Accessibility links

logo-print

„დაბრკოლების ზოლში“ დღეიდან გვექნება ახალი რუბრიკა, სახელწოდებით „ომი და მშვიდობა საერთაშორისო მედიის რაკურსში“. რუბრიკაში ყურადღება დაეთმობა უცხოეთის მედიაში გამოქვეყნებულ იმ პუბლიკაციებს, რომლებშიც საინტერესოდ, მრავალფეროვნად და კრიტიკულად იქნება წარმოდგენილი თანამედროვე საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკის, სამხედრო კონფლიქტებისა და სამხედრო მშენებლობის თემატიკა.


უკრაინას, როგორც საქართველოს?

თავდაპირველად თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნებულ პოლ სანდერსის სტატიას, სათაურით „როგორ უნდა მოაგვაროს აშშ-მა უკრაინის კრიზისი: მოეპყრას უკრაინას საქართველოს მსგავსად?“

სტატიის ავტორი იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის არმია, როკის გვირაბის გავლით, საქართველოში შესვლას აპირებდა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააფრთხილეს, „არ ჩავარდნილიყო ამ ხაფანგში“ და „არ შესულიყო რუსეთთან საომარ კონფრონტაციაში“. თუმცა დღეს მავანი ფიქრობს, რომ აშშ-ს შეეძლო საპირისპირო მიდგომა აერჩია უკრაინასთან მიმართებით, რაც გულისხმობს, რომ ვაშინგტონს არ უნდა შეეშალა ხელი კიევისათვის „უფრო სუსტის პოზიციიდან დაპირისპირებოდა მოსკოვის მიერ ყირიმის დაპყრობას“.

„აშშ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში - და, მათ შორის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში - მცირერიცხოვანი არ არის ის ჯგუფი, რომელიც მზად არის შეაიარაღოს უკრაინა, მაგრამ თითო-ოროლას თუ სურს ამერიკელი სამხედროების გაგზავნა ბრძოლის ველზე. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ისინი მზად არიან ებრძოლონ პუტინს უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცამდე ანდა იქამდე, სანამ არ ამოიწურება ბოლო დოლარი, რომლის გამოყოფაც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ეს თანხები ლიმიტირებულია. სამხედრო დახმარების მთლიანი მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან მხოლოდ 60 მილიონი დოლარი, რაც ვაშინგტონის საჯარო ბიბლიოთეკების 2016 წლის ბიუჯეტს უდრის, შეტევითი იარაღისათვის არის განკუთვნილი“, - წერს „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში პოლ სანდერსი, რომელსაც მიაჩნია, რომ აშშ-ის ასეთი პოლიტიკა მორალური ხასიათის ფუნდამენტურ კითხვას აჩენს:

„თუ აშშ ვერ კისრულობს ვალდებულებას წარმატებით უზრუნველყოს უკრაინის დაცვა, როგორ შეგვიძლია მაშინ მოვუწოდოთ უკრაინელებს, იბრძოლონ და დაიხოცონ ძალიან ძლიერ მეზობელთან ისეთ სამხედრო კონფლიქტში, რომლის დასასრულიც ბუნდოვანია? შევაგულიანოთ კიევის ხელისუფლება და უკრაინელები ებრძოლონ ამერიკას იმის იმედად, რომ მათ ზურგს უმაგრებს ამერიკა, როცა ეს ასე არ არის - ფუნქციურად ეკვივალენტური იქნებოდა, რომ 1956 წელს მხარი დაგვეჭირა უნგრეთის აჯანყების, ხოლო 1991-92 წლებში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ შიიტების ამბოხებისათვის და შემდეგ გვეყურებინა იმ გამანადგურებელი შედეგისათვის, რასაც ჩვენს იმედად მყოფი ესგაბედული ადამიანები მიიღებდნენ“, - წერს „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში პოლ სანდერსი, რომელსაც შექმნილ ვითარებაში აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის უფრო სწორად მიაჩნია ისეთივე ფრთხილი დამოკიდებულების გამოვლენა უკრაინის კრიზისში, როგორიც საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის წინ ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციას.

„ცივი ომის“ სასარგებლო გამოცდილება ახალი „ცივი ომის“ პრევენციისთვის

სათაურით „ომის პრევენცია ნაბიჯ-ნაბიჯ“, საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარმა თომას ფრეიარმა"European Leadership Network”-ში. სტატიის ავტორის აზრით, ნატოს, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის მიერ ბოლო ხანებში გახშირებული საჰაერო და საზღვაო მანევრები პოლიტიკოსების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან იზრდება რისკი მოწინააღმდეგეთა ძალების ერთმანეთთან დაპირისპირებისა. სტატიიდან ვიგებთ, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად „გაფართოებული ევროპის სწრაფი რეაგირების ძალების სარდლობას“ (Task Force on Cooperation in Greater Europe) გაუკეთებია განცხადება, რომელიც რუსეთსა და ნატოს შორის სპეციალური მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს. სტატიის ავტორის აზრით, იგი, ეს მემორანდუმი, უნდა დაეფუძნოს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დროს გაფორმებულა. პირველია 1972 წლის „საერთაშორისო წყლების სიღრმესა და ზედაპირზე ინციდენტების პრევენციის“, მეორე კი 1989 წლის „სახიფათო საომარი ინციდენტების პრევენციის“ შეთანხმება. მათში ჩამოთვლილი პირობების შესრულების, მათ შორის, სიგნალებისა და კოორდინატების გაცვლის პროცედურების მონიტორინგი „სპეციალური უსაფრთხოების ზონის“ (SCA) შესახებ შეთანხმებით რეგულირდებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუ მხარეები საფუძვლად აიღებენ ამ ძველ ტექსტს და მას მრავალმხრივ - ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე რუსეთის, შვედეთისა და ფინეთის ერთობლივ - დოკუმენტად აქცევენ, მაშინ „სპეციალური უსაფრთხოების ზონის“ (SCA) შეთანხმებას აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შეამციროს ესკალაციის საფრთხე“, - წერს თომას ფრეიარი "European Leadership Network”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ფეისბუკი“ - ისლამისტების რისხვა

მიმდინარე კვირაში საერთაშორისო სამხედრო საკითხებს არაერთი წერილი მიეძღვნა უცხოეთის მედიაში, მაგრამ, დროის სიმცირის გამო, მოკლედ კიდევ ერთ პუბლიკაციაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერსებულ და სოციალურ ქსელ ფეისბუკის მომხმარებლებსა და მოყვარულებს დააინტერესებთ.

ერთი კვირის წინ სტივენ სტალინსკიმ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა სტატია იმის თაობაზე, თუ როგორ ეფექტურად ამოუკვეთა ფეხიჯიჰადისტურ ჯგუფებს სოციალურმა ქსელმა „ფეისბუკმა“,მაშინ როცა ექსტრემისტები ლამის შეუზღუდავად იყენებენ თავიანთი კაცთმოძულე იდეოლოგიის გასავრცელებლად სხვა ინტერნეტპორტალებს, მათ შორის - სოციალურ ქსელ „ტვიტერს“.

„’ფეისბუკი’ არ მისცემს ჩვენი საიტის გამოყენების უფლებას ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებას, როგორიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოა“ და არ მივცემთ უფლებას არც ერთ პირს და არც ერთ ჯგუფს, გაავრცელოს ტერორისტული იდეოლოგია ანდა სადისტური მისწრაფების გრაფიკული გამოსახულება“, - განუცხადებია გასულ სექტემბერში „ფეისბუკის“ ოფიციალურ წარმომადგენელ ენდრიუ სუვალს. უნდა აღინიშნოს, რომ „ტვიტერმაც“ დადო პირობა, რომ მოაშორებდა ჯიჰადისტური შინაარსის ინფორმაციებს თავისი პლატფორმიდან, მაგრამ კომპანიის მცდელობა სამარცხვინოდ ჩაიფუშა და ვინაიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებები იქ „ყვავიან“, „ტვიტერის“ პატიოსნება კრიტიკულ შესწავლას საჭიროებსო, - წერს სტივენ სტალინსკი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG