Accessibility links

logo-print

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 200 000 ხმის შეგროვებას იწყებს


საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები

12 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლას 200 000 ხელმოწერის შეგროვებით და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღწევით შეეცდება. 8 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეკრებილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა ათკაციანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც პარლამენტმა უნდა დაარეგისტრიროს. სწორედ ამ ჯგუფს დაევალება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება. ოპოზიციის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

ხელისუფლებას არ ესმის ოპოზიციის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, არ სურს გაიზიაროს მათი აზრი უვარგისი საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე - ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ 8 სექტემბერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო 12 პარტიის შეხვედრის წინ გააკეთა. მისი თქმით, დროა, „დაყრუებულ“ ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონონ:

მამუკა კაციტაძე

მამუკა კაციტაძე

„საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ორი გზა არსებობს, ეს არის ან 76 დეპუტატის ხელმოწერით პროცედურის დაწყება ან პროცედურის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით დაწყება. რადგან ხელისუფლება დაყრუვდა და ჩვენი არ ესმის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმა გავაგონოთ. ამიტომ მივმართავთ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მეორე გზას და მივმართავთ პარლამენტს რათა 200 000 ხელმოწერის შეგროვების პროცედურა დავიწყოთ. იქნებ საქართველოს ამომრჩევლის ხმა მაინც შევასმინოთ ამ ხელისუფლებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას გაურბის და კვლავ აპირებს მანდატების მოპარვით მომავალ პარლამენტში უმრავლესობის მიღებას“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებითაც, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მათ პოზიციას საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე მხარს მათ გარდა არავინ უჭერს. ამის საჩვენებლად დაიწყება სწორედ ხელმოწერების შეგროვება საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, რომელიც ძალაში 2016 წლის არჩევნებამდე უნდა შევიდეს.

„ეს არის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში შემოვიღოთ სამხარეო პროპორციული სია, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს როგორც რეგიონალურ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, ასევე იმ დოზით წარმომადგენლობას, რა დოზითაც ამ ადამიანებს თუ პოლიტიკურ ძალებს მხარს უჭერენ ქართული საზოგადოების წევრები“.

უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი მინიმუმ 10 კაცის წარმომადგენლობით და პროექტთან ერთად წარედგინოს პარლამენტს, სამი დღის ვადაში ეს ინიციატივა საპროცედურო კომიტეტს უნდა გადაეცეს...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი „ქართულ ოცნებას“ მის წინასაარჩევნო პროგრამას ახსენებს, რომლის ერთ-ერთი მთავარ საკითხი სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო. თუმცა გოგორიშვილისა და მისი თანამოაზრეებისათვის აშკარაა, რომ ხელისუფლება 2020 წლამდე ცვლილებას არ გეგმავს. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი 200 000 ხელმოწერის შეგროვებაა. რაც შეეხება პროცედურას. განმარტავს ხათუნა გოგორიშვილი:

„უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი მინიმუმ 10 კაცის წარმომადგენლობით და პროექტთან ერთად წარედგინოს პარლამენტს, სამი დღის ვადაში ეს ინიციატივა საპროცედურო კომიტეტს უნდა გადაეცეს, ხოლო საპროცედურო კომიტეტი ასევე ვალდებულია შვიდი დღის ვადაში ასევე განიხილოს და თუ კანონთან შესაბამისობაში ყველაფერი რიგზეა, დაარეგისტრიროს ეს ჯგუფი და მისცეს მას ხელმოწერების შეგროვების უფლება“.

ოპოზიციის მოთხოვნას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანი ოპონენტებს მოუწოდებს დემოკრატიული ქვეყნების საარჩევნო სისტემებს გადახედონ. მათ შორის, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ საფრანგეთში, რომელის ქვეყნების დემოკრატიულობაშიც ეჭვი არავის შეპარვია.
რა გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე მაჟორიტარული სისტემა, რომლის შეცვლასაც მოითხოვს ოპოზიცია, ვკითხეთ იურისტ ვახუშტი მენაბდეს. მისი განმარტებით, ამ სისტემის პრობლემა ის არის, რომ მას უსამართლო შედეგები მოაქვს. კერძოდ:

ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე

„მაჟორიტარულ არჩევნებში გასამარჯვებლად ხმების 50% გჭირდება. გამოდის, რომ თუ ხელისუფლებას ( და ეს, პრინციპში, დღეს ასეა) ქვეყნის უმეტეს საარჩევნო ოლქში აქვს 50%-იანი უპირატესობა, საბოლოო ჯამში საკანონმდებლო ორგანოში პროცენტულად იმაზე მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე მას ელექტორალურ მხარდაჭერის თვალსაზრისით ეკუთვნის. ანუ: თუ ის მოიგებს ყველა ოლქში, გამოვა, რომ დანარჩენ 49%-ს წარმომადგენელი არ ეყოლება პარლამენტში მაჟორიტარული წესით და მეორე პრობლემა, ის წაიღებს ასი პროცენტით მანდატებს. უფრო მეტს, ვიდრე ეკუთვნის. ამიტომ არის ეს სისტემა უსამართლო“.

8 სექტემბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომელიც 2016 წლის არჩევნების შემდგომ არის დაგეგმილი, საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი 5%-დან 4%-მდე შემცირდეს. თუმცა, როგორც მამუკა კაციტაძემ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად, რეალურად ბარიერი კი არ იკლებს, არამედ იზრდება და ამას ის ძალიან ადვილად დაამტკიცებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG