Accessibility links

logo-print

გენადი ონიშჩენკოს „სვლა მხედრით“ და ქართველი მეღვინეების უშრეტი ოპტიმიზმი


გენადი ონიშჩენკო

გენადი ონიშჩენკო

რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსი გენადი ონიშჩენკო იწუნებს რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციის 28 ნიმუშს და მათ რუსულ ბაზარზე შესვლის ნებართვას არ აძლევს. როგორც გენადი ონიშჩენკო ეუბნება „ინტერფაქსს“, ეს ყველაფერი აიძულებს ეჭვი შეიტანოს ქართული მხარის სურვილში დაამყაროს გრძელვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა, რომლის საფუძველი იქნება რუსეთის ბაზრისთვის სტაბილურად ხარისხიანი ღვინის მიწოდება. საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ჯერ არ შეფერხებულა, პოლიტიკის ექსპერტები კი კვლავ ბიზნეს და პოლიტიკურ რისკებზე ლაპარაკობენ.

რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსის გენადი ონიშჩენკოს სიტყვებით, საქართველოში ღვინის ყველა მწარმოებლისთვის არ იქცა გაკვეთილად მრავალი წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია, ამის თქმის საფუძველს კი გენადი ონიშჩენკოს, მისივე შეფასებით, იმ უარყოფითი დასკვნების სიმრავლე აძლევს, რომელიც რამდენიმე ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიას მისცეს. გენადი ონიშჩენკოს სიტყვებით, დაწუნებული ქართული პროდუქცია მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ”ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გვაიძულა ეჭვი შევიტანოთ ქართული მხარის სურვილში დაამყაროს ხანგრძლივი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა, რის საფუძველიც იქნება რუსეთის ბაზრისთვის სტაბილურად ხარისხიანი ღვინის მიწოდება”, - განაცხადა ონიშჩენკომ. მანვე თქვა, ეს გვაფიქრებინებსო, რომ „შესაძლოა გადაიხედოს ჩვენი დამოკიდებულება ქართული მხარის განზრახვისადმი დაამყაროს საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა”. მისივე შეფასებით, ქართული პროდუქციის დაწუნებული სახეობების რაოდენობის გაზრდის ფონზე, სიტუაცია სულ სხვაგვარია ”აფხაზეთის სახელმწიფოსთან” მიმართებით. ონიშჩენკოს ინფორმაციით, აფხაზეთი რუსეთის ბაზარს აწვდის ალკოჰოლურ პროდუქციას, რომლის ხარისხისადმი სერიოზული პრეტენზიები არ არსებობს.

უნდა მიიღონ თუ არა ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა გენადი ონიშჩენკოს ეს სიტყვები იმის მანიშნებლად, რომ შესაძლოა ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი ისევ დაიხუროს? ამ კითხვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აქ საუბარი არ არის ღვინის ხარისხზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როცა სახელმწიფო რეგისტრაცია ტარდება, ღვინო იყოს ამ სტანდარტის შესაბამისი, რომელიც ბევრ შემთხვევაში სპეციფიკურია. ბევრ შემთხვევაში ქართული სტანდარტები ემთხვევა რუსულს. ლევან დავითაშვილის სიტყვებით, ქართული ღვინის ნებისმიერი პარტია რუსულ ბაზარზე შესვლამდე ორგზის მოწმდება: ერთხელ საქართველოში - სერტიფიკატის მისაღებად და მეორედ უკვე რუსეთში - სახელმწიფო რეგისტრაციის მისაღებად. და ქართული ღვინო ხარისხიანია, ამბობს ლევან დავითაშვილი.

„შეფერხება არ არის ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის მიმართულებით და მე იმედს გამოვთქვამ, რომ არც მომავალში იქნება შეფერხება. რაც შეეხება ამ 28 პროდუქტს, სახელმწიფო რეგისტრაცია საკმაოდ გრძელი პროცესია. 630-ზე მეტი პროდუქტი რეგისტრირებულია. თუ 630-ზე მეტი პროდუქტიდან 20-ზე ცოტა მეტზე იყო შენიშვნა, ამ შენიშვნების ნაწილი გამოსწორებული იქნა, ხელმეორედ იქნა წარდგენილი რეგისტრაციაზე და აქედან ბევრმა პროდუქტმა მიიღო ისევ სახელმწიფო რეგისტრაცია და ეს კომპანიები შეუფერხებლად ახორციელებენ რუსეთის მიმართულებით ექსპორტს და ერთადერთი, შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ეს პროცესი და ექსპორტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

მათმა გარკვეულმა გავლენამ, მათ შორის, ამ სავაჭრო ბერკეტით, შეიძლება ხელი შეუწყოს ნინო ბურჯანაძის რეიტინგის ზრდას, რადგანაც დღეს გიორგი მარგველაშვილით და „ოცნებით“ უკმაყოფილო ხმები მიდის ბურჯანაძესთან...
ლევან დავითაშვილის სიტყვებით, ყველა კომპანია, რომელსაც რუსულ ბაზარზე შესვლა სურდა, რუსეთის ექსპერტებმა მოინახულეს. შემოწმების აუცილებლობა მომავალშიც შეიძლება გაჩნდეს, შეიძლება იყოს შენიშვნებიც და განმეორებითი შემოწმების აუცილებლობაც, ამბობს ლევან დავითაშვილი, რომლის სიტყვებითაც, ამ დრომდე უკვე 9 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში და მის ექსპორტს, ამჟამინდელი შეფასებით, საფრთხე არ ემუქრება“.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მას არ სურს თავისი მანდატიდან გამოვიდეს და ონიშჩენკოს პოლიტიკურ სურვილებსა და ზრახვებზე ილაპარაკოს. ის მხოლოდ პროცედურებზე საუბრობს. რაც შეეხება პოლიტიკურ ზრახვებს და სურვილებს, ამაზე „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რუსეთის ხელთ ყოველთვის არის გარკვეული ბერკეტები, რომლითაც, როცა დასჭირდებათ, მანიპულირებენ. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი რუსული ბაზარია და მისი შესაძლო დახურვის თემაა. ელენე ხოშტარიას სიტყვებით, არ არის გამორიცხული, რუსული ბაზრის დახურვაზე საუბრის გააქტიურება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს და ემსახურებოდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გაძლიერებას.

რაღაცები ხდება უკრაინასთან მიმართებით; აი, მოლდავეთს აგერ ღვინო ჩაუკეტეს; გუშინ ლიტვური რძის პროდუქტებში აღმოაჩინეს მძიმე ლითონები. ეს, როგორც ჩანს, ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია. აი, რადგან ლიტვა და ვილნიუსი გამოჩნდა, კაცს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, გონივრული ეჭვი...
„მათმა გარკვეულმა გავლენამ, მათ შორის, ამ სავაჭრო ბერკეტით, შეიძლება ხელი შეუწყოს ნინო ბურჯანაძის რეიტინგის ზრდას, რადგანაც დღეს გიორგი მარგველაშვილით და „ოცნებით“ უკმაყოფილო ხმები მიდის ბურჯანაძესთან. ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე და პლუს ვაჭრობა და ეს რუსეთთან ურთიერთობის თემა აქვს ატაცებული ბურჯანაძეს, როგორც ადამიანს, რომელსაც ვითომ შეუძლია მოაგვაროს ეს ურთიერთობები, რაც, რა თქმა უნდა, არის ტყუილი, მაგრამ, „ოცნებით“ უკმაყოფილებისა და იმავე „ოცნების“ რუსეთთან ურთიერთობის უშედეგობის ფონზე, ეს ადამიანების არჩევანზე გარკვეულ გავლენას მოახდენს“.

ის, რომ პოლიტიკური და ბიზნესრისკები რუსეთის ბაზარზე არსებობდა, ცნობილია ყველასთვის, ამბობს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მისი სიტყვებით, ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრისას, დეკემბერში, ამ თემასაც შეეხება, მაგრამ, მისივე სიტყვებით, ილუზია არავის ჰქონია, რომ საქმე მარტივად იქნებოდა და ზურაბ აბაშიძისთვის არც ონიშჩენკოს განცხადებებია სენსაციური, თუმცა ამის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და იმ პოლიტიკურ კონტექსტზეც საუბრობს, რომელმაც, შესაძლოა, ონიშჩენკოს მსგავსი განცხადების გაკეთება განაპირობა:

„აი, ასეთი მოცემულობაა: რაღაცები ხდება უკრაინასთან მიმართებით; აი, მოლდავეთს აგერ ღვინო ჩაუკეტეს; გუშინ ლიტვური რძის პროდუქტებში აღმოაჩინეს მძიმე ლითონები. ეს, როგორც ჩანს, ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია. აი, რადგან ლიტვა და ვილნიუსი გამოჩნდა, კაცს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, გონივრული ეჭვი, რომ რაღაც ვილნიუსის სამიტთან ხომ არ არის დაკავშირებული. ვიმეორებ, რომ ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ, შესაძალოა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი“.

საქართველოში იმედოვნებენ, რომ რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის არ დაიხურება. თუმცა, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ამბობს, ქართველი მეღვინეებისთვის რუსული ემბარგოს გამოცდილება გაკვეთილი იყო და სწორედ ამ გაკვეთილის გამო ქართული ღვინო მსოფლიოს 45 ქვეყანაში წარმატებით იყიდება.
XS
SM
MD
LG