Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არათავისუფალი ოსური მედია


ცხინვალი
ცხინვალი
ოსმა ჟურნალისტებმა ცხინვალში პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. 1906 წლის 23 ივლისს დაიბეჭდა პირველი „ოსური გაზეთი“ („ირონ გაზეტ“), ამიტომ ცხინვალელმა ჟურნალისტებმა ეს თარიღი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დღედ გამოაცხადეს. ადგილობრივი მედია მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკაში თავისუფალ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკაზე საუბარი შეუძლებელია.

იყო მცდელობა, რომ განვითარებულიყო თავისუფალი მედია - მაგალითად, სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი გაზეთ „21-ე საუკუნეს“ გამოსცემდა, მაგრამ კოკოითის ხელისუფლებასთან დაპირისპირების და ფინანსური პრობლემების გამო ეს გაზეთი ხშირად არასტაბილურად გამოიცემოდა, ბოლოს კი მისი გამოცემაც შეწყდა.

ოსური ტელევიზიაც, გაზეთიც და რადიოც ყოველთვის მკაცრად კონტროლდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. კოკოითის მმართველობის პერიოდში მედიის კონტროლი განსაკუთრებით მკაცრი იყო. ამჟამად ოსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში კონტროლი შესუსტდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ინტერნეტის განვითარება კი სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ინტერნეტმედიის გაძლიერების შანსს იძლევა. პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი პრესის და ტელევიზიის დამოუკიდებლობა კიდევ დიდხანს ვერ შედგება, ამიტომ დიდ იმედებს ინტერნეტზე ამყარებს.

„არასამთავრობო მედიის შექმნა ჩვენთან რთულია, ამიტომ ახლო მომავალში მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ არასახელმწიფო პრესა და, მით უმეტეს, არასახელმწიფო ტელევიზია გაჩნდეს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, დაფინანსებასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ახლა პოლიტიკური წინააღმდეგობები ამისთვის აღარ არის. ეს კიდევ იმასთან არის დაკავშირებული, რომ საზოგადოებაში ჯერ თითქოს არც არის ამ საქმეზე შეკვეთა, მაგრამ არსებობს ინტერნეტი. ინტერნეტზე ახლა მოთხოვნილებაა და მას უპირატესობა აქვს. ჩვენი პოლიტიკური პროცესის აქტივისტებიც ხშირად ფიგურირებენ ინტერნეტსივრცეში“
, – აცხადებს კოსტა ძუგაევი.

კოსტა ძუგაევი თვითონაც ფიქრობს, რომ ანალიტიკური ინტერნეტგამოცემა შექმნას. ცხინვალის მედიაცენტრ „ირ“-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა მიიჩნევს, რომ პატარა სარეკლამო ბაზრის გამო შეუძლებელია ცხინვალში დამოუკიდებელი მედია განვითარდეს. მისი აზრით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აქტიურდებიან პოლიტიკური პარტიები და, პირველ რიგში, აქცენტს პარტიულ პრესაზე აკეთებენ.

„ახლა მოთხოვნილება უკვე გაჩნდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ის პარტიები, რომლებიც დეკლარირებენ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას, ყველაზე საინტერესოა, რომ სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იწყებენ, ესე იგი სამოქალაქო აქტივობაც იზრდება“, – ამბობს ირინა გაგლოევა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას ისიც უშლის ხელს, რომ ადგილზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები არ მუშაობენ. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა ცხინვალში ეუთო ქალთა ჟურნალის გამოცემას აფინანსებდა, მაგრამ პროექტი დასრულდა და გამოცემამაც არსებობა შეწყვიტა. საერთაშორისო ორგანიზაციები კი დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეუშვან ისინი ცხინვალში, სადაც, ჰუმანიტარული პრობლემების გარდა, სამოქალაქო აქტივობისა და მედიის პროექტებსაც დააფინანსებენ. მაგრამ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.
XS
SM
MD
LG