Accessibility links

logo-print

მართლმადიდებელი ეკლესიები უპირისპირდებიან აღმოსავლეთ ევროპის სეკულარიზაციას


17 მაისს მართლმადიდებელმა მღვდლებმა თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის დასაშლელად გაილაშქრეს.

17 მაისს მართლმადიდებელმა მღვდლებმა თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის დასაშლელად გაილაშქრეს.

აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყანა (რუსეთი, სერბია, მოლდავეთი თუ საქართველო) თავისებურად ცდილობენ რეფორმების გატარებასა თუ ცხოვრების სახვადასხვა სფეროს მოდერნიზებას. ქალთა უფლებების, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერი მოძრაობები ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს აღწევენ. თუმცა, ჩამოთვლილ ქვეყნებს ასევე აერთიანებთ მართლმადიდებელი ეკლესიები, პოლიტიკურად და სოციალურად კონსერვატიული ძალები, რომლებიც ნებისმიერ სიახლეს წმინდა ეროვნული ტრადიციების დამანგრეველ საფრთხედ აღიქვამენ.

საქართველოში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ნაკლებად დრამატული იყო ის, რაც ერთი კვირით ადრე სერბიის დედაქალაქში მოხდა. მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის მსგავსების შემჩნევა ძნელი არ არის. 10 მაისს ბელგრადში 3000-მდე ადამიანი შეიკრიბა სერბიასა და კოსოვოს შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების გასაპროტესტებლად. ნაციონალისტი სერბები მრავალი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კოსოვოს თავიანთი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. დემონსტრაცია ორი კონსერვატორი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ორგანიზებული იყო, თუმცა სერბიის პატრიარქი ირინეოსი მათ მხარს არ უჭერდა.
ეპისკოპოსი ათანასე: "არ არსებობს სეკულარული სერბია ღვთიური სერბიის გარეშე!"

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეპისკოპოსმა ათანასემ შეკრებილებს უთხრა, სერბიის პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა შეიძლება თავისი წინამორბედის, დასავლური ორიენტაციის პრემიერ-მინისტრის, ზორან ჯინჯიჩის ბედი გაიზიაროს. ჯინჯიჩი 2003 წელს, რეფორმების გატარების მცდელობისთვის მოკლეს ულტრანაციონალისტებმა:

„პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ რეალისტურ პოლიტიკას უჭერს მხარს, მაგრამ მხოლოდ სეკულარული სერბიისთვის. მას არ აინტერესებს ღვთიური სერბია! სამწუხაროდ, ამასვე იმეორებდა ჯინჯიჩიც და ჩვენ კარგად ვიცით, რით დასრულდა ეს მისთვის. მაგრამ მხოლოდ ღმერთს ძალუძს განსჯა. არ არსებობს სეკულარული სერბია ღვთიური სერბიის გარეშე!“, მიმართა ათანასემ შეკრებილთ.
სერბი ეპისკოპოსი ათანასე (მარჯვნიდან მეორე) 10 მაისს, ბელგრადში გამართულ დემონსტრაციაზე.

სერბი ეპისკოპოსი ათანასე (მარჯვნიდან მეორე) 10 მაისს, ბელგრადში გამართულ დემონსტრაციაზე.


ამის შემდეგ ეპისკოპოსმა წაიკითხა მიცვალებულთა ლოცვა ახლანდელი პრემიერის, დაჩიჩისა და მისი მთავრობის სახელზე, რამაც ბევრი აღაშფოთა.
კონსერვატული სამღვდელოება მოლდავეთშიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ, მათ შორის ახალ კანონს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. ერთ-ერთმა ავტორიტეტიანმა სასულიერო პირმა დაგმო ეს ძალისხმევა და მას მოლდავეთის „სოდომიზაცია“ უწოდა.

ჯერალდინ ფეიგანი ავტორია წიგნისა „რწმენა რუსეთში: რელიგიური პოლიტიკა კომუნიზმის შემდეგ“. მისი თქმით, რელიგიურს ნაციონალიზმს, რომელსაც გმობდნენ და მწვალებლობად მიიჩნევდნენ მე-19 საუკუნეში, დღეს მყარად აქვს გადგმული ფესვები მართლმადიდებელ კულტურებში.
მართლმადიდებელ სამყაროში ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოება დაკავშირებულია მართლმადიდებლობის შენარჩუნებასთან

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფეიგანმა თქვა, რომ „ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიები წირვას ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის ატარებდნენ, რითაც ეროვნულ სახელმწიფოებს ჩაეყარა საფუძველი. მთელს მართლმადიდებელ სამყაროში უკვე დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოება ღრმად, მისტიკურადაც კია დაკავშირებული ერის მიერ მართლმადიდებლობის შენარჩუნებასთან.“

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორგანიზებული რელიგიები მუდამ ცდილობდნენ, მათი წარმოდგენით არასაჭირო მოდერნიზებისგან დაეცვათ ტრადიციული და ფუნდამენტური ღირებულებები. მაგრამ ევროპაში ამას არავინ აკეთებს ისე აგრესიულად, როგორც მართლმადიდებლობა.

ამასთან ერთად, სეკულარული დასავლეთისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც წესი, მხარს უჭერენ მთავრობებს, თუ ეს მთავრობები ფორმალურად მაინც იცავენ მართლმადიდებლობას. რუსეთის შემთხვევაში კი საერთო შეხედულება, რომ გარე სამყარო მტრულად არის განწყობილი მათი ქვეყნის მიმართ, ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მყარი საფუძველი გახდა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

გასულ თვეში, მაშინ როცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოელ აგენტებად“ მოიხსენიებდა, რუსეთის მართლმადიდებელმა პატრიარქმა კირილემ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფემინიზმს „ძალიან სახიფათო“ მოვლენა უწოდა. კირილეს თქმით, ქალები „შინაგან სულიერებაზე უნდა ზრუნავდნენ“, წინააღმდეგ შემთხვევაში „ყველაფერი დაინგრევა – ოჯახიც და, თუ გნებავთ, სამშობლოც კი“.

ჯერალდინ ფეიგანი ამბობს, რომ თუ მთავრობა ავტორიტარულია, ხელისუფლებასთან ეკლესიის ახლო ურთიერთობა ეჭვქვეშ აყენებს მის მორალურ ძალაუფლებას და სანდოობას. მისი თქმით, ახლა ზუსტად ეს ხდება ბელორუსიაში.

მართლმადიდებელი ეკლესიების თანაცხოვრება სეკულარულ, დემოკრატიულ მთავრობებთან, რაც ფუნდამენტური ღირებულებაა დასავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიახლეა. როგორც კიშინიოველი პოლიტოლოგი იგორ ბოტანი ამბობს, ამ სიახლეზე შეთანხმების პროცესი დღევანდელი მოლდავური სოციო-პოლიტიკის უმთავრესი ნაწილია: „დღეს მოლდავეთში, რომელიც სამართლებრივად სეკულარული სახელმწიფოა, ეკლესია მორწმუნეებს გამუდმებით ახსენებს თავის პოზიციას. თავის მხრივ, სახელმწიფო ეკლესიისგან პოლიტიკაში ჩაურევლობას მოითხოვს. არადა, ეკლესია, გარკვეულწილად, სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს.“

თუმცა, სერბიისა და საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები კულტურულად არიან დაკავშირებული რუსულ ეკლესიასთან, მაგრამ კანონიკურად მას არ ემორჩილებიან, მოლდავეთის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ამგვარად, ის მოსკოვის საპატრიარქოსა და, შესაბამისად, კრემლის ძლიერი გავლენის ქვეშაა.

„ჩემი აზრით“, - ამბობს იგორ ბოტანი - „მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერდა ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული კურსიდან გადახვევას. ის ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოლდავეთის რესპუბლიკა ე.წ. რუსული სამყაროს ნაწილად მოიხსენია.“
იგორ ბოტანი: „მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერდა ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული კურსიდან გადახვევას."

რაც შეეხება სერბიასა და საქართველოს, იქ მთავრობები ხშირად კონსერვატული საეკლესიო წრეებისგან განსხვავებულ პოზიციას იკავებენ. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი განცხადება, რომ სექსუალურ უმცირესობებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც სხვა მოქალაქეებს და საზოგადოება „ნელ-ნელა ამას შეეჩვევა“.

ბელგრადში 10 მაისის დემონსტრაციაზე მართლმადიდებელი სამღვდელოების გაკეთებულ განცხადებებს “სრულიად შეუსაბამო” უწოდა სერბიის პრემიერ-მინისტრმა დაჩიჩმა და დასძინა, რომ სამღვდელოების წარმომადგენლები ისე იქცეოდნენ, თითქოს „ინკვიზიციის დროს“ ვცხოვრობდეთო. ხანდახან ვფიქრობ, რა დააშავა ღმერთმა, ამ ქვეყანაზე ასეთი წარმომადგენლები რომ ჰყავსო, დასძინა დაჩიჩმა.

სეკულარულ მთავრობებსა და კონსერვატორ მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირება აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთისა და ბულგარეთის მაგალითები ცხადყოფს, რომ მართლმადიდებლობა და ევროპული ინტეგრაცია შეუთავსებელი ცნებები არ არის.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG