Accessibility links

logo-print
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თანამდებობებიდან მოხსნა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პოპოვი და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩი, 30 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის გამო. შესაბამისი განცხადება შაბათს გაკეთდა, კიევის ცენტრში ორი მასშტაბური აქციის ფონზე. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის და მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი იმართება ევროპის მოედანზე, რომელიც ახლოს მდებარეობს დამოუკიდებლობის მოედანთან - ოპოზიციის აქციების ეპიცენტრთან. იქ დემონსტრანტებს ბარიკადები აქვთ აღმართული. კიევის პოლიცია აცხადებს, რომ არ მისცემს ორ აქციაზე შეკრებილ ხალხს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას. უკრაინაში საპროტესტო აქციები გასულ თვეში მოჰყვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. შაბათს ხელისუფლების მხარდამჭერ დემონსტრანტებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა: „მე ვფლობ ინფორმაციას: მხოლოდ კიევში ხდება ეს მოვლენები. ხოლო მთელი დანარჩენი ქვეყანა, უდიდესი უმრავლესობა, მშვიდად ცხოვრობს. და კიევსაც უნდა მივცეთ სიმშვიდე. მე ახლა ამ მიტინგზე მოვდიოდი და გულისტკივილით ვუყურებდი იმას, რაც კიევში ხდება. მოდით, მოვიკრიფოთ ვაჟკაცობა! და მივმართავ პოლიტიკოსებს: მოდით, ჩვენს ხალხს ვუთხრათ - დაუბრუნდით ოჯახებს, აკეთეთ თქვენი საქმე“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. ამასობაში კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეების აქცია.
XS
SM
MD
LG