Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას იწყებს


პარლამენტის შენობა თბილისში
პარლამენტის შენობა თბილისში

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიები საკოორდინაციო საბჭოს ახალ ფორმატში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. ცვლილებების ერთობლივი კონკრეტული რეკომენდაციები ხელისუფლების მისამართით ჯერ წერილობითი სახით არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ მოთხოვნები ყველა ტიპის არჩევნების რეფორმირებისკენ იქნება მიმართული.

გადმოწერა

საარჩევნო რეფორმის საკოორდინაციო საბჭო ოპოზიციური კვალიფიციური სუბიექტებითაა დაკომპლექტებული და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის წარდგენას პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე აპირებს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა განუმარტა მედიას, საბჭოში შემავალი სუბიექტები ცვლილებების აუცილებლობაზე თანხმდებიან და შეჯერებას შემდეგ საკითხებზე აპირებენ:

ეს ფორმატი შეიძლება იყოს პროდუქტიული და შედეგიანი, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც, თუ ისინი წამოვლენ თანამშრომლობაზე, და შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული და დისკომფორტული, თუ ისინი გააგრძელებენ იგნორირების პოლიტიკას. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის...
მამუკა კაციტაძე

“ეს არის, პირველ რიგში, ლობირება იმ საკონსტიტუციო პროექტისა, რომელიც უკავშირდება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მეორე საკითხი - ეს არის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრინციპი, რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, ზუსტად იმდენი პროცენტით მოხვდეს საკრებულოში, და, მესამე საკითხი, ძალიან კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური სპექტრი და ეს პოლიტიკური ჯგუფი დადებს ამ მიმართულებით თავის მოსაზრებას, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა“.

პრინციპი, რომელსაც არჩევნები უნდა პასუხობდეს, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი პარტიების თანახმად, არის ის, რომ წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იმდენი დეპუტატი ჰყავდეს, რამდენიც პროპორციულად შეესაბამება მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. შესაბამისად, განიხილება ისეთი ალტერნატიული ვერსიები, როგორიცაა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, სამხარეო პროპორციული სისტემის შემოღება, ორპალატიანი პარლამენტის შექმნა, საარჩევნო ბარიერის დაწევა თვითმმართველობის არჩევნებში და ასე შემდეგ. კონსულტაციები დაწყებულია და ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ამ პროცესში უკვე ლაპარაკობს სავარაუდო პარტნიორებზე, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობაზეც.

“ეს ფორმატი შეიძლება იყოს პროდუქტიული და შედეგიანი, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც, თუ ისინი წამოვლენ თანამშრომლობაზე, და შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული და დისკომფორტული, თუ ისინი გააგრძელებენ იგნორირების პოლიტიკას. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის“, ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მამუკა კაციტაძე.

ოპოზიციის წინადადება საარჩევნო რეფორმის პროცესში თანამშრომლობის შესახებ მისაღებია ხელისუფლებისთვის, ოღონდ, როგორც დეპუტატი ზვიად ძიძიგური ამბობს, მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში:

“ეს არის პოლიტიკური თემა, ეს არის საკონსტიტუციო თემა და საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში იქნება მხოლოდ განხილული. ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და შემდეგ მის მუშაობაში მივიღოთ უნდა აქტიური მონაწილეობა. ოპოზიციამაც უნდა მიიღოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, არასამთავრობო სექტორმაც, აკადემიურმა წრეებმაც, ადამიანებმა, რომლებიც, უბრალოდ, კვალიფიციურები არიან და ავტორიტეტები არიან იურიდიულ და კონსტიტუციურ საკითხებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კონსენსუსის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია ან კონსტიტუციის კარგად რედაქტირებული ვარიანტი“.

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

საკონსტიტუციო კომისია, წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე ერთი თვის განმავლობაში შეიქმნება. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მუშაობის სწრაფად დაწყების მომხრეა, თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი. იგი ამბობს, რომ მთელი რიგი ცვლილებებია მოსასწრები, მაგალითად, იმავე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს:

“საარჩევნო სისტემაზეა აქ საუბარი ძირითადად. ანუ საარჩევნო სისტემა პრობლემურია არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც. ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძიმე პრობლემაა ოლქების ზომებს შორის, ასე რომ ვთქვათ, და ოლქების გადანაწილების კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაში. იქ კიდევ უფრო დიდი სხვაობები არის ზომებს შორის და დიდი დისპროპორცია არის და, შესაბამისად, ესეც ძალიან ადვილად იქნება არაკონსტიტუციურად ცნობილი, თუ ვინმე გაასაჩივრებს ამას სასამართლოში“.

თუ ოლქების დისპროპორცია თვითმმართველობის არჩევნებამდე არ გამოსწორდა, ლევან ნატროშვილი ვარაუდობს, რომ იარსებებს იმის რისკი, რომ საკრებულოებში არჩეული მაჟორიტარები არაკონსტიტუციურად იქნენ მიჩნეულნი. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ პარლამენტი ვალდებულია მინიმუმ ამ საკითხზე დაიწყოს მსჯელობა. ზოგადად კი, იგი ამბობს, რომ მთავარი პრობლემაა საარჩევნო სისტემა, რომლის შეცვლის საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს და მმართველი ძალაც ვალდებულია, თავისივე დაპირებები შეასრულოს.

პოლიტიკური ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო აპირებს საარჩევნო რეფორმის საკითხებზე პერმანენტულად იმსჯელოს. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში საპარლამენტო პარტიებიდან ამ ეტაპზე „პატრიოტთა ალიანსია“ ჩართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG