Accessibility links

logo-print

"დრო ყველაფრის მკურნალი არ არის"


8 აგვისტო შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალთან

8 აგვისტო შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალთან

მეუღლე, ძმა, მაზლი, ბიძაშვილი - 8 წლის წინ ანა სამადალაშვილი ომში წასულ ოჯახის წევრებს ეძებდა. მეუღლე უკან აღარ დაბრუნებულა. ტანკი 406 ნომრით, რომელშიც ზაზა ბირთველიშვილი იჯდა, ცხინვალში პირველი შევიდა. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს, უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაღუპულად გამოაცხადა. ანამ თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მისმა ვაჟმა თამაზ ბირთველიშვილმა კი, მამის მსგავსად, ჯარში საკონტრაქტო სამსახური აირჩია. ანა სამადალაშვილი ამბობს, რომ 8 წლის წინანდელი ამბები მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმედ გასახსენებელია.

ანა სამადალაშვილი, სხვა ჯარისკაცებთან ერთად, დღეს თავდაცვის სამინისტროს მე-5 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მისულ თავდაცვის მინისტრს უსმენდა. ლევან იზორიამ ჯარისკაცებთან შეხვედრამდე გორში არსებული აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წინაშე პირობა დადო, რომ მათთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძოლებს და სახელმწიფოს კურსს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გააგრძელებს. იზორიამ გორში ილაპარაკა ჯარში არსებულ აღჭურვისა და კვების პრობლემებზე და განაცხადა, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და პოლიტიკოსებთან პოლემიკისთვის არ სცალია.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე აფხაზებსა და ოსებს გორიდან სამშვიდობო გზავნილით მიმართა. მისი თქმით, სახელმწიფო მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნებს და პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს. მისი აზრით, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს უნდა გააცნობიერონ, რომ გამალებული რუსიფიკაციის ფონზე იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ განვითარებული საქართველოს პირობებშია შესაძლებელი.

8 აგვისტო შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალთან

8 აგვისტო შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალთან

მთელი დღის განმავლობაში შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალთან ადამიანების რიგი არ წყდებოდა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. 17 ქართველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ორი დღეა შინდისში ჩადიან პოლიტიკოსები, სამოქალქო აქტივისტები, იძულებით გადაადგილებული პირები. მემორიალიდან შორს, ჰორიზონტზე, ჩანს განადგურებული სოფელი ერედვი. მემორიალთან მისული კოდაში მცხოვრები ერედველები დღეს საკუთარი სოფლისკენ იყურებოდნენ. ავქსენტი რომელაშვილი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ უარესობისკენ იცვლება ვითარება და საკუთარ სოფელში დაბრუნების იმედიც ნელ-ნელა ქრება.

იძულებით გადაადგილებული ვაჟა მიდოდაშვილის აზრით, დრო ყველაფრის მკურნალი არ არის. 8 წლის შემდეგ ის ისევ მოგონებებით ცხოვრობს და ახსენდება საკუთარი კარ-მიდამოს თითოეული დეტალი.

აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება, გორში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით მშვიდობის კვირეული მიმდინარეობს, 11 აგვისტოს კი კიდევ ერთხელ გაიხსენებენ შინდისის ბრძოლის გმირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG