Accessibility links

პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, კომერციული ბანკებისა და მათი მომხმარებლების ურთიერთობის „მოწესრიგებას“ საპარლამენტო ოპოზიციაც ცდილობს. 25 ივნისს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, სარგებელს ნახავენ როგორც კომერციული ბანკების ეგრეთ წოდებული „უიმედო დებიტორები“, ასევე თავად ბანკები და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა. როგორ აპირებს „ქართული დასის“ ლიდერი პრობლემის გადაჭრას?

2008 წლის ომისა და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მკვეთრად იმატა კომერციული ბანკების ე.წ. „პრობლემურ დებიტორთა“ რაოდენობამ. ბევრი მათგანი დავალიანების დაფარვის შემდეგ თითქმის მთლიანად გაკოტრდა, ბევრი კი, პირდაპირი გაგებით, ქუჩაში დარჩა. ხშირ შემთხვევაში, ბანკთან ურთიერთობა სწორედაც რომ ტრაგიკულად, ანუ ბინიდან გამოსახლებით, მთავრდება. პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მთავრობას სთავაზობს პრობლემის მოგვარების ისეთ გეგმას, რომლის განხორციელების შემთხვევაში არც ერთი მხარე არ დაზარალდება. კერძოდ, ლაპარაკია მთავრობის მიერ კომერციული ბანკებიდან დაახლოებით 700 მილიონ ლარად დებიტორთა დავალიანების გამოსყიდვაზე:

საიდან მოიტანა 700 მილიონი ლარი, როცა საკრედიტო პორტფელის 5 პროცენტს არ ასცილებია ვადაგადაცილებული და დაუბრუნებელი სესხები? ასე რომ მოხდეს, ქვეყანას დააქცევს ინფლაცია ...

„ყველა მოქალაქე, ვისაც ახლა ბანკის დავალიანება აქვს, იქნება გათავისუფლებული დაგროვილი საბანკო დავალიანებისაგან, ანუ ეს პრობლემური ვალები ჩამოიწერება; მეორე მხრივ, ბანკები მიიღებენ 700 მლნ ლარამდე ცოცხალ ფულს, რომელსაც ისინი ასევე გამოიყენებენ იაფი საბანკო პროდუქტების შექმნისთვის და ასევე სახელმწიფო არ კარგავს არც ერთ თეთრს, რადგანაც კეთდება ინექცია ქართულ ეკონომიკაში.“

ჯონდი ბაღათურიას მონაცემებით, ეგრეთ წოდებული პრობლემური ვალების, ანუ ვადაგადაცილებული სესხების, მოცულობა 2010 წლის მიწურულს 400 მილიონ ლარს აღწევდა, უკანასკნელ ერთ წელიწადში კი მისმა რაოდენობამ 700 მილიონ ლარს მიაღწია. დეპუტატის ამ გათვლებსა და გეგმას ეჭვით უყურებენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში, რომლის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, 2011 წლის ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 174.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ზურაბ გვასალია

ზურაბ გვასალია

„საიდან მოიტანა 700 მილიონი ლარი, როცა საკრედიტო პორტფელის 5 პროცენტს არ ასცილებია ვადაგადაცილებული და დაუბრუნებელი სესხები? ასე რომ მოხდეს, ქვეყანას დააქცევს ინფლაცია. 700 მილიონად გამოისყიდოს სახელმწიფომ და მერე ბანკები აიძულოს დაბალპროცენტიანი სესხები გასცენ და მიმართულებებიც კი განუსაზვროს - ნუ, რა უბედურებაა ეს? ეს არის ხელოვნური ჩარევა იმ პროცესში, რომელში ჩარევაც არ შეიძლება“, – უთხრა ზურაბ გვასალიამ რადიო თავისუფლებას.

„ქართული დასის“ ინიციატივაში ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ეკონომიკურ გათვლებზე მეტად მოახლოებული არჩევნების გამოძახილს ხედავს. ეკონომისტი დავით ნარმანია ამბობს, რომ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ცხოვრებას შეუმსუბექებდა როგორც ათასობით დებიტორს, ასევე მსესხებელ ბანკებსაც, რომლებიც გაცემული თანხის უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავად, დავით ნარმანიას თქმით, მთავრობას მაინც არა აქვს უფლება საბიუჯეტო სახსრები კერძო სუბიექტთა ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენოს:
წლევანდელი ჩვენი ბიუჯეტი არის 8 მილიარდამდე, საიდანაც დაახლოებით 60 პროცენტი იხარჯება მანქანებზე, რემონტებზე... 400 მილიონი დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა ...

„რატომ უნდა დაიხარჯოს საჯარო სახსრები ორი კერძო სუბიექტის ბოლომდე მიუყვანელ გარიგებაზე? - ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რატომ უნდა დაიხარჯოს ჩემი გადასახადი იმაში, რომ ვიღაც ფიზიკურმა პირმა ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და ვერ გაისტუმრა, მაშინ როცა მე მინდა ამ ფულით დაფინანსდეს გზა, დაფინანსდეს სხვა საჯარო სერვისები... ამიტომ ხალხთან კონსულტაციის გარეშე ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც მიზანშეწონილი ვერ იქნება.“

პასუხად ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ფულს სწორედაც რომ ხელისუფლება ხარჯავს არამიზნობრივად და ხალხთან შეუთანხმებლად:

ჯონდი ბაღათურია

ჯონდი ბაღათურია

„წლევანდელი ჩვენი ბიუჯეტი არის 8 მილიარდამდე, საიდანაც დაახლოებით 60 პროცენტი იხარჯება მანქანებზე, რემონტებზე... 400 მილიონი დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა. მისი გაწყობა რა დაჯდა, ახლაც არ ვიცით. 200 მილიონი დაჯდა პარლამენტის მშენებლობა და რა დაჯდება მისი დამთავრება, კაცმა არ იცის. 100 მილიონზე მეტი ჯდება ჭაობში ლაზიკის იუსტიციის სახლის მშენებლობა. ის, რასაც აკეთებს დღეს მთავრობა, როგორ ხარჯავს ბიუჯეტს, ეს არის უპასუხისმგებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი დანაშაული და კორუფცია.“

ჯონდი ბაღათურიას თქმით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ნახევარი მილიონი ადამიანი დასაქმდება, ქვეყნის ეკონომიკა კი მაქსიმალურ ეფექტს ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. რადიო თავისუფლებამ ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივის შესახებ კომენტარი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესაც სთხოვა, მაგრამ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ კოლეგის ინიციატივას არ იცნობს და, შესაბამისად, არაფრის თქმა არ შეუძლია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG