Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა რაოდენობას აზვიადებენ?


2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა დევნილთა ახალი ტალღა წარმოქმნა. ათობით ათასი ადამიანი, რომელიც დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დევნილთა რაოდენობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, თუმცა ირკვევა, რომ ამ მხრივ ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი სცოდავენ. განსაკუთრებით არასაიმედოა მონაცემები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მცხოვრებ დევნილთა რაოდენობას ასახავს.

ვარვარა პახომენკო, რუსეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ხელმშემწყობი ცენტრის - „დემოსის“ - თანამშრომელი, დევნილთა პრობლემებზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მუშაობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეღწევა უჭირთ, ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული ვითარება გაცილებით უარესადაა შესწავლილი, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ამასთან, ბუნდოვანია დევნილების გადაადგილების დინამიკა როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ჩრდილოეთით, რუსეთის მიმართულებით.

ვარვარა პახომენკოს აზრით, პრობლემას ის გარემოება ართულებს, რომ საქართველოსა და რუსეთში დღემდე ცხოვრობენ გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად გაჩენილი დევნილები. გაეროს ცნობით, ოცი წლის წინანდელი კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთი 10 ათასმა ეთნიკურმა ქართველმა დატოვა, ხოლო ამდენივე ოსი, კავკასიონის ქედის გავლით, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა. ამასთან, ხუთი ათასმა ეთნიკურმა ოსმა დატოვა საკუთარი სახლი, თუმცა საცხოვრებლად კვლავ ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დარჩა. მთლიანობაში, მაშინ საქართველოს ტერიტორია სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა 60 ათასმა ეთნიკურმა ოსმა დატოვა. ამათგან მხოლოდ 5 ათასი დასახლდა ცხინვალის რეგიონში, დანარჩენმა კი ჩრდილოეთ ოსეთს მიაშურა. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს: 2008 წლის აგვისტომდე საქართველოში 220 ათასი დევნილი ირიცხებოდა. ომის დროს ეს რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში დევნილთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შინ დაბურუნება მოახერხა. ვარვარა პახომენკოს თქმით, ინფორმაციის დამახინჯება ყველა კონფლიქტს ახლავს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არის დამახინჯების მიზეზი:

„დიდი მნიშვნელობა აქვს მიგრაციის სტატისტიკას, როგორც მოცემულობას, ხელისუფლებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, თუმცა, როგორც წესი, მიგრაციასთან, დევნილებთან დაკავშირებული ინფორმაცია დამახინჯებულია. სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რას უკავშირდება ინფორმაციის დამახინჯება, რა არის ამის მიზეზი: უბრალო შეცდომა და ინფორმაციის ნაკლებობა თუ შეგნებული ქმედება, რათა მიმდინარე მოვლენების მიკერძოებული ინტერპრეტირება მოხდეს.“

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დევნილთა მიგრაციის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები თითქმის დაემთხვა ერთმანეთს. მათ მიხედვით, რუსეთის ტერიტორიაზე გადასული დევნილების რიცხვი 30-დან 38 ათასამდე მერყეობდა. მონაცემების ამგვარი თანხვედრა თითქოს მათ სიზუსტეზე უნდა მეტყველებდეს, მაგრამ ვარვარა პახომენკო მიიჩნევს, რომ ამისთვის ასევე საჭიროა წყაროებისა და კვლევის მეთოდების სიმრავლე.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით ძირითადად ის ადამიანები და ორგანიზაციები სარგებლობენ, რომლებზეც დამოკიდებულია საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. წესით, გაეროს მონაცემები - იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტამდე ოფისები თბილისშიც ჰქონდა და ვლადიკავკაზშიც - ფასეული და ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ ირკვევა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მმართველობა არ აწარმოებდა დამოუკიდებელ მონიტორინგს. კომისარიატის იმდროინდელი ცნობების მიხედვით, სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში შესული დევნილების რაოდენობა გაიზარდა 30 ათასიდან 35 ათასამდე. ამასთან, 2008 წლის აგვისტოში 32 ათასი ადამიანი უკან დაბრუნდა. „დაეყრდნო რა რუსეთის ხელისუფლების მონაცემებს, დევნილთა კომისარიატმა არ მიუთითა დევნილების ჩრდილოეთი მიმართულებით გადაადგილების დინამიკა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვარვარა პახომენკომ:

„მონაცემების შედარებითა და ანალიზით ცხადი ხდება, რომ გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატი, ყოველგვარი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარეშე, ეყრდნობა და აქვეყნებს ხელისუფლების მიერ მიწოდებულ მონაცემებს. რუსეთის მიერ დევნილების მიღების უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ არაა მითითებული წყარო.“

ამგვარი გარემოება ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ დევნილების - განსაკუთრებით რუსეთში გადასული დევნილების - რაოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასანდო, საეჭვო და გაზვიადებულია. ეს გარემოება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბევრი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია აგვისტოს ომზე მომზადებულ ანგარიშებში სწორედაც რომ გაეროს უმაღლესი კომისარიატის მონაცემებს ეყრდნობა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG