Accessibility links

logo-print

საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შედგება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ საუბარს ითხოვს. მიმართვა ახალი პრემიერ-მინისტრისადმი ოპოზიციურმა პარტიებმა 4 იანვარს შეიმუშავეს. იმის შესახებ, თუ საარჩევნო ცვლილების რომელ მოდელს შესთავაზებენ ოპოზიციური პარტიები გიორგი კვირიკაშვილს, მათ ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. გარდა პრემიერ-მინისტრისა, ოპოზიციური პარტიები წერილს გზავნიან ვენეციის კომისიაშიც.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამისათვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან“... საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ეს სიტყვები გახდა საბაბი იმისა, რომ მას წერილს უგზავნის 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომლებიც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე უკვე წელიწად-ნახევარია მუშაობენ. მიმართვის ტექსტი 4 იანვარს კოლეგებს გააცნო ზურაბ ხარატიშვილმა, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის": „მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე თქვენს მზადყოფნას უახლოეს მომავალში დაიწყოთ შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან. ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად“.

მართალია, ოპოზიციურმა პარტიებმა 4 იანვარს ჟურნალისტებთან არაფერი თქვეს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის მოდელს შესთავაზებენ ახალ პრემიერ-მინისტრს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის, მაგრამ მათი მიზნები და მისწრაფებები რამდენიმე თვეა ცნობილია როგორც საკანონმდებლო ორგანოსათვის, ისე საზოგადოებისთვის. ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მოთხოვნაასაარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის ჩანაცვლება სამხარეო პროპორციული სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, უარი თქვა ესაუბრა გიორგი კვირიკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შინაარსის დეტალებზე, ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრთან გასაუბრება გაცილებით მეტ ნაყოფს გამოიღებს, ვიდრე მის წინამორბედთან:

„საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვექნება საუბარი ბატონ კვირიკაშვილთან. საუბარი იქნება როგორც საარჩევნო სისტემაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რომელიც არის საარჩევნო გარემოს შემადგენელი ნაწილი. აუცილებლად შევთავაზებთ კონკრეტულ მოდელს კვირიკაშვილს და თქვენ, ჟურნალისტებს, ამის შესახებ მაშინ გეტყვით, როცა შეხვედრიდან გამოვალთ. პრემიერი კვირიკაშვილი გაცილებით უფრო ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, გაცილებით უფრო შედეგზე ორიენტირებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი პრემიერობის პირველი დღეებიდან გამომდინარე, ვიდრე მისი წინამორბედი და, მით უმეტეს, მისი წინამორბედი“.

მე მგონი, რომ მათ არ ექნებათ პერსპექტივა და, მე მგონი, ის დროა, რომ მათ მზადება დაიწყონ არჩევნებისათვის იმ სისტემით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ და ვენეციის კომისიამ თავისი მოსაზრება უკვე გამოხატა...

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტული შედეგების იმედი აქვს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი ახვლედიანს. მისი თქმით, დღეს საქართველოს აქვს ერთმნიშვნელოვნად არასამართლიანი, არაობიექტური საარჩევნო სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის:

„რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია არჩევნებამდე 11 თვით ადრე, მაქსიმალურად უნდა გადავარჩინოთ. აი, ამ მხრივ, ვნახავთ, არსებობს თუ არა ახალი პრემიერ-მინისტრის მზაობა, თორემ ძველი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ მზაობა და ნება ამ მიმართულებით რომ არ არსებობს, ეს ისედაც კარგად ჩანს, რადგან თუ არა მაჟორიტარული სისტემა, მათ 2016 წელს პარლამენტში შესვლის შანსი აღარ აქვთ. ვნახოთ, როგორ აზრზე დგას ბატონი პრემიერი“.

საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფისათვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო. „დაჩეხილი საქართველო“ - ასე უწოდებს ამ ცვლილებას მამუკა კაციტაძე. ცვლილების მიხედვით, 2016 წლისათვის ახლებურად განისაზღვრება საარჩევნო ოლქების საზღვრები და ოლქები და ეს ისე განხორციელდება, რომ ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება. 73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაემთხვევა, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, დედაქალაქში კი, ამჟამად არსებული 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიმართვას გიორგი კვირიკაშვილისადმი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებისათვის მზადება ურჩია, ხოლო მათი მოთხოვნები საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით უპერსპექტივოდ მიიჩნია:

„მე მგონი, რომ მათ არ ექნებათ პერსპექტივა და, მე მგონი, ის დროა, რომ მათ მზადება დაიწყონ არჩევნებისათვის იმ სისტემით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ და ვენეციის კომისიამ თავისი მოსაზრება უკვე გამოხატა“.

გარდა ახალი პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვისა, ინტერპარტიული ჯგუფი წერილს ამზადებს ვენეციის კომისიის მისამართითაც, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად უერთდება საპარლამენტო ოპოზიციაც. გიორგი ახვლედიანის თქმით, ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული წერილის ზუსტი შინაარსი, თუმცა, ზოგადად, ის შეეხება ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG