Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორან ეტკინი


ორან ეტკინის ალბომი Kalenia
ორან ეტკინის ალბომი Kalenia

"დიდებული კლარნეტისტი" და "თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო იმპროვიზატორი" - ასე დაახასიათა "ნიუ-იორკ ტაიმსმა" ახალგაზრდა ამერიკელი არტისტი ორან ეტკინი, როდესაც მისი სადებიუტო ნამუშევარი გამოიცა. ლეგენდარულმა მუსიკოსმა იუსეფ აბდულ-ლატიფმა კი, რომელიც მისი მასწავლებელი გახლდათ, შეგირდს "გამორჩეული ინდივიდუალიზმის მქონე კომპოზიტორი" უწოდა.

ორან ეტკინი საქსოფონზე დაკვრას 14 წლის ასაკიდან ბოსტონში ჯაზმენ ჯორჯ გარზოუნთან ეუფლებოდა, შემდეგ კლარნეტზე გადაერთო და ბრანდეისის უნივერსიტეტში კლასიკური განათლება მიიღო საკომპოზიტორო მიმართულებით. მუსიკალური თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, ისრაელში გაემგზავრა, სადაც იერუსალიმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში - ჩააბარა. აქ მან, ტრადიციული ებრაული მუსიკის გარდა, არაბული ფოლკლორიც შეისწავლა და, ამერიკაში დაბრუნებულმა, მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ევროპული კლასიკისა თუ ჯაზის გარდა, ორანს ჰაიტური, აფრიკული, არაბული და სხვა ხალხთა ტრადიციული მუსიკა აინტერესებდა. გრიოტების კულტურის გასაცნობად მალიშიც კი გაემგზავრა, სადაც კორაზე დამკვრელ ტუმანი დიაბატესთან ერთად კონცერტებს მართავდა.

ნიუ-იორკში დაბრუნებულმა არტისტმა გრიოტებთან შეძენილი გამოცდილება პირველი სტუდიური ალბომის ჩაწერისას გამოიყენა. პროექტზე სამუშაოდ მან მალელი მუსიკოსები მიიწვია, ცნობილი გიტარისტის ლიონელ ლიუკეს რჩევით კი, ბასისტი ჯო სანდერსიც შემოიერთა. ამ შემადგენლობით შეიქმნა ალბომი "Kalenia". როგორც თავად მუსიკოსმა განმარტა, დისკის სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან "კალენია" დასავლეთაფრიკელი გრიოტების ენაზე ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს შორის სიმპათიას ნიშნავს. მართლაც, პროექტი სხვადასხვა კულტურისა თუ მუსიკალური ტრადიციების დიალოგის, ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი მაგალითი გამოდგა: ორან ეტკინის ტენორ-საქსოფონის ჯაზური იმპროვიზაციები არაბულ რიტმებს მოერგო, აკადემიურმა სიმებიანმა კვარტეტმა აფრიკული პერკუსიული საკრავების თანხლებით დაუკრა, ხოლო გრიოტებმა თავიანთი იმღერეს, ფონად კი აღმოსავლეთევროპელი აშკენაზი ებრაელების მიერ შექმნილი საცეკვაო და სასიმღერო მუსიკალური ფორმა - "კლეცმერის" მოტივები - ისმოდა.

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოიცა ორან ეტკინის ალბომი What’s New? Reimagining Benny Goodman. როგორც პროექტის სახელწოდებიდან ჩანს, დისკი "სვინგის მეფეს", ლეგენდარულ კლარნეტისტსა და ბენდლიდერს მიეძღვნა, უფრო ზუსტად კი, 1935 წლის 21 აგვისტოს, ბენი გუდმენის მიერ ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტის 80 წლის იუბილეს. ამერიკული მუსიკის ისტორიაში ეს საღამო განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლდათ, რადგან "სვინგის", როგორც ახალი ჯაზური მიმართულების, დაბადებად მოინათლა. ორან ეტკინის თქმით, ბენი გუდმენმა დიდ დეპრესიაში მყოფ ამერიკელებს მომავლის იმედი ჩაუსახა, მეტიც, საკუთარი კლარნეტით სვინგი შავ ამერიკასაც შეაყვარა, ხოლო მოგვიანებით წერტილი დაუსვა შავი და თეთრი ბენდების ცალ-ცალკე არსებობას და პირველი ინტეგრირებული კვარტეტი შექმნა ჯინ კრუპასთან, ლაიონელ ჰემპტონსა და პიანისტ ტედი უილსონთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG