Accessibility links

logo-print
ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნა ასახულია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში, რომელიც სტამბოლში მიმდინარე 22-ე სესიაზე, 3 ივლისს უნდა დაამტკიცონ. ბევრისთვის ცხადია, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ აქცენტებს შეეწინააღმდეგება რუსეთი, რომლის მიზეზითაც შეწყვიტა ეუთოს მისიამ საქმიანობა საქართველოში. არსებობს თუ არა მისიის დაბრუნების შანსი?

ძველებურად ეუთოს მეთვალყურეთა ცხინვალის რეგიონში დაბრუნების ილუზია არა აქვს, მაგრამ ჩიხში შესული სიტუაციიდან გამოსავალზე ლაპარაკობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე. სწორედ მისი ინიციატივით შევიდა რეზოლუციის პროექტში ეუთოს მისიის საქართვველოში დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც უკვე მოწონებულია საკომიტეტო დონეზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სატელევიზიო კომენტარში აღნიშნავს, 3 ივლისს განსახილველ რეზოლუციაში ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით არის მოთხოვნილი და ამ კუთხით რამდენიმე ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი:

”ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი, იგივე ოდირი (ODIHR), ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები, სასამართლოს რეფორმირების საკითხებში წარმომადგენლები, იურისტები
თუკი ჩამოვლენ და ამგვარი ოფისი გაიხსნება და საქართველო ამისთვის მზად არის და პოლიტიკურ ნებას გამოთქვამს, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი დემოკრატიისკენ”.

რუსეთი მოითხოვს ისეთ სტატუსს, რომელიც დე ფაქტო მოახდენს იმის ლეგიტიმაციას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის დამოუკიდებელი. ეს იყო მათი მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში და იმიტომაც არაფერი არ გამოდიოდა...
იმას, რომ პროცესში შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვნი წინსვლა გამოიკვეთოს, სკეპტიკურად უყურებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, უმცირესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი. მისი თქმით, რეზოლუცია საქართველოში მისიის დაბრუნების მოთხოვნის გათვალისწინებითაც რომ დამტკიცდეს, საკითხს რუსეთი პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის აღმასრულებელ დონეზე:

”რუსეთი მოითხოვს ისეთ სტატუსს, რომელიც დე ფაქტო მოახდენს იმის ლეგიტიმაციას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის დამოუკიდებელი. ეს იყო მათი მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში და იმიტომაც არაფერი არ გამოდიოდა. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეუთოში რუსეთის ფედერაციას აქვს ვეტო და ამ ვეტოს გამოყენებით გვიბლოკავს ყველა წინადადებას, რომელიც ერთიან საქართველოში რაიმე მისიის შემოსვლასთანაა დაკავშირებული”.

გახსოვთ ის შემთხვევები, როდესაც მავთულხლართების გადმოწევა და ასეთი თემები იყო. ასეთ დროს მსოფლიომ რეალური სურათი უნდა მიიღოს ობიექტური, დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან...
საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობას რუსეთმა ვეტო მას შემდეგ დაადო, რაც მან, ოკუპაციის კვალდაკვალ, საქართველოს რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ამჟამად ეუთოს როლი საქართველოსთან მიმართებით განისაზღვრება თანათავმჯდომარის რანგით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მეურვეობით. სხვადასხვაგვარი მცდელობისა და საკმაოდ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, 2009 წლის შემდეგ ვერც ერთმა მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ ვერ მოახერხა ეუთოს სრულფასოვანი მისიის დაბრუნება საქართველოში. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა საბერძნეთის თავმჯდომარეობა, თუმცა რუსეთი არც მის მიერ შეთავაზებული სტატუსნეიტრალური მისიის ამოქმედების იდეას დასთანხმდა. ეუთოს საქმიანობის დაბლოკვის შესაძლებლობა რუსეთს მისცა ეუთოში დამკვიდრებულმა კონსენსუსის პრინციპმა, რომლის მიხედვითაც, ამა თუ იმ საკითხის ჩასაგდებად 57 წევრი სახელმწიფოდან რომელიმე ერთის უარიც საკმარისია.

იმის გამო, რომ ეუთოს ერთ წევრ სახელმწიფოს მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული და, ამდენად, ვითარება არაორდინარულია, მიდგომებიც ”ინოვაციური” უნდა იყოს, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სტამბოლში მიმდინარე სესიაზე 1 ივლისს შეუერთდა. პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს დაბრუნების შანსს ხედავს:

”არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობა, თუ ეუთოს წარმომადგენლობა ვერ იქნება. გზები არსებობს. რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს - ეს უნდა გავიაზროთ: უსაფრთხოების სტანდარტის გასაზრდელად. გახსოვთ ის შემთხვევები, როდესაც მავთულხლართების გადმოწევა და ასეთი თემები იყო. ასეთ დროს მსოფლიომ რეალური სურათი უნდა მიიღოს ობიექტური, დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირის მონიტორებიც და ეუთოს მისიაც. ეს არის პრევენცია და გარანტია იმისა, რომ არსებული ვითარება კიდევ არ გაუარესდება და წინაპირობა იმისა, რომ შესაძლოა წინ წავიწიოთ ახლო მომავალში ამ თვალსაზრისით.”
XS
SM
MD
LG