Accessibility links

logo-print

ორი პოზიცია უმრავლესობაში და აუგად ნახსენები მესამე სექტორი


უმრავლესობის უმრავლესობა შეეცდება დაარწმუნოს უმრავლესობის დარჩენილი ნაწილი, რომ მხარი დაუჭიროს არა ვახტანგ ხმალაძის, არამედ ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. პარლამენტში დარეგისტრირებულ ამ ორ კანონპროექტს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ფარულ თვალყურის დევნებას უკავშირდება. იმის გარდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები არავინ გაიზიარა, ისინი აუგად მოიხსენია საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. თუმცა მესამე სექტორი ფარული მოსმენების საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

ცვლილებათა პაკეტით, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა უჭერს მხარს, ძირითადი სადავეები კვლავ შს სამინისტროს ხელში დარჩება, თუმცა ძალოვანი უწყება ამა თუ იმ პირის ფარულ მოსმენასა და თვალთვალს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან შესაბამის ელექტრონულ თანხმობას მიიღებს. ამ შინაარსის შემცველი პროექტი პარლამენტში 20 ნოემბერს დარეგისტრირდა. იმავე დღეს გაიარა რეგისტრაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ წიაღში აღმოცენებულმა კიდევ ერთმა პროექტმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა - ე.წ. გასაღები – კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა გადაეცეს.

სამეულის მიერ შემუშავებული კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, გედევან ფოფხაძე, დარწმუნებულია, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და რომ მოწინააღმდეგეები მათ პოზიციებს სათანადოდ გაიაზრებენ. განცხადება მან 21 ნოემბერს, გვიან საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

„მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ ეს კანონპროექტი არის უფრო სწორი და დაბალანსებული. მე მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ძირითადი გამოწვევა იყო ადამიანის უფლებების ორი სფეროს დაბალანსებული წარმოჩენა - ეს არის უსაფრთხოება და პირადი ცხოვრება“.

თუმცა, წინასწარი მონაცემებით, არცთუ იოლი იქნება იმ თანაგუნდელების გადარწმუნება, რომლებიც ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს უჭერენ მხარს. მათი მტკიცე პოზიცია პარასკევს დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გაახმაურა:

„ყველა რესპუბლიკელმა, ვინც ვესწრებოდით ამ შეხვედრას, – და მე შემიძლია ვილაპარაკო ფრაქციის სახელითაც, – მხარი დავუჭირეთ, ბუნებრივია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებებს. ჩვენი მიდგომით, სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს შს სამინისტროს გარეთ“.

რესპუბლიკელების გარდა, ხმალაძის კანონპროექტს, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა მხარი დაუჭირონ სხვებმაც კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებიდან. ამ კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს კოალიციიდან ახლახან გასულმა თავისუფალმა დემოკრატებმაც.

საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებული ორი კანონპროექტიდან ერთ–ერთი 1 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს და ამის გასაკეთებლად, სულ ცოტა, 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ეს ვადა დაწესდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს და ამით არ დაუშვა, რომ მოსმენებზე პირდაპირ წვდომასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა პარლამენტს კიდევ რამდენიმე თვით გადაედო. აქვე ვთქვათ, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ძირითადი ნაწილი პარლამენტმა მიმდინარე წლის აგვისტოში დაამტკიცა.

ბესელია–სესიაშვილი–ფოფხაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის როლი და ფუნქციები. ელექტრონული დასტურის გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მაგალითად, დაევალება, რომ გააკონტროლოს შს სამინისტროში დაცული მონაცემთა ბაზები. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, მისი აპარატის როლის გარკვეულ გაფართოებას ვახტანგ ხმალაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტიც გულისხმობს. ამასთან, ის არ გამორიცხავს უმრავლესობის წიაღში აღმოცენებული ამ ორი კანონპროექტის შერწყმას მომავალ კვირისთვის დაგეგმილი სამუშაო პროცესის მსვლელობისას:

„ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო განხილვებში. ორივე პროექტს გავეცანით უკვე და ვამზადებთ ჩვენს წინადადებებს, რომ ინსპექტორის აპარატის როლი იყოს ძალიან მკაფიო და კანონითა და საერთაშორისო ვალდებულებებით - კონვენციით - გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქცია იყო შენარჩუნებული“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლის ბესელია–სესიაშვილი–ფოფხაძის კანონპროექტის შესაბამისად შეცვლას არამართებულად მიიჩნევენ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში ინსპექტორი ვეღარ დარჩება გარე კონტროლის მექანიზმად და ის ქმედითად ვერ გააკონტროლებს შს სამინისტროს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე წლებია იბრძვიან საკანონმდებლო ცვლილებებისთვის უკანონო მოსმენების აღკვეთის მიზნით, თვლიან, რომ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის ბერკეტი მთლიანად უნდა ჩამოერთვას შს სამინისტროს და, საერთოდ, ამ პროექტს ისინი უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც მაგალითად, „საერთაშორისო სამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტმა, ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი კვლავაც იაქტიურებენ საპარლამენტო განხილვების პროცესში, რათა არ დაკანონდეს უმრავლესობის მიერ ამ ეტაპისთვის მოწონებული კანონპროექტი, რაც უკვე მიღწეულის უგულებელყოფასაც ახდენს:

„1 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც დაადგინა ახალი სტანდარტები ფარული გამოძიებისა. ეს კანონპროექტი შეიცავს ასევე მუხლებს, რომლებიც აუქმებს იმ მაღალ სტანდარტებს. მაგალითად, თუკი დღეს უნდა განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც არ ეხება გამოძიებას, ამ პროექტით ნადგურდება მხოლოდ მაკომპრომეტირებელი მონაცემები და არა ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება. ასევე, მაგალითად, მათი ე.წ. ორი გასაღები საერთოდ არ ვრცელდება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაზე. ესეც, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი.“

არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, მომზადებული აქვთ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენების ბერკეტი უნდა გადაეცეს მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს, რომელთა პრეროგატივაც იქნება სანქცირებული მოსმენის უფლება მისცენ სამართალდამცავებს. მართალია, არასამთავრობო სექტორს ამ კანონპროექტის ინიცირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა, მაგრამ, პოლიტიკურად მოტივირებული ეჭვებისა და ინტრიგების თავიდან აშორების მიზნით, მესამე სექტორმა უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე.

ამის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც ვერ ასცდნენ აუგად მოხსენიებას პრემიერ–მინისტრის მხრიდან. 20 ნოემბერს, გვიან საღამოს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პოზიციას მის მსგავსად ეწინააღმდება „ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი“. ითქვა ასევე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით მოქმედებენ და, მეტიც, ისინი სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებიან:

„მათი მთავარი მიზანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება. ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის წინააღმდეგ არის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ეს ძალიან კარგად იცით“.

პრემიერ–მინისტრის მხრიდან აუგად მოხსენიება უცხო და ახალი არ არის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, თუმცა ყოველ ასეთ შემთხვევას მესამე სექტორი კვლავ შეურაცხმყოფელ და ჯანსაღი დემოკრატიისთვის შეუფერებელ ქმედებად აღიქვამს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG