამცველმა 154 რეკომენდაცია გასცა, მათგან ყველაზე მეტი - მთავარი პროკურატურის სახელზე.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ რეკომენდაცია/წინადადებას არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თუ თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს ომბუდსმენის რეკომენდაციას, ვალდებულია განიხილოს ის და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს მას მათი განხილვის შედეგები. სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის თქმით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა. მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს იმ რეკომენდაციებსაც, რომლებიც გარკვეულწულად შესრულდა, თუმცა მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.

„მაგალითად, გაიცა არაერთი რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომელიც ეხებოდა გამოძიების დაწყებას. რიგ შემთხვევაშ გამოძიება დაიწყო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია რეკომენდაციების შესრულებაზე, ჩვენ ვეცადეთ ერთგვარი ტენდენციები გამოგვეკვეთა. გამოიკვეთა უწყებები, სადაც გაზრდილია საჩივრების და რეკომენდაციების რაოდენობა. ეს უწყებებია: შსს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, სასჯელაღსრულების სამინისტრო“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

გარკვეულ რეკომენდაციებზე ჩენ გვქონდა განსხვავებული პოზიცია და განსხვავებული პოზიცია, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველისგან იქნა აღქმული როგორც შეუსრულებლობა, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ დავასაბუთეთ...
მაია კვირიკაშვილი

თუკი სახალხო დამცველის ანგარიშს რიცხვებში გადავიტანთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი, 40 რეკომენდაცია/წინადადება, საქართველოს მთავარი პროკურატურას გაეგზავნა. ამათგან რვა არ შესრულდა, ცხრა რეკომენდაციაზე კი სახალხო დამცველს პასუხი საერთოდ არ მიუღია. პროკურატურის მიმართ გაცემული რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც ომბუდსმენს პასუხი არ მიუღია, ეხება გამოძიების დაწყებას სხვადასხვა დარღვევის გამო, მათ შორის: არასათანადო მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამართალდამცავი პირების ქმედებას და სხვა. მაია კვირიკაშვილის, საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის, აზრით, რეკომენდაციების გაზდილი რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ მთავარ პროკურატურაში პრობლემები დაგროვდა. მისი თქმით, რეკომენდაციების ზრდა გამოწვეულია სახალხო დამცველის აქტიურობის გაზრდით - ის ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვას მოითხოვს. მაია კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან პროკურატურის მიერ შეუსრულებელი თუ გაუზიარებელი რეკომენდაციების მიზეზებზე ამბობს:

მაია კვირიკაშვილი
მაია კვირიკაშვილი

„გარკვეულ რეკომენდაციებზე ჩენ გვქონდა განსხვავებული პოზიცია და განსხვავებული პოზიცია, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველისგან იქნა აღქმული როგორც შეუსრულებლობა, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ დავასაბუთეთ, თუ რატომ არ მოხდა რეკომენდაციების შესრულება. ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა გამოძიების მიმდინარეობისას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების შესრულებას ან გამოძიების შეწყვეტას, ასე ვთქვათ, პროცესუალურ საკითხებს“.

კიდევ ერთი უწყება, რომელმაც გასულ წელს სახალხო დამცველისგან ყველაზე მეტი რეკომენდაცია მიიღო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა. სახალხო დამცველმა გასულ წელს უწყებას 15 რეკომენდაციით მიმართა. მათგან ოთხი არ შესრულდა. რეკომენდაციები ძირითადად პატიმართა პირობებს და მათი ჯანდაცვის საკითხებს ეხებოდა. სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი ვრცლად მიუთითებს 2014 წლის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, უწყებაში ადგილი აქვს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ასევე პატიმრების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გასული წლის განმავლობაში 23 პატიმარი გარდაიცვალა, საიდანაც 5, სავარაუდოდ, სუიციდის შედეგად. ომბუდსმენმა დაწერა 18 საჩივარი, საიდანაც სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზე აღიძრა. მიუხედავად ამ მონაცემებისა, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უწყება აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველის ოფისთან და მაქსიმალურად ცდილობს ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებას:

კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

„არის ერთი პრობლემა და ვიცით, რომ ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომელზეც ძალიან ხშირად არის საუბარი სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. ეს შეძლებისდაგვარად იქნება შესრულებული. რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობის საკითხს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პენიტენციარულ სისტემაში ძალიან მაღალ დონეზე დგას - იგივე C ჰეპატითან დაკავშირებით იქნება ეს თუ ტუბერკულოზთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით მე სიღრმისეულ პრობლემებს ვერ ვხედავ, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი ისეთი გამონაკლისი შემთხვევა იყოს, სადაც საჭიროა ყურადღების გამახვილება უფრო მეტად. რა თქმა უნდა, კოლონიური ტიპის დაწესებულებაში, სადაც 1000-მდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რაღაცა ტიპის პრობლემებს ექნება ადგილი. შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, ეს პრობლემებიც გამოსწორდება“.

წელს უკვე ჩვენთვისაც პრიორიტეტული გახდა მულტიკულტურული განათლება. თუმცა ეს განათლების სამინისტროსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით ოთხ პროგრამას ვახორციელებთ...
ლია გიგაური

10 რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმა შსს-ს სახელზე. მათგან არც ერთი არ შესრულებულა. ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც ლიდერობს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების თვალსაზრისით, ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სახალხო დამცველმა გასულ წელს ცხრა რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციები ბავშვთა და განათლების უფლებებს ეხებოდა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლებასა და გოგონათა სწავლის უფლებას, რომელსაც ისინი ადრეული ქორწინების შედეგად კარგავენ. სახალხო დამცველმა გასულ წელს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდა რეაგირებისაკენ. რეკომენდაციების თაობაზე რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესაუბრა:

ლია გიგაური
ლია გიგაური

„წელს უკვე ჩვენთვისაც პრიორიტეტული გახდა მულტიკულტურული განათლება. თუმცა ეს განათლების სამინისტროსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით ოთხ პროგრამას ვახორციელებთ. რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებში ადამიანის უფლებების შელახვას, მაგალითად, ადრეული ქორწინება გოგონებში, რაც განათლების უფლებას უკარგავს მათ, ამ მიმართულებითაც თუ არ იქნება ერთობლივი მუშაობა და თუ არ იქნება ეს პრობლემა სახალხო დამცველისგან დაფიქსირებული როგორც ძალიან დიდი პრობლემა, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა და მხოლოდ სკოლის ფარგლებში ჩაკეტვა ამ საკითხს ვერ გადაჭრის“.

სახალხო დამცველის მიერ 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ომბუდსმენმა უკვე მეორედ გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, ეს პრაქტიკა სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ანგარიშს სახალხო დამცველი ყოველწლიურად იანვარში გამოაქვეყნებს ხოლმე.

XS
SM
MD
LG