Accessibility links

logo-print
ვლადიკავკაზში მცხოვრები დევნილები სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნელი ფუხაევასთან დევნილთა პრობლემები განიხილა. ფუხაევას მონაცემებით, 4000 ოჯახი ვლადიკავკაზში ისევ აღრიცხვაზე იმყოფება და საცხოვრებელი არ გააჩნია. ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში 12 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი 40 დროებით ჩასახლებაში ცხოვრობს. ამ ადამიანებმა საქართველოს ტერიტორია ძირითადად 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვეს, მაგრამ ბევრი ცხინვალიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წავიდა ვლადიკავკაზში და უკან აღარ ბრუნდება.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დასვა დევნილების სამხრეთ ოსეთში დაბრუნების საკითხი, მაგრამ ეს სოციალურ–პოლიტიკური პრობლემა დღემდე მწვავედ დგას. დაახლოებით ერთი წლის წინ ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ვლადიკავკაზში ჩავიდა, დევნილებს ახალგორის ტერიტორიაზე დაბრუნება შესთავაზა და იქ მიწის ნაკვეთების მიცემას შეჰპირდა, მაგრამ დაბრუნების სურვილი არავის გასჩენია. ახლა იმავე საკითხზე მუშაობა თიბილოვმაც დაიწყო. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დევნილებში პატრიოტული გრძნობები გააღვიძოს და, პირობების არარსებობის მიუხედავად, უკან დააბრუნოს, მაგრამ ეს მაინც არ მუშაობს. ვლადიკავკაზში მცხოვრები დევნილები იქაურ გარემოს შეეჩვივნენ, მოხდა ინტეგრაცია, ზოგმა სამსახური იშოვა, ზოგმა ბიზნესი წამოიწყო, ზოგმა სწავლა გააგრძელა, ამიტომ ამ ყველაფრის მიტოვება შეუძლებლად მიაჩნიათ.

ოსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დევნილთა დაბრუნება შეუძლებელია. უფლებადამცველი ანატოლი სიდაკოვი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ საუბარი დევნილთა დაბრუნებაზე უაზრობაა, რადგან სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დევნილთა დაბრუნების პრობლემაზე არ მუშაობს - არ მოუმზადებია სოციალურ-ეკონომიკური ბაზა და, პირიქით, საკუთარ ხალხს ძარცვავს. გარდა ამისა, სიდაკოვის აზრით, ეს პრობლემა ვერც მიწის ნაკვეთების დარიგებით მოგვარდება, რადგან თითქმის 20 წელია ეს ადამიანები რუსეთის მოქალაქეები გახდნენ და მიაჩნიათ, რომ მათი პრობლემა რუსეთის ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, საქართველოდან წასული დევნილების დიდ ნაწილს კი სამხრეთ ოსეთი დღემდე სამშობლოდ არ მიაჩნია.

ჩვენი რადიოს ვლადიკავკაზელ კორესპონდენტთან საუბარში ერთ-ერთმა დევნილმა, გიორგიმ, რომელმაც ცხინვალი 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვა, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მისმა ოჯახმა მიწა იყიდა, სახლიც შეიძინა და ცხოვრება როგორღაც მოიწყო. ამჟამად გიორგი ვაჭრობით არის დაკავებული და უკან დაბრუნებას არ აპირებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენპროკურორი ახსარ კოჩიევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში ხალხის დაბრუნებას არა მარტო სოციალურ-ეკონომიური პრობლემები უშლის ხელს, არამედ მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარება, განუკითხაობა და კორუფცია სახელისუფლებო სტრუქტურებში. ამიტომ ახლაც, როცა მშვიდობიანი დროა, კოჩიევის აზრით, სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ფედერაციაში ხალხის გადინება შეინიშნება.

ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას თიბილოვის ხელისუფლება ვერ გადაჭრის, რადგან ადამიანები ცხოვრების უკეთეს პირობებს ეძებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოკოითის მომხრე შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები ლიახვის ხეობიდან ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას სახლებიდან აძევებდნენ, ამ სახლებს კი ჯერ ძარცვავდნენ და შემდეგ წვავდნენ. მაშინ არაერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ყველაზე უგუნური საქციელი, რადგან იმ დროს, როცა ათასობით საკუთარი დევნილი უსახლკაროდ გყავს, სხვის სახლებს იმისათვის წვავ, რომ უკან დაბრუნება ვეღარავინ შეძლოს. არადა, ამ სახლებში დროებით მაინც საკუთარი მოსახლეობის შესახლება შეეძლოთ. დღემდე ცხინვალში არაერთი დაზარალებული ოჯახი ისევ კარვებში ცხოვრობს. ვლადიკავკაზიდან უკან დაბრუნებას არავინ აპირებს - პირიქით, ახალგაზრდების დიდ ნაწილს რუსეთში გაქცევაზე უჭირავს თვალი, დე ფაქტო რესპუბლიკა კი სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG