Accessibility links

logo-print

ბოსნია-ჰერცეგოვინის გაკვეთილები ქართველებისა და ოსებისთვის


შეხვედრა პარლამენტში

შეხვედრა პარლამენტში

ერთი კვირის განმავლობაში, ევროსაბჭოს მიწვევით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ჯგუფი ადგილობრივი კონფლიქტის ისტორიას და მისი გადაწყვეტის გზებს ვეცნობოდით. 1992-95 წლებში ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამი ეთნიკური ჯგუფი -ბოსნიაკები, სერბები და ხორვატები - ერთმანეთს დაუპირისპირდა. მარტო სარაევოში ათასობით ბავშვი დაიღუპა. ამ ქვეყანაშია ქალაქი სრებრენიცა, სადაც ომის დროს სერბიული სამხედრო შენაერთების წარმომადგენლებმა 700-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მხოლოდ წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის გამო დახვრიტეს. სრებრენიცას ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სისხლიან მკვლელობადაა აღიარებული. 1995 წელს, საერთაშორისო თანამეგობრობისა და NATO-ს ჩარევის შედეგად, კონფლიქტის მხარეები დეიტონში (აშშ, ოჰაიო) შეთანხმდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე შექმნილიყო ორი თანასწორი ერთეული. ჩამოყალიბდა ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია ტერიტორიის 51%-ით და სერბთა რესპუბლიკა (49%). ასევე შეიქმნა ბრჩკოს ავტონომიური ერთეული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობით სარგებლობს. ბოსნიას და ჰერცეგოვინას სამპრეზიდენტიანი მმართველობა აქვს, თითოეული ვეტოს უფლებით. 1995 წლის შემდეგ, რაც აქ ნატოს ძალები შემოვიდნენ, არც ერთი სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. ბოსნიელები მშვიდობის დასამყარებლად სამ მიმართულებას გამოყოფენ. პირველი - ქალაქებს შორის გადაადგილების თავისუფლება (თავიდან საერთაშორისო ძალების გაცილებით ხდებოდა ტრანსპორტის გადაადგილება, მაგრამ ახლა სრული თავისუფლებაა); მეორე - საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა და მესამე - დევნილთა დაბრუნება და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევა.კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა კი ნდობის აღდგენას ხელი შეუწყო. ამ ცვლილებებით ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თანასწორობა გამოცხადდა. სამხედრო დამნაშავეები ჰააგის ტრიბუნალის მიერ გასამართლდნენ. მართალია, აქ ამჟამად ბოლომდე სტაბილურობა არ არის, მაგრამ ბოსნია-ჰერცეგოვინას კურსი ევროკავშირისკენ არის მიმართული. მიღებული აქვს ნატოს სამოქმედო გეგმა (MAP). ადგილობრივი მოხელეებიც არ მალავენ, რომ გაზრდილი ბიუროკრატია და კორუფცია ამ სახელმწიფოს მთავარ გამოწვევად რჩება. გვქონდა შეხვედრები საჯარო მოხელეებთან, ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. აქაურები წარსულზე საუბარს გაურბიან, აღარ იხსენებენ ომის დეტალებს, მხოლოდ იმას ამბობენ რომ ივიწყებენ წარსულს და მომავალზე ფიქრობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციის პარლამენტის სპიკერი ფეჰიმ შკალიჩი ამბობს, რომ ახლა დრო ბოსნიის მთავარი მოკავშირეა, დრო მშვიდობის და ტკივილების დავიწყებისაო.

მთავარი პრობლემები მაინც განსხვავებული გვაქვს. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკას და ხალხის კეთილდღეობას, ამ მხრივ მდგომარეობა ერთნაირია. პრობლემების მოგვარების გზებზე, რომლებიც შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ, საუბარი არ ყოფილა...
„ცხოვრება გასწავლის, რომ ყოველთვის წინ უნდა იყურო. ადამიანები ვალდებულნი ვართ წინ ვიყუროთ და არავის მივცეთ უფლება უკან დაგვაბრუნოს. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვცხოვრობთ და როგორ პირობებში. ჩვენ გვაქვს საერთო, რისი წაშლაც შეუძლებელია. დღესაც ხშირია მანიპულაცია განსხვავებული აღმსარებლობის თემით, მაგრამ ღმერთი ხომ ერთია და თუ მჯერა, რომ ყველაფერი მისი შექმნილია, რა უფლება მაქვს ვინმეს ან რამეს ვეწინააღმდეგებოდე“, - თქვა ჩვენთან შეხვედრისას ფეჰიმ შკალიჩმა.

ავტობუსით მოვიარეთ რამდენიმე ქალაქი. სარაევოს გარდა, ვნახეთ სერბთა რესპუბლიკის მთავარი ქალაქი ბანია ლუკა, ხორვატულ-ბოსნიური ძველი ქალაქი მოსტარი, რომელსაც ომის კვალი ახლაც ემჩნევა. ქართველები და ოსები ავტობუსშივე ვუზიარებდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ელენა ჯიოევამ კავკასიურ და ბალკანურ კონფლიქტებს შორის მსგავსება დაინახა, მაგრამ უფრო მეტი განსხვავება აღმოაჩინა:

„მთავარი პრობლემები მაინც განსხვავებული გვაქვს. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკას და ხალხის კეთილდღეობას, ამ მხრივ მდგომარეობა ერთნაირია. პრობლემების მოგვარების გზებზე, რომლებიც შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ, საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, საერთო ჯამში, საინტერესოა“.

დამოუკიდებელი მკვლევარი მედეა ტურაშვილი კონფლიქტებს შორის პარალელებს ავლებს. მისი აზრით, გარკვეული გამოცდილების მიღება ბოსნია-ჰერცეგოვინიდანაც შეგვიძლია.

ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი მოვლენაა. ჩაკეტილი საზღვრები და ურთიერთობების გაწყვეტა ადამიანებს შორის არის ყველაზე უფრო არასასურველი ვითარება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია ქართველებისთვისაც და ოსებისთვისაც...
„ძალიან აშკარაა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ქვეყანას ვერ შექმნი. თუ მუდმივად დაყოფ საზოგადოებას ეთნიკური ნიშნით, ეს განვითარებაში ბარიერებს შეგიქმნის. ბოსნია ამის კლასიკური მაგალითია. მიუხედავად ძალიან სისხლისმღვრელი და სასტიკი ომისა, რომელიც ამათ გამოიარეს, მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დროა უკვე ამას წერტილი დაესვას. ფიქრობენ იმაზე, რომ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ნდობა აღდგეს და ამ ნდობაზე ააშენონ ქვეყანა. შეიძლება ეს ორი მომენტი ჩვენც გამოგვადგეს და აქტუალურია ჩვენთვისაც“, -ამბობს მედეა ტურაშვილი.

ცხინვალელ პოლიტოლოგს დინა ალბოროვას ამ ქვეყნის გაცნობისას კითხვები უფრო მეტი დაუგროვდა:

„ბევრს საუბრობენ ნდობაზე და იმაზე, რომ წინ უნდა ვიყუროთ. მაგრამ მგონია, რომ ბოსნიის მაგალითზე უფრო იოლია ნდობაზე ლაპარაკი, რადგან ჰააგის ტრიბუნალმა სამხედრო დამნაშავენი გაასამართლა და ამით შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობა გაამარტივა. მეორე მომენტი ჩემთვის ის არის, რომ ბოსნიის გარშემო ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ ან მისკენ მიდიან“.

საქართველოში ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის განათლების პროგრამის ოფიცერი ირაკლი ქობალია აღნიშნავს, რომ ასეთი შეხვედრებისგან დიდ გარღვევებს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ როგორც ქართველებისთვის, ისე ოსებისთვის ასეთი ვიზიტების დროს პირდაპირი დიალოგის გამართვა სასარგებლოა.

„ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი მოვლენაა. ჩაკეტილი საზღვრები და ურთიერთობების გაწყვეტა ადამიანებს შორის არის ყველაზე უფრო არასასურველი ვითარება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია ქართველებისთვისაც და ოსებისთვისაც. ამ შეხვედრის ამოცანაც ეგ არის. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, რაზე ფიქრობენ ოსები და მათ შეუძლიათ დაინახონ, რომ ქართველებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა სავსებით შესაძლებელია. კარგია, რომ ოსები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ რეალურად თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია უზრუნველყო ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და ის ვექტორი, რომელიც მათ დღეს აქვთ, ნამდვილად ვერ აქცევთ წარმატებული სამყაროს ნაწილად“, -აცხადებს ირაკლი ქობალია.

მიუხედავად სისხლისღვრისა, დღეს ერთად ვცხოვრობთ და საერთო პრობლემები გვაქვს. მოგზაურობისას თქვენ შეხვდით განსხვავებულ ადამიანებს, რომლებსაც საერთო იმედი, სურვილები და ოცნებები აქვთ. ჩვენი მიზნი იყო თქვენთვის გვეჩვენებინა, რომ ერთად ცხოვრება შესაძლებელია...
ევროსაბჭოს წარმომადგენელი იგორ გაონი ამბობს, რომ ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტების სარაევოში მიწვევით, ამ ორგანიზაციას იმის თქმა უნდოდა, რომ მიუხედავად დიდი სისხლისღვრისა, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა შერიგება და თანაცხოვრება მოახერხეს და ეს შეიძლება კავკასიელებისთვისაც გაკვეთილად იქცეს.

„პირველი მომენტი ერთმანეთთან როგორც კოლეგების და მეგობრების შეხვედრაა. ამ ხუთმა დღემ აჩვენა, რომ შეგიძლიათ ერთმანეთს ენდობოდეთ და ურთიერთობა მომავალშიც განაგრძოთ. მეორე მომენტი ის არის, რომ გვსურდა გვეჩვენებინა, რამდენად კომპლექსურია ბოსნიაში არსებული სიტუაცია. მიუხედავად სისხლისღვრისა, დღეს ერთად ვცხოვრობთ და საერთო პრობლემები გვაქვს. მოგზაურობისას თქვენ შეხვდით განსხვავებულ ადამიანებს, რომლებსაც საერთო იმედი, სურვილები და ოცნებები აქვთ. ჩვენი მიზნი იყო თქვენთვის გვეჩვენებინა, რომ ერთად ცხოვრება შესაძლებელია“, - ამბობს იგორ გაონი.

კავკასიურ და ბალკანურ კონფლიქტებს შორის მსგავსი დეტალები არის, მაგრამ განსხვავება უფრო დიდია. ყველაზე დიდი განსხვავება, ალბათ, მაინც ისაა, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთია, რომელიც მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვით ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენისთვის ბარიერებს ქმნის, ბოსნია-ჰერცეგოვინას კი ევროკავშირი ემეზობლება. იქ კონფლიქტის მოგვარება საერთაშორისო თანამეგობრობამ სწორედ გზების გახსნით დაიწყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG