Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსი პოლიტიკოსები გენოციდის აღიარებას მოითხოვენ


ცხინვალი
ცხინვალი
ოსი პოლიტიკოსები რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მხრიდან ოსთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართავენ. სახალხო და სოციალისტური პარტიის ლიდერებმა როლანდ ქელეხსაევმა და ვიაჩესლავ გობოზოვმა ერთობლივი საბჭო შექმნეს, რომელმაც გენოციდის აღიარების საკითხზე უნდა იმუშაოს. ვიაჩესლავ გობოზოვი მიიჩნევს, რომ ოსი ხალხის გენოციდის აღიარების მიღწევა სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვანი ამოცანაა, როლანდ ქელეხსაევი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლება ოსთა გენოციდს აღიარებს. ქელეხსაევის თქმით, ოსი ხალხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რამდენჯერმე გახდა გენოციდის მსხვერპლი - ჯერ მე-20 საუკუნის დასაწყისში და შემდეგ, მოგვიანებით, 90-იანი წლების კონფლიქტის დროსაც. ქელეხსაევი 2008 წლის აგვისტოს ომსაც გენოციდად მიიჩნევს. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი ოსების შევიწროების ფაქტებს აგროვებს. მის არქივში 10 ათასამდე ადამიანის საქმე ინახება, რომლებმაც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განიცადეს, თუმცა მაყაევი ჩვენს რადიოსთან საუბარში ამტკიცებს, რომ ოსი პოლიტიკოსების იდეა გენოციდის აღიარების თაობაზე იურიდიულად დაუსაბუთებელია. მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლთა შორის შეიარაღებული ადამიანებიც არიან, ამიტომ, საერთაშორისო კანონმდებლობით, ეს გენოციდი არ არის.

ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ ოს პოლიტიკოსებს მხოლოდ თავის გამოჩენა მოუნდათ და მათ წამოწყებას პერსპექტივა არა აქვს. ბენდიანიშვილის აზრით, პრეტენზია ქართულ მხარეს უფრო უნდა ჰქონდეს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში მომხდარი ეთნიკური წმენდისა და ათობით სოფლის გადაწვის გამო.

ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლი ოსი პოლიტიკოსების მიერ წამოწეულ გენოციდის აღიარების საკითხს მხარს არ დაუჭერს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალში მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩერქეზების გენოციდი აღიარა.
XS
SM
MD
LG