Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეისწავლის


წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით, თბილისში შეხვედრებს მართავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელიც ამზადებს ნიადაგს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის მუშაობისთვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მასშტაბის იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა დელეგაცია, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ქოლგის ქვეშ იმუშავებს. თუმცა ცნობილია, რომ, ერთად აღებული, ODIHR-ის ქოლგის ქვეშ საქართველოში დაახლოებით 400 მეთვალყურეს ელოდებიან.

პირველი დახურული შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ 20 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართა. შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ის ითქვა, რომ საუბარი მოსამზადებელ სამუშაოებს, დარეგისტრირებულ პოლიტიკურ ძალებსა და ორგანიზაციებს შეეხებოდა. შემდეგ შედგა ასევე დახურული ტიპის შეხვედრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში. ეუთოს დელეგაციას კომენტარი არც ამ შეხვედრის შემდეგ გაუკეთებია, ხოლო კომისიის თავმჯდომარის - პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის - მამუკა კაციტაძის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, სტუმრები კომისიის მიერ გაწეული სამუშაოს მასშტაბებმა გააოცა:

”გადავეცი ის ანგარიში, რომელიც 31 ივლისს წარვუდგინე ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას „კარდაკართან“ დაკავშირებით და გავაცანი ის შედეგები, რაც 1 აგვისტოს, კანონით დადგენილ ვადებში, გადაეცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ძირითადად ჩემის მხრიდან იყო ინფორმაციის მიწოდება და, ვფიქრობ, ამომწურავი. ამის შემდეგ მათ დასვეს მხოლოდ ერთი კითხვა - როგორ მოახერხა კომისიამ ასე მოკლე დროში ასე მასშტაბურად მენეჯმენტის განხორციელება იმისათვის, რომ შედეგები ასეთი დამდგარიყო.”

წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის მოსმენა სტუმრებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოუხდათ, რომლებსაც 20 აგვისტოს ისინი მანამდე უჩვეულო ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდნენ.
კონკრეტული მაგალითები მივაწოდე, თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსები ...
ეკა გიგაური

”დაინტერესება დიდია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. მან არ იცის, თუ რატომ შეარჩიეს სტუმრებმა ინდივიდუალური ფორმატი, თუმცა სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო რომ ჰქონდა, გიგაური კმაყოფილი დარჩა:

”კონკრეტული მაგალითები მივაწოდე, თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსები. ძალიან დაინტერესდნენ ამით, რადგანაც ეს ცალსახად პრობლემატური საკითხია. გარდა ამისა, ვისაუბრეთ მედიაგარემოზე, - ვთქვით, რომ ძალიან კარგია, რომ ”მასთ ქერის” რეგულაციები ამუშავდა, თუმცა ჩვენ ასევე ვთქვით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ”მასთ ქერი” გაგრძელდეს არჩევნების დღეს და ამ დღის შემდეგაც. ვილაპარაკეთ, თუ რა პრობლემები ექმნებათ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით რეგიონში... არის ზეწოლის ფაქტები.”

ეკა გიგაურის შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს, რომლის შთაბეჭდილებითაც, სტუმრებმა გაკვირვება გამოხატეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების დარღვევისთვის გამოყენებულ სანქციებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ვიდრე 21 აგვისტოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ 20 აგვისტოს კიდევ არაერთი შეხვედრა გამართა - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მე-9 არხის“, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” თუ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლებთან.

ამ ცნობაში მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად რამდენკაციანი იქნება ეს მისია და ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფლობენ, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე აქვს გავლილი რეგისტრაცი ...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა, რომელიც ამჟამად თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოკლევადიანი მეთვალყურეების ჯგუფსაც უხელმძღვანელებს. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებსაიტი გვატყობინებს, ტონინო პიცულა, ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის წარდგინებით, მოკლევადიან მეთვალყურეთა მისიის საგანგებო კოორდინატორად 15 აგვისტოს დაასახელა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ეიმონ გილმორმა.

ამ ცნობაში მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად რამდენკაციანი იქნება ეს მისია და ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფლობენ, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე აქვს გავლილი რეგისტრაცია. დღემდე დამკვიდრებული რეგულაციების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა დელეგაცია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ქოლგის ქვეშ მუშაობს, ხოლო მეთვალყურეთა საგანგებო კოორდინატორი, ამ შემთხვევაში ტონინო პიცულა, მჭიდროდ თანამშრომლობს ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელთან.

რაც შეეხება ODIHR-ის გრძელვადიან მისიას, რომელიც არჩევნების მეთვალყურეობისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორც წესი, 6-8 კვირით ადრე ჩადის, ჯერ არ ჩამოსულა საქართველოში. როგორც საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეუთოში, ელჩმა პაატა გაფრინდაშვილმა 20 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, სამეთვალყურეო მისიას სულ მალე, რამდენიმე დღის ფარგლებში, უნდა ველოდოთ. ელჩი კვლავ ადასტურებს ივლისში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეუთო საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 350 მოკლევადიან და 28 გრძელვადიან მეთვალყურეს გამოგზავნის.

გავიხსენოთ, რომ ეუთოს მეთვალყურეთა ”უმოკლეს ვადაში” მოწვევის წინადადებით, საზოგადოებრივი კამპანიის ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გამოდიოდნენ. საერთაშორისო მონიტორინგის პროცესის დაჩქარების მოთხოვნას ისინი ხსნიდნენ მოსაზრებით, რომ დარღვევები, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, უშუალოდ არჩევნების დღემდე რამდენიმე თვით ადრეც ვლინდება. ”ეს შენ გეხებას” ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG