Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს


ლევან პაპავა, თეიმურაზ ქორიძე

ლევან პაპავა, თეიმურაზ ქორიძე

სახალხო დამცველის აპარატში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 2016 წელს, რეგიონალური სამმართველოს ნაცვლად, შეიქმნა რეგიონალური დეპარტამენტი. ჩამოყალიბდა, ასევე, აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოები. კონკურსის წესით შეირჩა რეგიონებში სამმართველოს ხელმძღვანელები. სახალხო დამცველის აპარატსა და რეგიონალურ ოფისებში განხორციელებული ცვლილებები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნეს ზუგდიდში. აქვე წარადგინეს რეგიონის ახალი სამმართველოს უფროსიც.

საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსად ლევან პაპავა დაინიშნა. ის მედიის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ გააცნო. ქორიძის განცხადებით, სამმართველოს ახალი უფროსი, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, სახალხო დამცველის აპარატში კონკურსის წესით შეირჩა. მისივე სიტყვებით, 2016 წლის დასაწყისში სამ რეგიონში განხორციელებული ცვლილება - სახალხო დამცველის სამმართველოს შექმნა - მიზნად ისახავს რეგიონალური ოფისების გააქტიურებას.

როგორც თეიმურაზ ქორიძე განმარტავს, თუ მანამდე ადგილობრივ ოფისში შემოსული განცხადებები თბილისში იგზავნებოდა და იქიდან ხდებოდა რეაგირება, ახლა სამმართველოები ბევრად დამოუკიდებლები გახდებიან და ექნებათ საშუალება ადგილზე თვითონვე გადაწყვიტონ საკითხები:

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ, ამ გადაწყვეტილების შედეგად, კიდევ უფრო მეტად იქნება შესაძლებელი სამეგრელოში ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც აქ ადგილზე მოსახლეობას აქვს“.

სახალხო დამცველის აპარატი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში დამატებით კიდევ გეგმავს თანამშრომლების აყვანას, ასევე კონკურსის წესით. ამჟამად კი სამმართველოში ლევან პაპავა პროექტის თანამშრომელ ანა ქირიასთან ერთად მუშაობს. სამმართველოს ახალი უფროსის განცხადებით, მუშაობა გაძლიერდება სოფლებში:

„სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გააგრძელებს ზედამხედველობის გაწევას ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაზე რეგიონში. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იმ სოფლის მოსახლეობის პრობლემის შესწავლას, რომლებსაც აქამდე არ მოუმართავთ ოფისისთვის და, შესაძლოა, შედარებით ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლების შესახებ. ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გააგრძელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც აამაღლებს მოქალაქეების ცნობიერების დონეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სფეროში“.

განხორციელებულ რეორგანიზაციამდე სახალხო დამცველს რეგიონებში რწმუნებულები ჰყავდა. ამ თანამდებობას 2004 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში ბაგრატ ქირია იკავებდა. რეგიონებში სტრუქტურული ცვლილებები 17 დეკემბერს დაიწყო და იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა. ასევე, იანვარში გამოცხადდა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე. სახალხო დამცველს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 8 ოფისი აქვს. იქ, სადაც ოფისები არ ფუნქციონირებს, საკონტაქტო პირები მუშაობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG