Accessibility links

logo-print

13 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“. ალბომში წარმოდგენილია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დევნილთა პირადი ნივთები მშობლიური ადგილებიდან და ამ ნივთების ამბები. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თეთრი, გადაქექილი ზაფხულის ფეხსაცმელი. ღია ფეხსაცმელი. 8 წლის სოფოს ფეხსაცმელი. მარცხენა ფეხის. მარჯვენა ცალი ვეღარ იპოვა. სანამ სახლიდან გამოიქცეოდა, ოთახები შემოირბინა, მაგრამ ვერსად მიაგნო. გაგრა, რომელიც სოფომ 1992 წლის 2 ოქტომბერს დატოვა, მეორე დღეს დაეცა. ბავშვის ფეხსაცმლის ძირზე სწორედ ეს თარიღი მიუწერიათ მშობლებს პასტით, გაკრული ხელით.

ეს ერთ-ერთი პირველი ნივთია იმ ალბომში, რომელშიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების პირადმა ნივთებმა მოიყარა თავი. იმ ნივთებმა, რომლებიც მათ სახლიდან გამოქცევისას თან გამოიყოლეს. ის ნივთები, რომლებიც მათ ხელში მოხვდათ ან ნივთები, რომლებიც მათში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა. დღეს ეს ნივთები იმ წარსულის ნაწილია, რომელიც იქ დარჩა, სადაც ომი იყო, სადაც მათი სახლები იდგა.

„ეს ნივთები ჩვენი მეხსიერების ფასდაუდებელ საგანძურად იქცა“, - მეუბნება ნინო კვარაცხელია, თავადაც აფხაზეთიდან დევნილი და იმ ალბომის შექმნის იდეის ავტორი, რომელმაც ომის და მშვიდობის ნივთები გააერთიანა. „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“ ასე უწოდა მან ალბომს, სადაც 45 ექსპონატია თავმოყრილი. ალბომის შექმნის იდეა კი სპონტანურად ხუთი წლის წინ გაჩნდა:

ნინო კვარაცხელია

ნინო კვარაცხელია

„სტუმრად ვიყავი ჩემს მეგობრებთან, რომლებიც გაგრიდან დევნილები იყვნენ. ქალბატონმა სვეტამ, ოჯახის დიასახლისმა, წერილი გამოიტანა, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე აფხაზეთიდან მიიღო. აფხაზი მეზობელი წერდა ამ წერილს და ეუბნებოდა, როგორ ენატრებოდა ის საღამოები, როცა ერთად ისხდნენ და მღეროდნენ თავიანთ საყვარელ სიმღერას „ყვავილების ქვეყანა“. ამ წერილს მოაყოლა გაგრის სატელეფონო წიგნი და თქვა, რომ აი, ეს არის ერთადერთი ნივთი, რაც სახლიდან შემომრჩაო. წამოვედი სახლში და დავფიქრდი, რატომაც არ უნდა მოვუყვეთ ჩვენს თანამემამულეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ტკივილი და დარდი თუნდაც ერთი შეხედვით უბრალო ნივთების მეშვეობით. მაგრამ ესენი ხომ უბრალო ნივთები არ არიან. ესენი ჩვენი როგორც წარსულია, ისე მომავალი, რადგან ეს ნივთები გვაკავშირებს წარსულთან და, ამავე დროს, ეს ნივთი გვინდა დავაკავშიროთ მომავალთან, რომ ამ ნივთებს აუცილებლად დავაბრუნებთ თავიანთ ადგილზე, ჩვენს სახლებში“.

ნინო კვარაცხელიამ ეს იდეა თავის კოლეგასა და მეგობარს, ხათუნა ჩარკვიანს გაუზიარა და ნივთების შეგროვებაც გადაწყდა. თუმცა მეგობრები მხოლოდ ერთი ალბომის გამოცემით არ შემოიფარგლნენ. როგორც ხათუნა მეუბნება, მათი გეგმები კიდევ უფრო შორს, აფხაზეთისკენ მიდის:

ხათუნა ჩარკვიანი

ხათუნა ჩარკვიანი

„ამ ნივთების საშუალებით ჩვენ ვფიქრობთ მუზეუმის გახსნას. ეს იქნება დევნილთა მუზეუმი, სადაც შეიკრიბება ყველა ეს ნივთი და ყველა დევნილს ექნება საშუალება იქ მოიტანოს პატარა ანოტაციით ნივთები, თავიანთი სახელით და გვარით, და ვფიქრობთ, რომ გამოჩნდება ადგილი ამ მუზეუმისთვის. და ყველაზე მთავარია ის, რომ როდესაც დავბრუნდებით სოხუმში, ჩვენ ამ გამოფენას წავიღებთ სოხუმში“.

პარიზიდან ჩამოტანილი ჭოგრიტი, ძაღლის მედლები, სახლის გასაღები, საკერავი მანქანა, თოჯინა, ძველებური ტელეფონი, საათი, ჩემოდანი, ბოთლით ტყემალი, ტუჩის საცხი, ყავის საფქვავი - რა ნივთს აღარ იპოვის დამთვალიერებელი ომიდან წამოღებული ნივთების ალბომში. ამ ნივთებს კიდევ უფრო მეტ დრამატიზმსა თუ ემოციას ის თანდართული ჩანაწერები სძენს, რომლებიც ნივთების ამბავს ჰყვება. აი, მაგალითად, საათის ამბავი: აფხაზეთის ომის დროს სოფელი შრომა მთლიანად განადგურდა. ლაშას ოჯახმა სოფლიდან მხოლოდ საათი გამოიტანა. საათი სწორედ იმ დღეს გაჩერდა. 2-ის 25 წუთი - ამ დროს აჩვენებს გაჩერებული საათი. შემდეგ რამდენჯერმე სცადეს მისი შეკეთება, მაგრამ ვერაფრით აამუშავეს. ჭორფლიანი წითური რეზინის თოჯინა, სწორედ ის თოჯინა, რომელსაც თითქმის ყოველი მეორე საბჭოთა ბავშვის სათამაშოებში იპოვიდი, 3 წლის თამუნას მეზობელმა, მარა დეიდამ აჩუქა.

თავად მარა სოხუმის დატოვებისას, ჭუბერის უღელტეხილზე მომხდარი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, მედიკომ ერთი ფინჯანი ყავა დალია, ბებიის ნაჩუქარი ყავის საფქვავი ჩანთაში ჩაიდო და ერთ-ერთ უკანასკნელ გემს გამოჰყვა.

აფხაზეთიდან დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარის მოადგილე მარინა ფოჩხუა იმ წითელ ქოლგაზე გვიყვება, რომელიც მას და მის ოჯახს ჭუბერის უღელტეხილზე გადასვლაში ეხმარებოდა. წითელი ქოლგა იცავდა მათ წვიმისა და თოვლისგან და როცა საჭირო იყო, ხელჯოხის ფუნქციასაც ასრულებდა. კიდევ ერთი ნივთი, რომელიც მარინამ აფხაზეთიდან წამოიღო, მათი სახლის ეზოში ჩამოვარდნილი ჭურვისგან დამზადებული შანდალია. შანდალი მისი დის ქმარმა ორსული ცოლისთვის დაამზადა, ცოლისთვის, რომელიც სოხუმის დაცემამდე ათი დღით ადრე თბილისში სამშობიაროდ გამოაცილა, თვითონ კი სოხუმში დარჩა:

მარინა ფოჩხუა

მარინა ფოჩხუა

„როდესაც ქალაქს ბომბავდნენ და ჭურვები ცვიოდა, რა თქმა უნდა, ეს ჭურვები ჩვენს ეზოშიც ცვიოდა. ერთ-ერთი ჭურვი, რომელიც ჩვენს ეზოში ჩამოვარდა, ჩემმა სიძემ იპოვა და მასზე იყო წარწერა 1948 წელი. აიღო ეს ჭურვი და მისგან შანდალი გააკეთა. ჩემთვის ეს შანდალი სიმბოლური იყო: ჭურვიდან გაკეთდა სანთლის, სინათლის სადგამი. ჩვენ მთელი ომი სოხუმში გამოვიარეთ. მხოლოდ ჩემი და, რომელიც ორსულად იყო, 16 სექტემბერს თბილისში გამოვუშვით. სოხუმის დაცემის შემდეგ, თბილისში რომ ჩამოვედით, ჩემი და ორი კვირის დასაფლავებული დაგვხვდა. ჩემმა დამ 1993 წლის 27 სექტემბერს იმშობიარა და დაგვიტოვა ლიკა, რომლის დაბადების დღეც ერთდროულად ბედნიერებაც არის ჩვენთვის და სევდაც“.

მარინამ იმდენი მოახერხა, რომ დღეს ლიკამ, რომელსაც არასდროს უნახავს სოხუმი, ის სახლი, სადაც მისი დედა გაიზარდა, ამ სახლის შესახებ ყველაფერი იცის:

„როგორი სახლი გვქონდა სოხუმში, როგორ იყო მოწყობილი, რამდენი ძაღლი გვყავდა, სად რა ყვავილი გვედგა. ლიკამ ეს ყველაფერი იცის. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. თბილისში დაბადებულმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, საიდან არიან, სად იყო მათი სახლი, რა საოცარ ადგილას ცხოვრობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაბრუნდნენ“.

1993 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა მოსახლეობა გალს ტოვებდა, ნარგიზამ კალათაში მცირეოდენი საკვები და ჩანგლები ჩააწყო. ის ექვსი შვილით ღამის სამ საათზე გამოექცა ომს. სწორედ ჩანგლები შემორჩათ აფხაზეთიდან სამახსოვროდ ნანა გოგოხიას და მის და-ძმებს. როგორც ნანა მიყვება, იმ ღამეს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ნივთები მათი საყვარელი სახლებიდან. მას მერე ნანას დედა ამ ჩანგლებს საგულდაგულოდ ინახავს. თვითონ ნანა კი გაეროში მშვიდობის ელჩი გახდა და მისი საქმინობა უკავშირდება დევნილთა უფლებებსა და სამართლებრივ საკითხებს:

ნანა გოგოხია

ნანა გოგოხია

„ყველაფერი კარგად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება ის ღამე, როდესაც სახლიდან მოვრბოდით. ჩვენს წინ ჯარი მიდიოდა. ჩვენთან ერთად მოდიოდნენ ჩვენი მეზობლებიც. არასდროს დამავიწყდება მეზობელი, რომელსაც ურიკით მოჰყავდა თავისი 90 წლის ბებია. სამწუხაროდ, შვილიშვილიც და ბებიაც ორივე გარდაიცვალა“.

არაფერი იცოდა ალბომის შესახებ აფხაზეთიდან დევნილმა ლეილა თორიამ. ამის შესახებ მან ალბომის პრეზენტაციის დღეს, 13 ივლისს, ტელევიზიის საშუალებით შეიტყო. ბევრი არც უფიქრია, ალბომის პრეზენტაციაზე ის ერთადერთი ნივთი მიიტანა, რომელიც აფხაზეთიდან შემორჩა. ეს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონია, წარწერით, რომელიც ბაბუამ მის შვილს, ნიკას აჩუქა. დღეს არც ნიკა და არც მისი ბაბუა ცოცხლები აღარ არიან:

„ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და ეს ერთადერთი წიგნი გადარჩა. შემთხვევით ნახეს და 1995 წელს მოგვიტანეს. სახლი დაგვიწვეს, ყველაფერი განადგურდა და ერთადერთი წიგნი გადარჩა. აი, ნახეთ წარწერა: „ჩემს საყვარელ ნიკას, ჩემი სიცოცხლის გამგრძელებელს, მეორე მეს, ბაბუა მაკარისაგან“.

ნივთებს ბევრი რამის მოყოლა შეუძლიათ. განსაკუთრებით იმ ნივთებს, რომლებიც სიკვდილს გამოექცნენ და დღეს სახლებიდან შორს, უკან დაბრუნების იმედით, პატრონებთან ერთად ცხოვრობენ. ალბომი „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“ სწორედ ამის დასტურია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG