Accessibility links

logo-print

ორი ოსეთის გაერთიანების იდეა ექსპერტების შეფასებით


ანატოლი ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი

ცხინვალში ახალი პოლიტიკური პარტიის „ედინაია ოსეტიას“ (ერთიანი ოსეთის) საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ჩატარდა. პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვია. ახალი პარტიის მთავარი იდეა ორი ოსეთის გაერთიანებაა. პარტიის აქტივისტები ჯერჯერობით კონცენტრაციას სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ინტეგრაციაზე აკეთებენ. მათი აზრით, ეს ინტეგრაცია ორი ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებით უნდა დასრულდეს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბიბილოვს ამ იდეით შანსი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რადგან როგორც ცხინვალში, ისე ვლადიკავკაზში ნაციონალური იდეა ძალიან პოპულარულია. ჩრდილოეთ ოსეთის უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ კაბერთი ბიბილოვის იდეებს მიესალმება და ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იდეა ბიბილოვს ახალ მხარდამჭერებს შესძენს:

„ოსეთის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გაერთიანების იდეა დიდი ხანია მომწიფებულია. მე ეს იდეა მომწონს. ბიბილოვს სამხრეთსა და ჩრდილოეთში სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.“

ეს, რა თქმა უნდა, პირწმინდად რუსული პროექტი და იდეაა. სწორედ ამ იდეის გამო უჭერდნენ ანატოლი ბიბილოვს მხარს, რომ ცხინვალში პრეზიდენტი გამხდარიყო ...

სამხედრო ექსპერტი კობა გაგლოევი მიიჩნევს, რომ ორი ოსეთის გაერთიანება აუცილებელია, მაგრამ, მისი აზრით, ბიბილოვის პროგრამა დამოუკიდებელი არ არის და ის რუსეთში დაიწერა. გაგლოევის თქმით, იდეაც კრემლიდან მოდის და პარტიაც დაფინანსებას რუსეთიდან იღებს. ამიტომ, ექსპერტის აზრით, ბიბილოვი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვერ გახდება და მხოლოდ კრემლის პოლიტტექნოლოგების ნება–სურვილზე იქნება დამოკიდებული.

„ჩემი აზრით, ამ პროექტების უკან მოსკოვი დგას და პარტია „ედინაია ოსეტიაც“ დაფინანსებას იქიდან იღებს.“

ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ ორი ოსეთის გაერთიანების იდეა კრემლის პროექტია, მაგრამ ეს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს ამ რეგიონში ოკუპანტის სტატუსი დარჩება:

„ეს, რა თქმა უნდა, პირწმინდად რუსული პროექტი და იდეაა. სწორედ ამ იდეის გამო უჭერდნენ ანატოლი ბიბილოვს მხარს, რომ ცხინვალში პრეზიდენტი გამხდარიყო. მანამდეც ვიძახდი, რომ რაოდენ ჩვენთვის სამწუხაროც არ უნდა იყოს, რუსეთის შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ დაიწყებს ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თემით მანიპულირებას. შეიძლება ეს ბევრი პრაგმატული მომენტიდან გამომდინარე გააკეთოს: უფრო ადვილი სამართავი იქნება, ბიუჯეტიც ადვილი განსაკარგავი იქნება. ოსეთის დამოუკიდებლობა ძნელად წარმოსადგენია და ეს ყველას კარგად ესმის, მათ შორის - ცხინვალშიც. თუმცა ვიცი, რომ ამ იდეის წინააღმდეგებიც არიან, მათ შორის, ოსი საზოგადო მოღვაწეები. ამ მხრივ საქართველოსთვის ალბათ არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ გინდ დამოუკიდებლობა უღიარებია და თავისი ჯარები ჩაუყენებია, გინდ შეუერთებია. საერთაშორისო საზოგადოება არც ერთ ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს.“

ცხინვალში ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ ორი ოსეთის გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავს. ამიტომ უკეთესი იქნება სამხრეთ ოსეთმა კონცენტრაცია საგარეო პოლიტიკაზე გააკეთოს, რათა უფრო მეტი სახელმწიფოს აღიარება მიიღოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG