Accessibility links

logo-print

”არა თეოკრატიას” და ”აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა” - დედაენის ძეგლთან ორი აქცია გაიმართა


24 მაისს თბილისში, დედაენის ძეგლთან, ორი აქცია გაიმართა. ერთის მონაწილენი - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - ქვეყანაში თეოკრატიის საფრთხეზე ლაპარაკობდნენ, 17 მაისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯას სთხოვდნენ, ლითონის ბარიერებთან მდგარი პოლიციის კორდონის მიღმა კი, ცოტა მოშორებით, იმართებოდა კიდევ ერთი - მოქალაქეთა მეორე ნაწილის - აქცია, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისაკენ მოუწოდებდნენ.

დედაენის ძეგლთან 24 მაისს ორი აქცია გაიმართა. პირველი, დევიზით ”აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა”, საღამოს 6 საათზე დაიწყო. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი გაბედავა, ხელში ხმის გამაძლიერებლით, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა, სთხოვდა, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ და არავინ ელანძღათ, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ მორალს:

”ზნეობრივად მოვიქცეთ, ძალიან გთხოვთ! მეც ვღიზიანდები, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ თავი შევიკავო. თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, რადგან ჩვენ უნდა მოვიგოთ ფსიქოლოგიური ომი”.

აქციის მონაწილეები ემოციებს ძნელად მალავდნენ:

”რა უნდა ვუქადაგო ბავშვს, რომ მამაკაცი მამაკაცთან უნდ დაწვეს? ნუ ყვირიო, რომ მეუბნებიან, რას ჰქვია ნუ ვყვირი, არ დავიღალეთ ამდენი უბედურებით?!” - ყვიროდა აქციის მოანწილე ერთ-ერთი ქალი.

ამავე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ”ეროვნული ფრონტის” წარმომადგენელი ევგენი მიქელაძე კი ხელისუფლებისგან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას მოითხოვდა:

"ეროვნული ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა

"ეროვნული ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა

”დიახ, ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, აიკრძალოს კანონით ლგბტ პროპაგანდა! ეს ხალხი კი, ბარიერს იქით, ბრალს სდებს ქართულ ეკლესიას თეოკრატიული წყობილების დამყარებაში. რომელ თეოკრატიაზეა საუბარი, როცა მთელი საფრანგეთი ფეხზე დგას სწორედ მსგავსი პროცესების გამო, იქაც ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას აპროტესტებენ. ჩვენც ვებრძვით ცოდვას და ავადმყოფობას. და ძალადობას რაც შეეხება, ისინი ძალადობენ საზოგადოებაზე, რადგან თავს გვახვევენ არატრადიციულ ღირებულებებს”.

განსხვავებით 17 მაისისგან, დედაენის ბაღში პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იყო წარმოდგენილი. პოლიციელებს ამჯერად ხელკეტებიც ჰქონდათ. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად იყო შემოსაზღვრული ლითონის ბარიერებით და პოლიციელების კორდონით. აქციის ”არა თეოკრატიას” მომხრეების უმრავლესობა დედაენის ძეგლთან ფერად ტანსაცმელში ჩაცმული მივიდა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ხელი მოაწერეს ონლაინ პეტიციას, რომლითაც საზოგადოების ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. აქციის მონაწილე, იურისტი თამარ გურჩიანი ამბობს:

თამარ გურჩიანი

თამარ გურჩიანი

”17 მაისს ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოჩნდა როგორც პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციაზე უფრო მაღლა დააყენოს რელიგიური ნორმები. საერთოდ საეჭვოა ის, თუ რამდენად რელიგიური ნორმებით და ქრისტეს მოძღვრებით იყო მოტივირებული ის ძალადობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ 17 მაისს, მაგრამ 15 000-მა მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ისინი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებას სთხოვენ ამ ფაქტებზე და ეს მოქალაქეები, ვინც დღეს აქ შეიკრიბა, ითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ არ დაუშვას სახელმწიფომ რელიგია უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე კანონი”.

„არა თეოკრატიას“, ამბობა ბაია პატარაიაც, რადგან, მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონი უნდა იყოს უზენაესი:

”კანონი უნდა იყოს ის, რასაც პარლამენტი მიიღებს და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გადაწყვეტს, რელიგიური წესებით კი სახელმწიფო არ უნდა იმართებოდეს. ამ წესებით შეუძლიათ იხელმძღვანელონ სასულიერო პირებმა, მაგრამ ეს ვერ გახდება საჯარო სამართლის ნაწილი და ამით მთელმა მოსახლეობამ იცხოვროს”.

პოეტი პაატა შამუგია კი ამბობს, რომ სადაც საუბარია ძალადობაზე, იქ კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება:

”უკვე ყელშია ამოსული ქუჩებში ძალადობა, რომელიც არის უმართავი და რომელსაც სისხლს მოწყურებული ბრბო ახორციელებს. ათი ათასი კაცი რომ 20 კაცს გაეკიდება, იქ საუბარი დამთავრებულია”.

აქცია ”არა თეოკრატიას” სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაიგეგმა. ამ აქციას წინ უძღოდა ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაც, დაიწერა საგანგებო პეტიცია, რომელსაც ხელი უკვე ათასობით ადამიანმა მოაწერა და ხელმოწერა კვლავაც გრძელდება. ამ პეტიციით ადამიანები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს:

აქცია დედაენის ბაღში

აქცია დედაენის ბაღში

”მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს” .

აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების არაერთი ვიდეომიმართვა, რომელთაც იგივე შინაარსი აქვთ, რაც აქციას „არა თეოკრატიას“.

24 მაისის აქციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მან ელჩებთან გამართულ შეხვედრაზეც აღნიშნა დღეს, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა 24 მაისის აქციის მშვიდობიანად ჩატარებას.
პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა " და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა 24 მაისის აქციის მიმართ.

ორი პარალელური აქცია დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ერთი ხმაურიანი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, მეორე - ”არა თეოკრატიას” - მდუმარედ, რადგან, მისი მონაწილეების თქმით, აქციის სახელწოდება უკვე ყველაფერზე მეტყველებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG