Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება


ეიმონ გილმორი, გრიგოლ ვაშაძე
ეიმონ გილმორი, გრიგოლ ვაშაძე
”ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა საქართველოში ეუთოს ოფისი აღდგეს”, - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეიმონ გილმორმა 12 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. იგი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და ოფიციალურ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კონფლიქტების მოგვარების საქმეში ჟენევის პროცესის მნიშვნელობა, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების აუცილებლობა და სხვ. ეიმონ გილმორის ვიზიტი საქართველოში 12 -13 ივნისს გაგრძელდა.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ ეიმონ გილმორის საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგმა მოიცვა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მთავარი აქცენტებიდან თავად თავმჯდომარემ ორი გამოკვეთა-2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები და დაპირისპირებულ მხარეთა შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატი, ჟენევის პროცესი, და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. მოლაპარაკებებზე განიხილებოდა ასევე ირლანდია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი და პერსპექტიული მიმართულებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განმარტა, რომ საუბარი შეეხებოდა ზოგადად რეგიონში არსებულ სიტუაციასაც, განსაკუთრებით მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტის ფონზე. გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა ასევე ეუთოს მისიის საქართველოში სრული მოცულობით ფუნქციონირების აუცილებლობას. მისია, როგორც მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა დაბლოკა და მისი აღდგენა, 2009 წლიდან მოყოლებული, ეუთოს ყველა თავმჯდომარე ქვეყნის მთავარ პრიორიტეტთა რიგში შედის.

”აუცილებელია ეუთოს სრულმასშტაბიანი მისიის აღდგენა საქართველოში, აუცილებელია ეუთოს მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. არა მაქვს მხედველობაში მარტო პოლიტიკური პროცესები, ვლაპარაკობ იმაზე, რასაც აკეთებდა მისია თავის დროზე. ეს არის ეკონომიკაც, პოლიტიკური რეფორმებიც, დემოკრატიაც”, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
მე მივესალმები საქართველოს მთავრობის მიერ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შემფასებელთა მისიის მოწვევას არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ჩემი ვიზიტის პარალელურად, საქართველოში იმყოფება ეუთოს საჭიროებათა შემფასებელი ჯგუფი...
ეიმონ გილმორი

ეუთო, ეიმონ გილმორის თანახმად, საქართველოში მისიის აღდგენის გზების ძიებას განაგრძობს, ამ ეტაპზე კი ჩართულია საომარი კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების დახმარების ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყლით მომარაგების გაუმჯობესება და დაკავებულთა გაცვლა. რაც შეეხება დემოკრატიას, კერძოდ, არჩევნებს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ეიმონ გილმორი იმედოვნებს, რომ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება:

”მე მივესალმები საქართველოს მთავრობის მიერ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შემფასებელთა მისიის მოწვევას არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ჩემი ვიზიტის პარალელურად, საქართველოში იმყოფება ეუთოს საჭიროებათა შემფასებელი ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, დამკვირვებელთა რა ფორმატისა და ხანგრძლივობის დელეგაცია გამოიგზავნება არჩევნებზე. ჩვენ ველით, რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდება, პროცესი გამჭვირვალე, არჩევნების შედები კი ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების გამომხატველი იქნება.“

ეუთოს საჭიროებათა შეფასების მისიის დელეგაცია საქართველოში, თავის მხრივ, შეხვედრებს მართავს პარტიების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გვითხრა, სამოქალაქო სექტორთან ამ რიგის შეხვედრა 14 ივნისსაა დაგეგმილი. ეკა გიგაურმა განგვიმარტა ისიც, რომ ვინაიდან ხელისუფლებამ დამკვირვებლები უკვე მოიწვია, ეუთო-ოდირის მიერ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მანდატის შესრულება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილ საკითხად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, ამის მიუხედავადაც, მნიშვნელოვანია დასკვნა, რომელსაც საჭიროებათა შემფასებელი ჯგუფი ამ ეტაპზე მოამზადებს.
ეკა გიგაური
ეკა გიგაური

”მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები შეისწავლიან წინასაარჩევნო გარემოს, ანუ შეისწავლიან მედიაგარემოს, შეისწავლიან კანონმდებლობას, რამდენად ეფექტურად არის აღსრულებული კანონი და ასე შემდეგ.როგორც წესი, ისინი აქვეყნებენ ხოლმე შემდეგ ანგარიშს და ეს ანგარიშები საჯარო არის ხოლმე და საინტერესო იქნება,რას დაწერენ ისინი ჩვენს წინასაარჩევნო გარემოზე. ზოგადად, თუკი ზუსტად ის პრობლემატური საკითხები იქნება ხაზგასმული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება ჩვენ შემდგომში კიდევ ვესაუბროთ ხელისუფლებას და რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები გადავადგმევინოთ მათ”, - გვითხრა ეკა გიგაურმა.

და კვლავ ეიმონ გილმორის საქართველოში ვიზიტის აქცენტებზე თუ შევჩერდებით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა საჯარო გამოსვლებში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ 2012 წლის სექტემბერში საქართველოს საზღვრებთან დაგეგმილი სამხედრო წვრთნის” კავკაზ-2012”-ის საკითხს ეუთო ყურადღებით ადევნებს თვალს.
XS
SM
MD
LG