Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ომი და სამამულო შოუ-ბიზნესის ფასეულობები


ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძე

6 აგვისტოს, რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა სპეციალური გადაცემა მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავს. ჟურნალისტმა ელენა ფანაილოვამ „საინფორმაციო შიზოფრენია“ უწოდა ახალ ამბებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და შეგვახსენა, რომ ქართული შოუ-ბიზნესის ის ვარსკვლავები, რომლებიც ხუთი წლის წინ იფიცებოდნენ, რუსეთში აღარასოდეს ჩავალთო, დღეს სიამოვნებით მონაწილეობენ რუსეთის ტელევიზიის გადაცემებში. რატომ შეიცვალა პოზიცია საქართველოს შემოქმედებითმა ელიტამ?

ოცნება მართლაც სრულდებაო - ასე დაიწყო გასული წლის მიწურულს ანდრეი მალახოვმა თავისი შოუ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე. და სწორედ ამ გადაცემას მიიჩნევს „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის კორესპონდენტი „საინფორმაციო შიზოფრენიის“ ნაწილად: ნანი ბრეგვაძე აქ მასპინძლობს რუს ჟურნალისტებს თავის მოსკოვურ ბინაში, საუბრობს კონცერტებზე, რომელსაც სისტემატიურად მართავს მოსკოვში, მერე კი გადაცემაში ბუბა კიკაბიძე გამოჩნდება - მართალია თბილისიდან, და არა მოსკოვის სტუდიიდან და, მართალია, არ ილაპარაკებს იმაზე, რატომ იფიცებოდა ხუთი წლის წინ, რუსეთში არასდროს ჩავალო, გადაცემის ავტორებმა ის ადგილი მაინც დატოვეს, სადაც ბუბა სიყვარულს უხსნის რუს ხალხს.

„ვაღმერთებ რუს ხალხს და ძალიან მენატრება რუსი მსმენელი“ - ამბობს ამ საახალწლო გადაცემაში ბუბა კიკაბიძე. მოგვიანებით საუბარში ისევ ნანი ერთვება და ამბობს:

„დრო უნდა გავიდეს ცოტა. და ის ჩამოვა თქვენთან... არაფერი კარგი არ გრძელდება დიდხანს. და ცუდიც არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.“

„ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით“ - ეს ახალი გზავნილია, რომელიც გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და რომელსაც ამკვიდრებენ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ კულტურის მუშაკები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით აქტიურობენ, რაც გასაგებია; წლების მანძილზე ქართულმა შოუ-ბიზნესმა, ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი საბჭოთა სივრცის ათვისება შეძლო, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბაზრის. სხვათა შორის, ომის შემდეგ ამ „ბაზარში“, ოღონდ რუსეთისგან დისტანციის დაცვით, ისევ ჩართეს ბუბა კიკაბიძე, როცა გადაიღეს ერთგვარი ტურისტული კლიპი ბულატ ოკუჯავას „ქართული სიმღერის“ კიკაბიძისეული ინტერპრეტაცია - „ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევით აშენებული საქართველო რუსულენოვანი მოსახლეობისთვის“. დიდი დრო არ იყო გასული მას შემდეგ, რაც კიკაბიძემ ჩაწერა სიმღერა „თქვენ მე კი არ მიღალატეთ, თქვენ იმედი გამიცრუეთ“. გულდაწყევტილმა ბუბამ უმღერა რუს კოლეგებს, ინტელიგენციას, რომელმაც აგვისტოს დღეებში თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია არ გამოხატა „საქართველოს სასარგებლოდ“.

დიახ, რუს ჟურნალისტს დღეს უკვირს, როგორ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, ასახელებს არტისტებს, რომლებიც ხუთი წლის წინ განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ რუსეთის მიმართ. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია არა მარტო არტისტების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, არამედ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაც იმ არტისტების მიმართ, რომლებმაც ომის დღეებში ასევე არ გამოხატეს თავიანთი პოზიცია ღიად და ამის გამო გაანაწყენეს საზოგადოების, ქართული საზოგადოების ნაწილი. მაგალითად, დღეს თამარ გვერდწითელი წარმატებით ატარებს კონცერტებს თბილისში და აქ ახლა უკვე ნაკლებად ახსოვთ თუნდაც 2009 წელი, როცა მოსკოვში მცხოვრებმა მომღერალმა რუს მილიციონერებს უმღერა მილიციის დღის აღსანიშნავად ჩატარებულ კონცერტზე.

გამოდის, რომ ეროვნული შოუ-ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხუთი წლის წინ მხარი არ აუბეს ომში დამარცხებულ საქართველოს და ზოგჯერ აშკარად პრორუსული, ზოგჯერ კი ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს, უფრო თანმიმდევრულნი აღმოჩნდნენ თავიანთ ფასეულობებში? იქნებ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, როცა საქმე შოუ-ბიზნესს ეხება, სწორედ ის შემთხვევაა, როცა ამბობენ, ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო? ანდა იქნებ აქ ფასეულობების დეფიციტზე შეიძლებოდეს საუბარი? აი, კიდევ ერთი მაგალითი: ომის შემდეგ ჩაწერილი კლიპი სახელწოდებით „სტოპ ვოვა“ -ავტორები თემურ რცხილაძე და ზურა დოიჯაშვილი. გახსოვთ, ალბათ...

შარშან, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ზურა დოიჯაშვილმა ინტერვიუ მისცა ინტერნეტპორტალ ambebi.ge-ს. გაირკვა, რომ „სტოპ ვოვას“ ერთ-ერთი ავტორი ექვსი თვე მოსკოვში მღეროდა. პუბლიკაციის სათაური სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორია დღეს ბატონი დოიჯაშვილის პოზიცია: „მიხეილ სააკაშვილს ცოცხს ვაჩუქებდი - მოაჯდეს და გაფრინდეს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG