Accessibility links

მონაკოში მიმდინარე 21-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პირველად განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. დოკუმენტის პროექტი მომზადებული და ინიცირებულია პოლონელი დეპუტატის მიხალ შჩერბას მიერ. რით არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მონაკოში განსახილველი რეზოლუციის პროექტი და რა ადგილს იკავებს მასში მოახლოებული არჩევნების თემა?

”რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და მსგავს დოკუმენტებს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგანაც ეს საერთაშორისო თანამეგობრობის ხმას წარმოადგენს... და მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როცა ასეთი დოკუმენტები რამდენიმე ათეული ქვეყნის პარლამენტარების მიერ არის მხარდაჭერილი”, - ასე განმარტავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციების მნიშვნელობას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პოლონელი დეპუტატი მიხალ შჩერბა, რომელიც იმავე ასამბლეაზე საქართველოს საკითხის გასატანად ემზადება.

რატომ გადაწყვიტა გადაედგა ასეთი ნაბიჯი და სწორედ ახლა მოემზადებინა რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით ”სიტუაცია საქართველოში“ ? - ამ შეკითხვაზე პოლონელ დეპუტატს ასეთი პასუხი აქვს:

”ვისურვებდი იმის ხაზგასმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები საქართველოსთვის... და ასევე ვისურვებდი იმის ჩვენებას, რომ არ არის შესრულებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება და რომ ისევ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები და უამრავ ადამიანს, რომლებსაც ჩვენ დევნილებს ვუწოდებთ, არ შუძლიათ დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. ”

თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოსთან გარკვეული სახით დაკავშირებული ბოლო რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წელს დაამტკიცა, ადვილად მივხვდებით, რომ ამ სარბიელზე არასოდეს დამტკიცებულა რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად იქნებოდა მოხსენიებული. მიხალ შჩერბას მიერ მომზადებულ პროექტში კი ვკითხულობთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ”დაჟინებით მოუწოდებს” რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პარლამენტს და ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ნება დართონ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას თავისუფლად შევიდნენ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.”

აღიარებულია საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით; არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებაზე საკუთარ სახლებში ...

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ რუსეთის დელეგაციასთან დაახლოებულმა რამდენიმე დეპუტატმა მოითხოვა რეზოლუციის პროექტიდან ტერმინ ”ოკუპაციის”ამოღება, მაგრამ ასეთი ცვლილება ვერ იქნა დარეგისტრირებული, რადგანაც ცვლილების დასარეგისტრირებლად სამდივნოში საჭიროა, რომ ეს სულ ცოტა 2 ქვეყნის 5-მა წარმომადგენელმა მოითხოვოს.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გარკვეული ცვლილებაა მოსალოდნელი არჩევნებთან დაკავშირებულ პუნქტში. კერძოდ კი, სადაც ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ეუთოს სტანდარტების შესაბამისად, საკითხის ამგვარ ფორმულირებას დაემატება რამდენიმე წინანადება, რომელთა მიხედვითაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი გარემო არჩევნებში ყველა მონაწილისათვის და მედიის თავისუფლად ფუნქციონირებისთვის.

როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მართლაც იგრძნობა დიდი ინტერესი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თავს იჩენს ბევრი მოხალისე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მეთვალყურეობის პროცესში ჩართვა სურთ.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს, გიორგი კანდელაკი მასში რამდენიმე მთავარ აქცენტს გამოყოფს:

გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი

”მაგალითად, აღიარებულია საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით; არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებაზე საკუთარ სახლებში და, რა თქმა უნდა, არის ტერმინი ”ოკუპირებული ტერიტორიებიც”... საქართველოს პოზიციის განმტკიცებისთვის მსოფლიოში და იმ საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის გამყარებისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა, ეს რეზოლუცია იქნება მნიშვნელოვანი წვლილი.”

აქვე გიორგი კანდელაკი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონტექსტსაც, რომ საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეზოლუცია განიხილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, რომელიც, მისი თქმით,”სხვა ყველა ასამბლეასთან შედარებით, წარმოადგენს ფორმატს, სადაც რუსეთის დელეგაცია ყოველთვის ყველაზე ძლიერი პოზიციებით გამოირჩეოდა და ყველაზე ძლიერი გავლენით სარგებლობდა.”

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ ორშაბათს, 9 ივლისს, მონაკოში, 21-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად დაამტკიცებს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტს. ამის იმედი აქვს მიხალ შჩერბასაც, თუმცა პოლონელი დეპუტატი ჯერ 7 ივლისის საკომიტეტო მოსმენისა და რუსეთის დელეგაციასთან სავარაუდო კამათისთვის უნდა მოემზადოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG