Accessibility links

logo-print

„ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა“ - ეს წარწერა გორის ქუჩებში 7 აგვისტოს გაჩნდა. წარწერები ასფალტზე შავი საღებავით არის გაკეთებული და იმ ქუჩებზეა დატოვებული, სადაც რუსული ავიაციის ბომბების კვალი დარჩა. წარწერების გაკეთების შესახებ ინფორმაცია არც ერთ ორგანიზაციას არ გაუვრცელებია, აგვისტოს ომის მერვე წლისთავის აღნიშვნა კი შინდისში დაიწყო, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩავიდნენ და შინდისის გმირების მემორიალი ხელოვნური ყაყაჩოებით შეამკეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ აგვისტოს დღეებში მშვიდობის კვირეულს მართავს, ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ სოსიაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად გაზეთ „პრაიმტაიმის“ ცნობილ „ყაყაჩოების“ აქციას შეუერთდნენ.

ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური ამბობს, რომ აუცილებელია ახალგაზრდებს ახსოვდეთ ეს დღე და იმ მებრძოლების გმირობა, რომლებმაც სოფელ შინდისთან რუსეთის 58-ე არმიას წინააღმდეგობა გაუწიეს და ბრძოლის ველზე დაიხოცნენ.

მთელი დღის განმავლობაში შინდისის მემორიალთან შინდისელები და მეზობელი სოფლების მცხოვრებნი მიდიოდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ. ომარ გიორგაშვილი მემორიალთან 3 წლის შვილიშვილთან ერთად მივიდა. მისი აზრით, მომავალმა თაობამ ქართველი გმირების შესახებ მეტი უნდა იცოდეს.

აგვისტოს ომის მერვე წლისთავი გორში

აგვისტოს ომის მერვე წლისთავი გორში

საქართველოს ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აგვისტოს ომის მერვე წლისთავს დღეს აღნიშნავენ. დილიდან ქალაქის საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გორში არსებული საბრძოლო დიდების მონუმენტები, ძირითადი ღონისძიებები კი სოფელ შინდისში გაიმართება, სადაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG