Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური სამოქალაქო სექტორი – ახალი მტრის ხატი


ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი სტამბოლში
ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი სტამბოლში
თითქმის ერთი თვეა ცხინვალში არ წყდება დისკუსია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შესახებ, რომლებიც ქართველ კოლეგებს სტამბოლში სამოქალაქო დიალოგის ფარგლებში შეხვდნენ. კოსტა ძუგაევს, დინა ალბოროვას და ლირა კოზაევას სატელევიზიო სიუჟეტებს და საგაზეთო სტატიებს უძღვნიან და მათ მოღალატეობრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ.სტამბოლში გამართულ ბოლო შეხვედრაზე პოლიტოლოგმა და ფილოსოფოსმა კოსტა ძუგაევმა თავის მოხსენებაში წამოაყენა იდეა 5 წლით გვერდით გადაიდოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები და დაიწყოს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება. ცხინვალში ძუგაევის მოსაზრებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, დე ფაქტო პრეზიდენტმა თიბილოვმა კი იგი ოსი ხალხის ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ყველა საკითხის გასარკვევად დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას ითხოვენ. თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რეალურად სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და, როგორც ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, ხელისუფლება მათ დემონიზაციას ცდილობს. დინა ალბოროვა, სამოქალაქო დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე, აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამჟამად ორი სიუჟეტი აქვს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის: ერთი – რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და მეორე – შიდა მტრები, რომლებიც სამშობლოს ყიდიან.

„ამ ადამიანებს არ ესმით სინამდვილეში რა ხდება და რა უჯდება სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნისათვის დადებითი იმიჯის შექმნა და ჯანმრთლეობისა და ნერვების რა ძალისხმევა სჭირდება, რომ ვიპოვოთ მეგობრები საერთაშორისო ორგანიზაციების სახით, არ ესმით, რომ ჩვენ მაინც ვზემოქმედებთ ჩვენს ქართველ კოლეგებზე, რომლებიც ასევე პროპაგანდით არიან მოწამლულები. სწორედ ჩვენი შეხვედრების ასეთი ფორმატი აძლევს ადამიანებს დაუმახინჯებელ ინფორმაციას. მინდა შეგახსენოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება გახდა ობიექტური ინფორმაციის რუპორი, რომელიც 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდებოდა და დიდწილად ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეგვეცვალა საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრება, თუ აქ რა ხდებოდა“, – ამბობს დინა ალბოროვა.

გარესამყაროსგან თვითაღიარებული რესპუბლიკის იზოლაცია არაეფექტურ სტრატეგიად მიაჩნია ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერს ლირა კოზაევას. მისი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამართული ცოცხალი დიალოგი სამხრეთ ოსეთს მხოლოდ წაადგება.
რაც მეტი იქნება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მით ნაკლები იქნება საერთაშორისო აღიარების შანსი ...
დინა ალბოროვა

„ეს არის ერთადერთი მოედანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, როცა მის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება შეუძლიათ იმის შესახებ, რომ ჩვენ შავი ხვრელი არ ვართ, როგორადაც მათ მივაჩნივართ, არამედ ვართ ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და რომელსაც აქვს ღირსებაც და ხარვეზებიც, მაგრამ უნდა, რომ წავიდეს წინ საკუთარი კოლოსალური დემოკრატიული რესურსებით“, – აცხადებს ლირა კოზაევა.

რა სჭირდება სამხრეთ ოსეთს? ხელისუფლებამ და საზოგადოებამ გააერთიანოს ძალისხმევა და მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას თუ ეს ძალისხმევა სამშობლოს და ხალხის მტრების გამოსავლენად მიმართოს? – ეს კითხვა აქვს დინა ალბოროვას, კითხვა, რომელზეც პასუხს თვითონვე იძლევა.

„ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი საგარეოპოლიტიკური ამოცანა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების პროცესის გაფართოებაა, მაგრამ როგორ უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი, თუ ჩვენ არ გვექნება კონტაქტი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან? იხატება ასეთი პოზიცია – ევროპის ქვეყნები მხარს საქართველოს უჭერენ და ასეთ შემთხვევაში მათთან სალაპარაკო არაფერია. მაშინ ამ სფეროში როგორღა უნდა ვიმუშაოთ? კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, დაკავშირებული აღიარებასთან - ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა. რაც მეტი იქნება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მით ნაკლები იქნება საერთაშორისო აღიარების შანსი. საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს აღიარებს ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებს“, – განმარტავს დინა ალბოროვა.
ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - მაქსიმალურად იყოს შეზღუდული პოზიცია, თუნდაც ჰორიზონტალურ დონეზე, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ...
ზურაბ ბენდიაშვილი

ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორი ვერსია აქვს ზურაბ ბენდიანიშვილს,თავმჯდომარეს კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“. მისი აზრით, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ისეთ ლიდერებზე დაიწყო, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ლოიალობით გამოირჩეოდნენ. ბენდიანიშვილის თქმით, რუსეთი ცდილობს ყველა აქტივობა, რაც კი თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩნდება, მის კონტროლს იყოს დაქვემდებარებული.

„ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - მაქსიმალურად იყოს შეზღუდული პოზიცია, თუნდაც ჰორიზონტალურ დონეზე, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის, მანამდე, ვიდრე რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები არ გაარკვევენ ურთიერთობებს. რუსეთს უნდა დააფიქსიროს, რომ აბსოლუტურად მთლიანად - ძირიდან თავამდე - აკონტოროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციას. ან, მეორე ვერსიით, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი ხელისუფლების შემოქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ არ იცის, რა რეაქცია ექნება რუსეთს ასეთი კონტაქტების განვითარებაზე ახალ რეალობაში. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო აქტივობები, რომ მოსკოვის ზემდგომი პოლიტიკოსებისაგან არ მიიღოს საყვედური“,– აცხადებს ზურაბ ბენდიანიშვილი.

თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალი ეტაპი დაიწყებოდა, მაგრამ მათი იმედები თიბილოვის ხელისუფლებამ ვერ გაამართლა. ნაცვლად მხარდაჭერისა, ოსური სამოქალაქო სექტორი, რომელსაც დასავლეთი აფინანსებს, საფრთხის შემცველად მიიჩნევა და მისგან მტრის ხატი იქმნება.
XS
SM
MD
LG