Accessibility links

ომი და მშვიდობა საერთაშორისო მედიის რაკურსში


მაიდანი. 2015 წლის 21 ნოემბერი

მაიდანი. 2015 წლის 21 ნოემბერი

დღევანდელ ყოველკვირეულ მიმოხილვას დავიწყებთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული სტატიით, რომლის ავტორიც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსია.

საავტორო კომენტარში, რომელიც კიევში „მაიდნის“ მოვლენების მეორე წლისთავს ეძღვნება, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს შეახსენებს იმ იდეალების - ევროპული არჩევანისა და ფასეულობების - ერთგულებას, რომელთა დასაცავად კიევის ცენტრში ორი წლის წინ ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბა და რისთვისაც დღემდე იბრძვიან და იღუპებიან უკრაინელი მამაკაცები და ქალები აღმოსავლეთ უკრაინაში. „გასულ თვეში პარიზში ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ შეუძლია შიშსა და ტერორს შეცვალოს ნორმალური ცხოვრება. ყოველდღიურად სწორედ ასეთ ვითარებაში უწევდათ ცხოვრება უკრაინელებს, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში კი დღემდე ასე ცხოვრობენ“, - წერს მაღალი რანგის ლიტველი დიპლომატი ლინას ლინკიავიჩუსი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი უნდა გაუგზავნოს და აჩვენოს, რომ ევროკავშირი მათაც ეკუთვნით. „უკრაინელებს უნდა მიეცეთ იმ ოცნების აღსრულების შესაძლებლობა, რისთვისაც თავს წირავენ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ და გავხადოთ ისინი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემადგენელი ნაწილი. კიევის მაიდანზე ღირსების რევოლუციის დროს უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ იმ ფასეულობებისათვის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. დადგა დრო ახლა თავად ევროკავშირმაც დაამტკიცოს, რომ მისთვის ღირდა ასეთი თავგანწირვა“, - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გასულ კვირაში ბრიტანულ „გარდიანში“ საყურადღებო წერილი გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა. პუბლიცისტური წერილის ავტორი ყველა პაციფისტს, ყოველგვარი სამხედრო ინტერვენციისა და საომარი ოპერაციის მოწინააღმდეგე ყველა „ფანატიკოსს“ ურჩევს ერთხელ მაინც მოინახულონ გენოციდის მემორიალი რუანდაში, რათა დარწმუნდნენ, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს პოლიტიკური ექსტრემიზმის, ძალადობისა და სიძულვილის დაუსჯელობა. რამდენიმეკვირიან სამოქალაქო და ეთნიკურ ომს რუანდაში 800 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თუმცა ამ სიტყვების ავტორი მიიჩნევს, რომ არც დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების მიერ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული სამხედრო ინტერვენციაა სერიოზული შეცდომებისაგან დაზღვეული. „დადგა დრო ვაღიაროთ, რომ ერაყში სამხედრო შეჭრა შეცდომა იყო. ჩვენ ზედმეტად ვენდეთ იმ ფაქტებს, რაც ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა და რამაც გზა გაუხსნა ჩვენს ყველაზე მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს, მთელი ძალებით ჩაბმულიყო მომქანცველ ომში, როდესაც სხვაგანაც მრავალი საბრძოლველი გვქონდა“, - წერს ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ანგარიშს უწევს იმას, თუ რა ძნელია, იმავე ერაყისა და რუანდის კონტრასტულ მაგალითებზე, საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის საწინააღმდეგო თუ მხარდამჭერი არჩევანის გაკეთება. თუმცა, რადგან დარწმუნებულია, რომ ყოყმანი და უმოქმედობა, მზარდი საერთაშორისო ექსტრემიზმის არსებობის შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანია, უილიამ ჰეიგი მხარს უჭერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის, წინადადებას, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიციის რიგებში ბრიტანეთის ავიაციის მონაწილეობას ითვალისწინებს. „ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვშფოთავდეთ, რომ ამერიკის გამანადგურებელი თვითმფრინავები ანადგურებენ „ისლამური სახელმწიფოს“ კუთვნილ სანავთობე ტანკერებს, არამედ იმაზე, ადრე რომ არ მოქმედებდნენ ასე“, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი „გარდიანში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

სირიაში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „’ისლამური სახელმწიფოს’ მოწინააღმდეგეებმა უნდა განაგრძონ ზეწოლა, მაგრამ არ უნდა დაუშვან რუსეთის იზოლაცია“. სტატიის ავტორია გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასი.

დიპლომატი საფრთხის შემცველს უწოდებს რუსეთის მტრულ რეაქციას თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც ნატოს ალიანსის საგანგებო სხდომის მოწვევა მოჰყვა. თუმცა რიჩარდ ჰაასი დარწმუნებულია, რომ საქმე არ უნდა მივიდეს ორ ბანაკს შორის რეალურ ესკალაციამდე, რადგან ამით მხოლოდ ერთადერთი სუბიექტი - ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ -იხეირებს.

ამასთან, ავტორი საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რუსეთისა და თურქეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალშისაცემ მსგავსებაზე, რაც გამოკვეთილ ავტორიტარიზმსა და დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატება. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების აშკარა მხარდაჭერის მიუხედავად, დღევანდელი რუსეთი ზომით საბჭოთა კავშირის ნახევარიც არ არის, განუხრელად ეცემა მისი ეკონომიკა, რომელიც უმთავრესად ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტს ეფუძნება. „დღევანდელი რუსეთი აღარ არის ზესახელმწიფო, ამიტომ საფრთხე, რომელსაც მოსკოვი უქადის დასავლეთს, ყურადსაღებია, მაგრამ მისი გაზვიადება საჭირო არ არის“, - წერს რიჩარდ ჰაასი.

თუმცა ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ აღარც თურქეთი შეიძლება ჩაითვალოს ნატოს ისეთ მტკიცე მოკავშირედ, როგორიც ადრე იყო. „დღევანდელი თურქეთი ნომინალურად უფროა ნატოს მოკავშირე, ვიდრე სინამდვილეში. ძნელია ირონიის გარეშე ილაპარაკო იმაზე, რომ თურქეთის დღევანდელ პრეზიდენტსაც, მისი რუსი კოლეგის მსგავსად, მრავალი არალიბერალური ტენდენცია ახასიათებს. მეტიც, რეჯეპ ტაიპ ერდოანის თურქეთი არ იზიარებს აშშ-ისა და დასავლეთის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. თურქეთმა თითქმის არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აღეკვეთა მისი ტერიტორიის გავლით უცხოელი დაქირავებულების გადასვლა სირიაში, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში“, - წერს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასი. დიპლომატი მოუწოდებს აშშ-ს, ევროპას და არაბულ სახელმწიფოებს შემდგომშიც განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ არ დაუშვან მისი იზოლაცია: „ამ შემთხვევაში ორი საკითხი უნდა იყოს უმთავრესი. პირველი, რუსეთთან უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მოლაპარაკებები კოორდინირებული სამხედრო მოქმედებებით ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დასასუსტებლად. თუ ამისათვის საჭირო გახდება რუსეთის დე ფაქტო გაწევრიანება დასავლურ კოალიციაში, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრაფვის, დაე იყოს ასე. მეორე: დიპლომატიური ძალისხმევა დამასკოში ახალი ხელისუფლების მოყვანის გეგმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. სირიის ხელისუფლების სათავეში ასადის ყოფნა არ უშლის ხელს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას, მაგრამ ეს ვითარება შეუძლებელს ხდის სირიის მთავრობის სამხედრო დახმარებას და ხელს უწყობს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ განაგრძოს მებრძოლთა რეკრუტირება. რუსეთთან ურთიერთობაში ცენტრალური უნდა იყოს და მხოლოდ ის დიპლომატიური ძალისხმევა პოვებს მხარდაჭერას, რომელიც აიძულებს ბატონ ასადს რეზიდენცია მოსკოვის გარეუბანში რომელიმე აგარაკზე იქირაოს“, - წერს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასი „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG