Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ენა ეროვნული უმცირესობებისთვის


”ორმაგი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში” - პროექტი, ამ სახელწოდებით, ”სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს როგორც ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის შესწავლის გაღრმავებას და წიგნიერების დონის ამაღლებას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, საქართველო, წიგნიერების თვალსაზრისით, საშუალოზე დაბალი დონის ქვეყნებს მიეკუთვნება. კიდევ უფრო რთული სიტუაციაა არაქართულენოვან სკოლებში, ამბობენ ექსპერტები განათლების საკითხებში და არგუმენტად კითხვის საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2011 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული მოსწავლეთა წიგნიერების დონის გამოკვლევა მოჰყავთ. გამოკვლევის მონაცემებით, საქართველომ 45 ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა. მხოლოდ რამდენიმე საფეხურით ვუსწრებთ ირანს, კოლუმბიას, მაროკოს, კატარს.
თუ ავიღებთ 2011 წლის გამოსაშვებ გამოცდებს, ამ გამოცდებმა თვალნათელი გახადა მთლიანად განათლების ხარისხის პრობლემატიკა ამ სკოლებში და არამარტო სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემა. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების დაახლოებით 40 პროცენტი ჩაიჭრა გამოსაშვებ გამოცდებში...
შალვა ტაბატაძე


სწორედ ეს ფაქტორი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2012 წლის დეკემბერში ”სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით ”ორმაგი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში”. პროგრამის ხელმძღვანელის შალვა ტაბატაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შექმნილი საკითხავი მასალები და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, არამედ, ზოგადად, არაქართული სკოლების მოსწავლეებს შორის ბილინგვური განათლების განვითარებას. როგორც ის ამბობს, არაქართულენოვან სკოლებში, გარდა სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონისა, არასახარბიელო სიტუაციაა თავად მშობლიური ენის ცოდნის თვალსაზრისით:

”თუ ავიღებთ 2011 წლის გამოსაშვებ გამოცდებს, ამ გამოცდებმა თვალნათელი გახადა მთლიანად განათლების ხარისხის პრობლემატიკა ამ სკოლებში და არამარტო სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემა. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების დაახლოებით 40 პროცენტი ჩაიჭრა გამოსაშვებ გამოცდებში, მაშინ როცა ქართულენოვან სკოლებში ჩაჭრილი მოსწავლეების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენდა. ეს ფაქტი ნათლად წარმოაჩენს, თუ რა მდგომარეობაა წიგნიერების თვალსაზრისით არაქართულენოვან სკოლებში”.

”სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” მიერ შემუშავებული პროექტი მთავარ აქცენტს სწორედ მშობლიური და სახელმწიფო ენის შესწავლაზე აკეთებს და ის მხოლოდ სახელმწიფო ენის ათვისებისკენ არ არის მიმართული, ამბობს პროექტის მენეჯერი ნათია გორგაძე. მისი თქმით, საქართველოს არ გააჩნია მშობლიური ენის სტანდარტი არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის და აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლების სისტემის მიღმა არის დაჩენილი. როგორც ნათია ამბობს, სახელმძღვანელოები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში გამოიყენება, ძირითადად შემოტანილია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

წიგნები სერიული სახელწოდებით - „კითხვის კიბე“
წიგნები სერიული სახელწოდებით - „კითხვის კიბე“
პროექტის პირველი კომპონენტი, რომელიც არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება, არის წიგნები, სერიული სახელწოდებით - „კითხვის კიბე“. ამ ეტაპისათვის, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა ოფისის უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით, შეიქმნა 416 მცირე ზომის წიგნი ქართულ ენაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის, როგორც მეორე ენის, სწავლებას და, ზოგადად, წიგნიერების განვითარებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე ორენოვანი სახელმძღვანელოების შექმნაც. ნათია გორგაძე იმ სახელმძღვანელოების შესახებ გვესაუბრება, რომლებიც მოსწავლეებს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისადმი ინტერესს და ცოდნას გაუღრმავებს:

”წიგნები დალაგებულია სირთულის ზრდის მიხედვით. წიგნები შეიცავს 20 საფეხურს. წიგნებს აქვს ილუსტრაციული მხარდაჭერა, რაც ბავშვს აძლევს იმის საშუალებას, რომ ნახატისა თუ გამოსახულების მეშვეობით გააკეთოს ანალიზი, თუ რაზეა წიგნში საუბარი, რაც მისთვის დახმარებას წარმოადგენს. გარდა ამისა, წიგნებში ვხვდებით ნაცნობ თანმიმდევრობას, მაგალითად, კვირის დღეები, რიცხვები; ასევე რეპეტიციული ხასიათის ფრაზები, ეს არის რითმული და რიტმული სტიმულაციები, მაგალითად, გასათვლელები და ა.შ.”

გარდა ბეჭდური მასალისა, პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში შეიქმნება საიტი, www.reading.ge, სადაც განთავსდება ტექსტები როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კახა გაბუნია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თანამშრომელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საიტის მეშვეობით როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისა და მათი მშობლებისთვის უაღრესად მოსახერხებელი სერვისია შეთავაზებული:

”ნებისმიერ სიტყვას, რომელსაც ის ვერ გაიგებს, შეუძლია ”დააწკაპოს” და ის პირდაპირ გადადის ლექსიკონში, რომელიც აჩვენებს როგორც ვირტუალურ სურათს ან ნახატს, აგრეთვე თარგმანს მის მშობლიურ ენაზე”.
მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს სახელმწიფო ენას. ჩვენ ვმუშაობთ ქალებთან და იმის გამო, რომ მათ არ იციან ქართული, ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ - მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში, მაგალითად, ექიმთან ვიზიტის დროს და ა.შ...
ლეილა სულეიმანოვა


ნონა არევაძე-კოტორაშვილი უკვე მესამე წელია, რაც მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში ქართულ ენას ასწავლის. ის დაშტაფის სკოლაში 2009 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში მოხვდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კვალიფიციური მასწავლებლების მივლინებას მოიცავს. ის და მისი კოლეგები ეროვნულ უმცირესობათა სკოლებში ქართული ენის გაკვეთილს ყოველდღე ატარებენ, პარალელურად კი თავად პედაგოგებისათვის ატარებენ ტრენინგებს. როგორც ნონა ამბობს, ახალგაზრდობა ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს.

”უმრავლესობამ მოინდომა სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან სახელმწიფომ მათ შესთავაზა გარკვეული პროგრამა, „ოთხს პლუს ერთი“, რომლის მეშვეობითაც ისინი აბარებენ უნარებს თავის მშობლიურ ენაზე, ხვდებიან უმაღლეს სასწავლებელში და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობენ სახელმწიფო ენას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან პირველ კურსზე. ამან ძალიან დიდი მოტივაცია გამოიწვია ახალგაზრდებში”, - ამბობს ნონა არევაძე-კოტორაშვილი.

მისივე თქმით, დიდ ინტერესს იჩენენ თავად პედაგოგები, რადგან თუკი ისინი სკოლებში ბილინგვურ სწავლებას შეძლებენ, მათ სახელმწიფო ხელფასზე დანამატს სთავაზობს.

ლეილა სულეიმანოვა, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ნაწილი ფლობს ქართულ ენას, ეროვნულ უმცირესობებში მაინც მწვავედ დგას სახელმწიფო ენის უცოდინრობის საკითხი, რაც მათ მთელ რიგ პრობლემებს უქმნისო.

”მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს სახელმწიფო ენას. ჩვენ ვმუშაობთ ქალებთან და იმის გამო, რომ მათ არ იციან ქართული, ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ - მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში, მაგალითად, ექიმთან ვიზიტის დროს და ა.შ. მათ ძალიან უჭირთ საზოგადოებასთან ინტეგრირება იმის გამო, რომ ენას არ ფლობენ”, - ამბობს ლეილა სულეიმანოვა.
XS
SM
MD
LG