Accessibility links

logo-print

იყო თუ არა „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდება ომის დანაშაული

  • ნიკო ნერგაძე

როგორ შეიძლება დაისაჯონ აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდებაში დამნაშავეები? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ რთული სამართლებრივი საკითხის გადაჭრაასაჭირო: არის თუ არა ტრაგედია ომის დანაშაული. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ დაინტერესებული სახელმწიფოები იმის დამტკიცებას, რომ 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე თვითმფრინავი შეგნებულად იქნა ჩამოგდებული. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცალსახად დადასტურდა, დამნაშავეების გასამართლება, როგორც სამხედრო დამნაშავეებისა, გაჭირდება.

დევიდ გლეიზერმა, ლოს ანჯელესის ლოიოლას სამართლის სკოლის პროფესორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ომის დანაშაულის განსაზღვრა მარტივი საქმე არ არის.

მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ სამოქალაქო ავიალაინერის შემთხვევით ჩამოგდება ომის დანაშაულად არ ითვლება. ომის დანაშაულია ასეთი თვითმფრინავის შეგნებული ჩამოგდება. „დღეს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით კი, როგორც ჩანს, ეს ტრაგიკული შეცდომა იყო. ამ მხრივ საერთაშორისო კრიმინალურ სამართალში დიდი ნაპრალია იმ საშინელებასა, რაც მოხდა, და იმას შორის, რაც კრიმინალიზებულია“, - თქვა დევიდ გლეიზერმა.

ნიდერლანდმა, რომლის 193 მოქალაქეც დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნისას, უკრაინაში გაგზავნა გუნდი, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა თვითმფრინავის ჩამოგდება ომის დანაშაული.

თვითმფრინავის ჩამოგდება შეიძლება ომის დანაშაულად განისაზღვროს მაშინაც კი, თუ არ დამტკიცდა მისი შეგნებულად ჩამოგდების ფაქტი. კოლუმბიის სამართლის სკოლის პროფესორმა მაიკლ დოილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ომის დანაშაულის განსასაზღვრად უნდა დადგინდეს, რომ რაკეტის გასროლის წინ არავინ იზრუნა შეემოწმებინა, თუ რას ესროდნენ.

მან თქვა: „არავინ, ვისაც მე ვიცნობ, არ ამბობს, რომ ეს სუფთა ტერორისტული აქტი იყო, ანუ მათ არ ჰქონდათ განზრახული სამოქალაქო ავიალაინერის ჩამოგდება. მაგრამ ისმის კითხვა: რა სიფრთხილის გამოჩენა გევალება ადამიანს, როდესაც ამ ტიპის იარაღს ისვრის“?

თუმცა დამნაშავეების დაკავება არც მაშინ იქნება მარტივი, თუ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ომის დანაშაულს. არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრები. შესაბამისად, სასამართლოს ამ ქვეყნებზე იურისდიქცია არ გააჩნია. მართალია, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს შეუძლია განიხილოს ომის დანაშაულის შემთხვევები, თუ მას გაეროს უშიშროების საბჭო მიმართავს, მაგრამ ამ საბჭოს წევრია რუსეთი, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს უფლება ამ შემთხვევაში არ გამოიყენოს.

კიდევ ერთი გზა დამნაშავეების დასასჯელად ასეთია: ნიდერლანდს შეუძლია ომის დანაშაულისათვის ადამიანების დასჯა „უნივერსალური იურისდიქციის“ პრინციპით, მაგრამ ამისათვის მან ჯერ ეჭვმიტანილების ხელში ჩაგდება უნდა შეძლოს. მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა სტივენ რატნერმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. მისი თქმით, ან უშიშროების საბჭომ უნდა დაავალოს საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს გამოძიების წარმოება, ან ეს ადამიანები რაღაც შემთხვევით უნდა აღმოჩნდნენ სხვა ქვეყანაში, ან უკრაინამ უნდა აღადგინოს კონტროლი ამ ტერიტორიებზე და ეს ადამიანები უკრაინის სასამართლოებში გაასამართლოს. სხვა შემთხვევებში, მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი კრიმინალური სამართლის წვდომის მიღმა არიან.

სამართლის ექსპერტების აზრით, ამ ტრაგედიის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეცვალოს საერთაშორისო კრიმინალური კანონმდებლობა, რათა გათვალისწინებული იქნეს სამოქალაქო ავიალაინერის შემთხვევით ჩამოგდების შესაძლებლობა. მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს: 1983 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო კორეის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი და მოკლა ბორტზე მყოფი 269 ადამიანი, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კანონი შეიცვალა და, ცვლილების მიხედვით, სახელმწიფოს აეკრძალა იარაღის გამოყენება სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ. მანამდე მოსკოვს უფლება ჰქონდა, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, რომ ჩამოეგდო მის საჰაერო სივრცეში მოხვედრილი სამოქალაქო ავიალაინერი.

XS
SM
MD
LG