Accessibility links

logo-print

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში


ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

10 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის წევრებთან შეხვედრების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ეუთოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

”საინტერესო და სასარგებლო” - ასე შეაფასა 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ძანიერისთან, გამართული შეხვედრა.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, საქართველოს არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ვეტოს გამო საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს. ვაშაძემ მოკლედ მომოიხილა 10 ივლისის შეხვედრის მთავარი საკითხები:

”ვისაუბრეთ რეგიონალურ სიტუაციაზე, იმ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს და ეუთოს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ მოქმედებს ეუთოს სრულფასოვანი მისია... ასევე იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც რეგიონში არსებობს და იმაზე, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ამ საფრთხეებს ეუთოც და მისი წევრი ქვეყნებიც. ასევე ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ეუთოს დამკვირვებლების ჩამოსვლას საქართველოში.”

დღესვე უნდა ჩამოვიდნენ. გუშინაც უნდა ჩამოსულიყვნენ, რადგან საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და, რაც ყველაზე მთავარია ...
თავად ლამბერტო ძანიერიმ განაცხადა, რომ ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის ერთგული რჩება და რომ ეს არის ერთადერთი ფორუმი, სადაც ყველა დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთო ცდილობს სრულყოფილად იყოს ჩართული საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში და ეძიებს გზებს საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის გაძლიერებისათვის. ეუთოს გენერალური მდივნის ყურადღების არეალში მოექცა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც, საქართველოს თხოვნით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)-ის მეთვალყურეები დააკვირდებიან:

”ეს პროცესი მოიცავს როგორც გრძელვადიან სადამკვირვებლო კომპონენტს, რომლის დროსაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოში გრძელვადიანი მისიის წევრი 28 დამკვირვებელი ჩამოვა, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის 350 დამკვირვებლის ყოფნას უშუალოდ არჩევნების დროს.”

ევროპელი დამკვირვებლების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გენერალური მდივნისა და ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზეც, რომელიც 10 ივლისს დილიდანვე გაიმართა და საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი პარტიის - ”თავისუფალი დემოკრატების” - წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ისინი სადამკვირვებლო მისიის არჩევნებამდე არათუ ორი თვით, არამედ კიდევ უფრო ადრე ჩამოსვლის მოსურნენი იყვნენ სწორედ იმ ვითარების გამო, რაც, დოლიძის სიტყვებით, საქართველოშია შექმნილი:

”დღესვე უნდა ჩამოვიდნენ. გუშინაც უნდა ჩამოსულიყვნენ, რადგან საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და, რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური და ფინანსური ძალადობა ყოველდღე მატულობს.”

ვიქტორ დოლიძის თქმით, ეუთოს გენერალურმა მდივანმა განცვიფრება ვერ დამალა, როდესაც ოპოზიციისგან ბოლო დროს კოალიცია ”ქართულ ოცნებაზე” განხორციელებული პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიიღო. თავად ლამბერტო ძანიერიმ მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტოში გამართულ პრესკონფერენციაზეც შენიშნა, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ შექმნილ არათანაბარ პირობებზე ლაპარაკობს და თქვა, რომ ამ საკითხს ეუთოში აუცილებლად განიხილავენ:

ეს რეზოლუცია არ არის ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, ოფიციალური რეზოლუცია, გადაწყვეტილება. ეს არის პარლამენტართა ჯგუფის მოსაზრებების გამოხატულება ...

”ოპოზიციის წარმომადგენლები ჩემთან შეხვედრისას არათანაბარი პირობების გამო ჩიოდნენ, ასევე ლაპარაკობენ შერჩევით სამართალზე - განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიის მომხრეთა მისამართით. მე ვგეგმავ ამ საკითხების განხილვას, თუმცა ნათელია, რომ აუცილებელია დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ეს ყველა მხარის ინტერესებში შედის. ჩვენ კი, ეუთოს მხრიდან, ველით, რომ არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება და პროცესი შეძლებისდაგვარად ტრანსპარანტულად ჩაივლის და, რაც მთავარია, მიღებული შედეგი იქნება ხალხის დემოკრატიული ნება-სურვილის გამომხატველი.”

მედიისათვის საინტერესო იყო კიდევ ერთი საკითხი - რუსეთის მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012“. შეგახსენებთ, სწორედ მსგავსი წვრთნები უსწრებდა წინ 2008 წლის აგვისტოს ომს. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამჯერად საქართველოსათვის საფრთხეს შეიცავდეს ეს წვრთნები, ეუთოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ საქართველოს შეუძლია ეს საკითხი ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების ფორუმზე დასვას განსახილველად.

10 ივლისის შეხვედრების დროს ასევე აქტუალური იყო წინა დღით საქართველოში სიტუაციის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული. ამ ფაქტის კომენტირებისას ძანიერიმ თქვა, რომ ეს რეზოლუცია შეიძლება შეფასდეს როგორც ”პოლიტიკური სიგნალი და მისი ღირებულებაც სწორედ ესაა”.

”ეს რეზოლუცია არ არის ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, ოფიციალური რეზოლუცია, გადაწყვეტილება. ეს არის პარლამენტართა ჯგუფის მოსაზრებების გამოხატულება და მეც აუცილებლად ჩავხედავ კონკრეტულად რა წინადადებები აქვთ ამ პარლამენტარებს.”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რომელმაც ასევე შეაფასა ამ რეზოლუციის მნიშვნელობა, აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტების რიცხვი მომავალში გაიზრდება, თუმცა მათგან მყისიერ შედეგს არ უნდა ველოდეთ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG