Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. პროექტის მიხედვით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე მეტია. დოკუმენტი არ მოსწონთ ოპოზიციის წარმომადგენელებს და ამბობენ, რომ ზოგიერთი სფეროს დაფინანსება გაუმართლებლად არის შემცირებული.

2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი ოდნავ ნაკლებია.

დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 800 მილიონ 250 ათას 500 ლარი გადანაწილებულია ტრანსპორტზე, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ეკოლოგიაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ბინათმესაკუთრეებზე, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, განათლებაზე, კულტურაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და თბილისის წრმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებზე.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ბიუჯეტის ამ პროექტში ხარვეზებს ხედავს. მაგალითად, დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული:

„ეს ბიუჯეტი არ არის ქალაქის პრობლემების ადეკვატური. ბიუჯეტი ის არის, როდესაც კარგად ხედავ ქალაქის პრობლემებს და ზუსტად პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებ ბიუჯეტს. აქ ეს არ ჩანს“.

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრანსპორტი და პარკირებაა, რომელსაც, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, არასათანადო ყურადღება ექცევა. მისი აზრით, ასევე მცირეა თანხა ავარიული სახლების გარემონტებისთვის:

„ბიუჯეტი არის მხოლოდ 34 სახლის გამაგრებაზე. ეს სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამას წინათ ტელეგრაფის ჩიხში [შენობა] ჩამოინგრა. კიდევ კარგი, დღისით მოხდა, ხალხი შიგ არ იყო და გადარჩნენ, მაგრამ როდემდე შეიძლება ღვთის იმედად ვიყოთ?“

ავარიული სახლების პრობლემა რომ მნიშვნელოვანია, ამას საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ სიით, ჯაბა სამუშიაც ამბობს. მისი თქმით, თუ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევა, სასურველია ამ მიმართულებას მიეხედოს:

„თუ ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნება სერიოზული მხარდაჭერა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო გავაგრძელოთ, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

თუმცა ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ, საერთო ჯამში, ბიუჯეტში თანხა კარგად არის გადანაწილებული:

„მოცემულ მომენტში ეს არის მაქსიმუმი, რისი წარდგენაც შეუძლია ქალაქის მთავრობას, რადგან რესურსის მხრივ ჩვენ შეზღუდულები ვართ“.

ოპოზიციის დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ სხვადასხვა საკითხზე, რასაც, მათი აზრით, მერიამ მეტი რესურსი უნდა დაუთმოს. მათ შორის არის გამწვანების პრობლემა. როგორც ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, თუ მერიას ამ საკითხის მოგვარება უნდა, დეტალური გეგმა უნდა შეიმუშაოს.

საკრებულომ თბილისის მერიას ბიუჯეტის პროექტის მიმართ შენიშვნები 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ქალაქის მთავრობა შესწორებებზე მჯელობას დაიწყებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG