Accessibility links

logo-print

25 მაისი კარგად დაამახსოვრდებათ ორ ძალიან ძლიერ ქალს, მათ ახლობლებსა და მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს. ორივე ქალი - აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ჩვენი რადიოს თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა და უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო - გაათავისუფლეს პატიმრობიდან, რომელსაც ბევრი მიიჩნევდა ავტორიტარული რეჟიმების ანგარიშსწორებად მათი გაბედულებისა და შეუპოვრობისათვის.

25 მაისს ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა ცნობები ამ ორ ცნობილ პატიმარ ქალზე, ცნობილზე მთელ მსოფლიოში, რადგან როგორც ნადია სავჩენკოს, ისე ხადიჯა ისმაილოვას საქმეებმა, მათმა პატიმრობამ რუსეთსა და აზერბაიჯანში, რა ხანია, საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. ორივე უარყოფდა წაყენებულ ბრალდებებს, მრავალი ქვეყნის მთავრობა და წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები მოითხოვდნენ მათ გათავისუფლებას. და აი, 25 მაისს ჯერ გავრცელდა ცნობა, რომ მოსალოდნელი იყო ნადია სავჩენკოს გაცვლა უკრაინაში მყოფ ორ რუს პატიმარში; მალე გაირკვა, რომ სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავით ბრუნდებოდა კიევში; დაბოლოს, გავრცელდა ცნობა სამშობლოში მისი დაბრუნების შესახებ.

„თავისუფალი ვარ! მინდა ყველა დედას, ვისი შვილებიც შინ არ დაბრუნებულან, პატიება ვთხოვო იმისათვის, რომ მე ცოცხალი ვარ. მინდა ყველა დედას, ვისი შვილებიც პატიმრები არიან, პატიება ვთხოვო იმისათვის, რომ მე თავისუფალი ვარ. მაგრამ მინდა გითხრათ: მართალია, დაღუპულებს ვერ დავაბრუნებ, მაგრამ მუდამ მზად ვარ ბრძოლის ველზე კვლავ გავწირო სიცოცხლე უკრაინისათვის“, - უთხრა სავჩენკომ კიევის აეროპორტში მის დასახვედრად შეკრებილ ხალხს.

ამის შემდეგ ცოტა ხანში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დააჯილდოვა. სავჩენკოს საქმეს რომ დიდი საერთაშორისო რეზონანსი აქვს, ცხადყოფს ის გარემოება, რომ მის გათავისუფლებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მინისტრებისა და ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვან განცხადებებს შორის არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გამოხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ უკრაინელი მფრინავი ქალი სავჩენკო არა მარტო გათავისუფლებულ იქნა, არამედ ამასობაში უკრაინაში ჩაფრინდა და საკუთარ ოჯახში დაბრუნება შეუძლია. ეს კარგი ახალი ამბავია, რომელსაც დიდი ხანია ველოდით, რომლისთვისაც დიდი ხანია ვმუშაობდით. მას ვუსურვებ შინ მშვიდობიანად დაბრუნებას და გამოჯანმრთელებას. რასაკვირველია, მსურს, რომ ამ გაცვლამ, ამ გათავისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენაში, რაც ახალ იმპულსს შესძენს მინსკის სამშვიდობო პროცესს“, - განაცხადა შტაინმაიერმა ბერლინში.

გერმანიამ, როგორც ცნობილია, საფრანგეთთან ერთად შუამავლობით მიაღწია უკრაინასა და რუსეთს შორის მინსკში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ნადია სავჩენკო რუსეთში გაასამართლეს სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, რომელსაც სავჩენკო კატეგორიულად უარყოფდა და უარყოფს. წელს, მარტში, მას 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება რუსეთის ორ მოქალაქეს, ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს, რომლებშიც კიევმა სავჩენკო გაცვალა, ამ ორ კაცს 14-14 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

მაშინ, როცა ჟურნალისტები 25 მაისს წუთი წუთზე მოველოდით სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნებაზე ცნობას, მას სხვა მნიშვნელოვანმა სიახლემ დაასწრო - ინფორმაციამ, რომ ციხიდან უშვებენ ხადიჯა ისმაილოვას, ჩვენი რადიოს თანამშრომელს, ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს. ევროპაში უმალვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება ხადიჯას გათავისუფლებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც.

„ის საუცხოო ჟურნალისტია. ევროპის პარლამენტი ასევე დიდი სიხარულით მიესალმება დღევადნელი დღის მეორე პოზიტიურ ცნობას“, - განაცხადა ბრიუსელში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის პრესმდივანმა, ჯაკომო ფასინამ. „მეორე პოზიტიური ცნობა“ იმიტომ, რომ უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია სავჩენკოს გათავისუფლებაზე.

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ 25 მაისს განიხილა ხადიჯა ისმაილოვას სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება მისთვის მისჯილი 7,5 წლით პატიმრობის 3,5 წლით პირობითი სასჯელით შეცვლის შესახებ. ისმაილოვას სამართლებრივი დევნა ბევრს მიაჩნია ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მამხილებელი რეპორტაჟებისათვის. ჩვენი კოლეგა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს და პატიმრობა 2015 წლის სექტემბერში მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ახლა ის თავისუფალია.

„უკანონობა ჯერ ბოლომდე არ აღმოფხვრილა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უკანონობის დასამარცხებლად. ციხიდან გამოვალ და იმავე ადგილიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი. კიდევ უფრო ენერგიული ვარ, უფრო ახალგაზრდა“, - ამბობს ხადიჯა ისმაილოვა. 27 მაისს მას 40 წელი შეუსრულდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG