Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილისა და დეოკუპაციის აქცენტები ეუთოს დეკლარაციაში


ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, დევნილების დაბრუნებისა თუ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვა აქცენტების შემცველ დეკლარაციაში სადავოდ რჩება პოლიტპატიმრების თემა. ლაპარაკია სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე სესიაზე დამტკიცებულ დეკლარაციაზე, რომლის 30-მდე რეზოლუციიდან ორი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებულ აქცენტებს მოიცავს. ერთ-ერთ ფრაგმენტში გამოხატული შეშფოთება ვანო მერაბიშვილის წინასწარ დაკავებას შეეხება და სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს პრეზიდენტი სააკაშვილი ასამბლეის მოწოდებას პოლიტპატიმრების თაობაზე. ”ქართული ოცნება” კი ამ ორ საკითხს ერთმანეთს არ უკავშირებს. რა წერია, სინამდვილეში, სტამბოლის დეკლარაციაში?

სტამბოლის დეკლარაციასთან დაკავშირებით განგაშის ზარი პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ივლისის საღამოს შემოჰკრა. მან თქვა, რომ საქართველომ უახლოესი ისტორიისთვის უპრეცედენტო საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა:

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ტერმინი ”პოლიტიკური პატიმრები” ახსენა საქართველოს კონტექსტში და გამოხატა, როგორც გაგრძელება ამ თემის, შეშფოთება ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავებასთან დაკავშირებით. ის, რომ, უახლეს ისტორიაში პირველად, ეს ძალიან ავტორიტეტული ევროპული ორგანო - ევროპის მთავარი საპარლამენტო ორგანო - ტერმინს „პოლიტიკური პატიმრები“ ხმარობს საქართველოსთან მიმართებაში, ეს არ შეიძლება არ იყოს ჩვენთვის ყველასთვის ჩაფიქრების წყარო”.

”პრეზიდენტი ან ტყუის, ანდა არ იცის რა წერია რეზოლუციაში”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ რეზოლუციაში საქართველოსთვის მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი წერია:

”ვეთანხმები, რომ შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს... ვინ ოხერი არ ეთანხმება, ძალიან მაინტერესებს. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კი შეშფოთებული არიან მის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით და არა იმ საკითხით, უნდა იჯდეს თუ არა ვანო მერაბიშვილი. ეს არის და ეს მერაბიშვილთან დაკავშირებით ნათქვამი, მეტი არაფერი აბსოლუტურად”.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს თუ ოპოზიციის ლიდერს ყოველდღე არ აპატიმრებენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი რამის შემთხვევაში რეაქცია იქნებოდა ადეკვატური...
კორნელი კაკაჩია
რეზოლუციის 152-ე პუნქტში, რომელშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ”სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად” მოხსენიებულ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული შეშფოთებაა გამოხატული, ნახსენები არ არის ტერმინი ”პოლიტიკური პატიმარი”. ვიქტორ დოლიძე 152-ე პუნქტს არ უკავშირებს ამავე რეზოლუციის 108-ე პუნქტს, რომელშიც პოლიტიკური პატიმრების აქცენტი ზოგად კონტექსტშია დასმული. ამ ფრაგმენტში ვკითხულობთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული რჩება მონაკოს 2012 წლის დეკლარაციისა, რომ ეუთოს მთელ არეალში (ანუ ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე) არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომ არ უნდა ვლინდებოდეს ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებთან და შერჩევითი სამართალი. ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, რომ ამგვარ მოწოდებებს, ცხადია, თავადაც უჭერს მხარს, მაგრამ რეზოლუციაში ეს აქცენტი ზოგად სახეს ატარებს და არ უკავშირდება ვანო მერაბიშვილს.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ სადაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, იქ ნებისმიერი ტექსტის შინაარსის ინტერპრეტირებაა შესაძლებელი, თუმცა, მთლიანობაში, ის სტამბოლში დამტკიცებული დეკლარაციის საქართველოსთან დაკავშირებულ აქცენტებს ”დაბალანსებულს” უწოდებს და ფიქრობს, რომ ნორმალურია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოთქმული ეჭვებიც:

”ყოფილ პრემიერ-მინისტრს თუ ოპოზიციის ლიდერს ყოველდღე არ აპატიმრებენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი რამის შემთხვევაში რეაქცია იქნებოდა ადეკვატური. რეპუტაციის შემლახველი ან რაღაც ასეთი არ არის. ანუ ზედმეტი გამუქება ამ სიტუაციაში არ ვარგა არც ერთი მხრიდან”.

ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლიან გასამართლებასთან თუ შერჩევითი სამართლის ალბათობასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეჭვები სხვა დროსაც გამოითქვა. ამგვარი ეჭვების არსებობას ნორმალურად მიიჩნევენ ”ქართული ოცნების” ლიდერებიც და მათ გაფანტვას კვლავაც უცხოელ მეთვალყურეთა მოწვევით ცდილობენ. როგორც ვიქტორ დოლიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ვანო მერაბიშვილის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებული აქცენტი რეზოლუციაში ”ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი პარტიის - ევროპის სახალხო პარტიის - დეპუტატების აქტიურობის შედეგად შევიდა.

3 ივლისს, როდესაც განგაშის ზარები შემოჰკრა, პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სტამბოლის დეკლარაციაში ოკუპირებული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქცენტებია ასახული. კერძოდ, ეს შეეხება დეკლარაციაში შემავალ კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მასში ასახულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება, რომ უზრუნველყოფილ იქნეს „საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის დაწყება” და აქვეა რეკომენდაცია, რომ ”შეთანხმდეს მექანიზმები ყველა დევნილის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”. რეზოლუციაში ასევე ასახულია მოწოდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მისამართით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ვკითხულობთ ასევე, რომ ასამბლეა ”დაჟინებით მოუწოდებს” ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს, აღადგინოს თავისი მისია ბელორუსიასა და საქართველოში, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მტკიცედ დაცვით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG