Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურ მხარეს ეთნოგრაფიული არქივი გადაეცა


ლუდვიგ ჩიბიროვის საკანდიდატო დისერტაციის ნაშრომის ფოტო მასალა
ლუდვიგ ჩიბიროვის საკანდიდატო დისერტაციის ნაშრომის ფოტო მასალა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბრაგვაძე ეთნოგრაფიული საარქივო მასალების შეკრებასა და ციფრულ დამუშავებაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ეს მასალები ოსური და აფხაზური მხარეებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ცხინვალსა და ვლადიკავკაზში მალე ეთნოგრაფიული არქივები ჩავა. ეს არქივები საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში იყო დაცული. ზურაბ ბრაგვაძემ ეთნოგრაფიული არქივი ოსური დელეგაციის წარმომადგენლებს ვენაში გადასცა. ავსტრიის დედაქალაქში მისი კოლეგა, დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ნელი თაბოევა უნდა ჩასულიყო, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას ვენაში წასვლა ლეონიდ თიბილოვმა აუკრძალა.

არქივი ოსური სამოქალაქოსექტორის წარმომადგენლებმა წაიღეს. ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, არქივების დამუშავება 2012 წლიდან დაიწყო. 2013 წელს აფხაზურ მხარეს გადაეცა აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციების საველე ანგარიშები, რომლებიც ინახებოდა თბილისში. ასლები კი იყო სოხუმში დაცული, მაგრამ 90-იანი წლების კონფლიქტის დროს განადგურდა. შემდეგ აფხაზებსეთნოგრაფიული მასალები გადასცეს, შარშან კი ოსებს არქეოლუგიური არქივი გადაეცათ. ამის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობისკონფლიქტების მოგვარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის დახმარებით, დაიწყო ეთნოგრაფიული საარქივო მასალის შეგროვება და გაციფრულება ოსური მხარისთვის. ეს მასალები მოიცავს ცხინვალის, ჯავის, ახალგორის რაიონებში ჩატარებულ ეთნოგრაფიულ კვლევებს. გარდა ამისა, ქართველმა ეთნოგრაფებმა ჩრდილოეთ ოსეთის მრავალ სოფელშიც იმუშავეს. მათ მდიდარი მასალა დატოვეს ოსების ეთნოგრაფიული ყოფის, საცხოვრებელი გარემოს, წეს-ჩვეულებების და სამეურნეო საქმიანობის შესახებ. საველე დღიურების გარდა, არის ძველი ფოტოები. პირველი ეთნოგრაფიული კამპანია, რომელსაც ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია ეწოდა და რომელმაც მთელი შიდა ქართლი და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი მოიარა, 1947 წელს ჩატარდა. 60-იან წლებში ექსპედიციამ გააფართოვა მასშტაბი და მოიცვა მცხეთა-მთიანეთი, კახეთის რაიონები და დიდოეთი. ამ არეალში მოექცა ის სოფლები, სადაც ოსები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. ზურაბ ბრაგვაძე ამბობს, რომ ეს არქივი, ოსების ყოფა-ცხოვრების კვლევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მასალაა.

ჩრდილოეთ ოსეთის, სოფელ ხარისკინის კოშკები, ქართველი ეთნოგრაფების ჩანახატები. 1966 წელი.
ჩრდილოეთ ოსეთის, სოფელ ხარისკინის კოშკები, ქართველი ეთნოგრაფების ჩანახატები. 1966 წელი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული მხარე საარქივო მასალებს ოსურ და აფხაზურ მხარეებს გადასცემს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხების სამმართველოს უფროსი მარინა სალუქვაძე ამბობს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელება.

ვენაში საარქივო მასალების პრეზენტაციის დროს ქართველი ეთნოგრაფების ვერა ბარდაველიძის, ჟუჟუნა ერიაშვილის, ნელი ბრეგაძის, რუსუდან ხარაძისა და ჯულიეტა რუხაძის გვერდით დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ლუდვიგ ჩიბიროვის, ფოტოც გამოჩნდა. ჩიბიროვმა საკანდიდატო დისერტაცია თბილისში 1963 წელს დაიცვა, იკვლევდა ოსების ყოფა-ცხოვრებას. მოგვიანებით დაცული სადოქტორო დისერტაცია ამ თემის გაგრძელება იყო.ლუდვიგ ჩიბიროვი მონაწილეობდა სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში. არქივში აღმოჩნდა მისი ნაშრომები და საკანდიდატო დისერტაციის ფოტოალბომიც, რომლის ციფრული ასლი ოსურ მხარეს გადაეცა. ზურაბ ბრაგვაძის თქმით, ლუდვიგ ჩიბიროვი ცნობილი ეთნოგრაფია, რომელმაც ქართული ეთნოგრაფიის სკოლა გაიარა და დიდი როლი ითამაშა ოსების ეთნოკულტურის კვლევის საქმეში.

სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის პირველი რუკა. 1923 წელი.
სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის პირველი რუკა. 1923 წელი.

პრეზენტაციისას ოსური დელეგაციიდან ერთ გოგონას თვალზე ცრემლი მოადგა, კონფერენციის ორგანიზატორები მიზეზით დაინტერესდნენ. გოგონას თქმით, ის ოსების გაქრისტიანების საკითხით იყო დაინტერესებული და ამ თემაზე მწირი მასალა ჰქონდა, ზურაბ ბრაგვაძის პრეზენტაციაში კი მან ამ საკითხებზეც იპოვა საინტერესო ინფორმაცია და ამან ააღელვა. მოგვიანებით ამ ახალგაზრდას ინტერვიუ ვთხოვეთ, მაგრამ უარი განაცხადა, პირად საუბარში კი თქვა, რომ უკან დაბრუნებისთანავე ამ მასალების გაცნობას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასალებში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის პირველი რუკის ფოტოასლიცაა, რომელიც 1923 წლით თარიღდება. ისტორიკოსი ზურაბ ბრაგვაძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ ეს მასალები ოსებს და აფხაზებს უპირობოდ უნდა გადასცეს. მას არ აქვს ილუზია, რომ კონფლიქტის მოგვარება ხვალვე დაიწყება, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ საქმეში თითო აგურის დადება ისტორიკოსებსაც შეუძლიათ.

სხვადასახვა სახის არქივების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკება კვლავაც გრძელდება. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ აფხაზებს სოხუმის შესახებ ვიდეოარქივების მიღების სურვილიც აქვთ. ამ მიმართულებით მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG