Accessibility links

logo-print

„მართალი კაცი“ - პირველივე ხსენებაზე ასე ახასიათებენ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს, ოჯახის წევრები და მისი თანატოლი და უმცროსი თაობის მეგობრები. ყველას, ვინც მწერალს ერთხელ მაინც შეხვედრია, მისი გახსენებისას უნებურად ცრემლი ადგება და საუბრის დაწყება უჭირს, თუმცა მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვთ: „ან მიგიღებდა, ან ზურგს გაქცევდაო,“ „უწიგნურ ადამიანს გვერდით არ იჩერებდაო“, „თუ წიგნი არ იცოდი, მოსმენა მაინც უნდა გცოდნოდა, ესეც ცოდნააო“. „გაზაფხულზე და შემოდგომაზე სტუმარი არ შეიძლება, მოსავლის დათესვიდან მის დაბინავებამდე სტუმრობა ცოდვააო“, - ამბობდა ოტია იოსელიანი. თუმცა მწერლის ოდა-სახლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მთელი საქართველოდან ჩასული მწერლების, მსახიობების, ხელოვნებათმცოდნეების და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის სწორედ რომ თავშეყრის ადგილი იყო მის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც რჩება კულტურისა და ხელოვნების სალონად. ოტია იოსელიანის მიერ საკუთარი ხელით აშენებული ოდა და დიდ საერთო ოთახში ამოყვანილი ბუხარი ლიტერატუტული სალონის მრავალწლიანი მუშაობის მოწმეა. მწერალმა სიცოცხლეშივე განისაზღვრა სამუდამო სამყოფელის ადგილიც - ეზოში, ოდის წინ მდებარე საფლავის ქვაზე გამოკვეთილია ბარელიეფი, რომელზეც ოტია იოსელიანი სვანური ქუდითაა გამოსახული. მწერალს სამუდამო სამყოფელი ნაბოლარა ვაჟმა, დაჩიმ მოუწყო. „სხვას ვერ ვანდე, ისე ვერ გამიკეთებდა, როგორც მე მინდოდაო“,- გვეუბნება დაჩი იოსელიანი, რომელსაც მამამ 42 წლის წინ მიუძღვნა ზღაპრების სერია. ოტია იოსელიანის შვილების ბაჩოს, მანოს და დაჩის სახელებს მწერლის შემოქმედების მოყვარულები კარგად იცნობენ. ოტია იოსელიანი ყველაზე მომთხოვნი შვილების მიმართ ყოფილა. მოფერება არ იცოდაო, - ამბობს დაჩი იოსელიანი და იხსენებს, რომ ერთხელ, მისი დამზადებული ჭაღი მამამ სტუმარს აჩვენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნახელავი მოეწონა, თორემ სხვა მხრივ მისგან საქებარ სიტყვას ვერ გაიგებდიო.

დაჩი იოსელიანის მსგავსად, მწერლის უცნაურ, სკეპტიკურ ხასიათსა და მოფერებისა და მადლიერების გამოხატვის განსხვავებულ მანერაზე ლაპარაკობს ოტია იოსელიანის ლიტერატურული სალონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სულიკო სვანაძე. „მართალ კაცს“ თანაგრძნობის გამოხატვაც თავისებურად სცოდნია - უსიტყვოდ ან მხარზე ხელის დადებით.

როგორც ოტია იოსელიანის მეგობრები და ნაცნობები ამბობენ, ის სამოქალაქო აქტივისტიც იყო. დიდი ხნით ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე, არ მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში და მისსავე შექმნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც მალევე ტოვებდა, - იხსენებს პედაგოგი ქეთევან ლაღაძე, რომელიც არაერთხელ ყოფილა ლიტერატურული სალონის სტუმარი, ერთ დროს კი მწერლის თაოსნობით დაფუძნებულ „მიწა-წყლის მეოხეთა კავშირსაც“ ხელმძღვანელობდა.

ოტია იოსელიანის მწერლად ჩამოყალიბებას ბიძგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქართული ლიტერატურის გამოცდაში ჩაჭრამ მისცა. სოფელში დაბრუნებულმა, საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული სხვებზე ნაკლებად არ იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო, რასაც მოჰყვა ნოველები, რომანები, ზღაპრები, 20-ზე მეტი პიესა და სცენარი. ოტია იოსელიანის ერთ-ერთი ბოლო კრებული, რომელშიც 99 ლექსია შესული, 2002 წელს გამოიცა. მანამდე კი იყო 55 არაკი, რჩეული ორტომეულები, რომანები „ტყვეთა ტყვე“ და „ვარსკვლავთცვენა“, პიესა „ადამიანი იბადება ერთხელ“ და საბავშვო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი“. ოტია იოსელიანის მოთხრობების პირველი კრებული, „კარის მეზობელი“, 1957 წელს გამოიცა. მწერლის ნაწარმოებები 30-მდე ენაზეა ნათარგმნი და მათი საერთო ტირაჟი 6 მილიონია. ოტია იოსელიანის მეგობრები და ახლობლები მწერალს ქველმოქმედსაც უწოდებენ. ამბობენ, „თოხი, ბარი და კალამი ერთნაირად უყვარდაო“, „მისი სკებიდან ამოღებული თაფლი არასდროს გაუყიდია“, ჰონორარს კი ტაძრებსა და დევნილებს ახმარდა, რომლებსაც ხიზნებს უწოდებდაო. ხელოვნებათმცოდნე ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე იხსენებს შემთხვევას, როცა მწერალს „დაჩის ზღაპრებისთვის“ იაპონიიდან ჰონორარი გამოუგზავნეს, მან კი მაშინვე გადაწყვიტა სოლიდური თანხა ტაძრის მშენებლობასა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს მოხმარებოდა. ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე ასახელებს ოტია იოსელიანის იმ ნაწარმოებებს, რომლებმაც მკითხველის სხვადასხვა თაობა ერთნაირად მიიზიდა.

„სიბრძნით სავსე კაცს“ უწოდებს ოტია იოსელიანს მისი მეგობარი გელა ხუნწარიძე, რომელთან ერთადაც მწერალს ნადირობაში ბევრი დღე-ღამე გაუტარებია.

„ქვეყანა გამოთაყვანდაო“ - ამ სიტყვებს ოტია იოსელიანი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად იმეორებდა. მამის გულისტკივილის ოდნავ მაინც გასაქარწყლებლად დაჩი იოსელიანმა სოფელ გვიშტიბში, მწერლის სახლში, საკვირაო სკოლა გახსნა, სადაც მოზარდები ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის ისტორიას ეცნობიან.

მარიამი და როკო ოტია იოსელიანის სახლში გახსნილი საკვირაო სკოლის მოსწავლეები არიან. როგორც თავად ამბობენ, მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება „დაჩის ზღაპრებმა“ მოახდინა.

ოტია იოსელიანის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მისი შვილები სოფელ გვიშტიბში მდებარე სახლისთვის სახლ-მუზეუმის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. მწერლის ვაჟის დაჩი იოსელიანის თქმით, საქართველოს კულტურის სამინისტროსგან თანხმობა უკვე მიიღეს და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ წყალტუბოს ტურისტულ მარშრუტს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმიც შეემატება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG