Accessibility links

logo-print

ოთხი კატეგორიის პედაგოგები და მათი განვითარების სქემა


თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე

პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები - მომდევნო სასწავლო წლიდან სწორედ ამ კატეგორიებად დაიყოფიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მომუშავე პედაგოგები, რომელთა ხელფასიც, მათ მიერ დაკავებული საფეხურის შესაბამისად, მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება და რომლებსაც საფეხურიდან საფეხურზე გადანაცვლების საშუალება მიეცემათ. ამისათვის კი მათ გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება, სკოლის შიდა თუ გარე შეფასებების გავლა და საგნობრივი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც 11-კაციანმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა, 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

საუნივერსიტეტო პროგრამით დაწყებული, პედაგოგის კარიერული წინსვლით დამთავრებული, საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი დეტალურ ინფორმაციას მოიცავს იმის შესახებ, თუ რა გზა უნდა განვლოს პედაგოგმა იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს არა მხოლოდ პროფესიული უნარები, არამედ ფინანსური მდგომარეობაც, საბოლოოდ კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, გაუმჯობესდეს ზოგადად სასწავლო პროცესი.

ახალი ხუთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა, რომლის დასრულებისა და სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მასწავლებელი სკოლაში დაიკავებს არა პირველ, ანუ პრაქტიკოსი მასწავლებლის, საფეხურს, არამედ მიიღებს მეორე, უფროსი მასწავლებლის, სტატუსს და, შედეგად, მაღალ ანაზღაურებას - განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სქემის პრეზენტაციისას, პირველ რიგში, სწორედ სისტემაში მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პედაგოგების შესვლაზე გაამახვილა ყურადღება. მათ, ისევე როგორც ამჟამად სკოლაში მომუშავე პედაგოგებს, კარიერული წინსვლისთვის სხვადასხვა, შიდასასკოლო თუ გარე შეფასებებისა და გამოცდის ჩაბარება მოუხდებათ, უფრო ზუსტად კი, საგნობრივი ტესტური გამოცდის ჩაბარება, მინისტრის განმარტებით, მხოლოდ პირველ საფეხურზე მყოფ, ანუ პრაქტიკოს პედაგოგს, მოუწევს:

„პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, რომელსაც აქვს ოთხი წელი განსაზღვრული თავისი ფუნქციების კრედიტების დასაგროვებლად, პირველ სამ წელიწადში, იმისათვის, რომ ის პროფესიაში დარჩეს, უნდა ჩააბაროს სავალდებულო საგნობრივი გამოცდა. ამას გარდა, მან უნდა გაიაროს შიდა შეფასება და ტრენინგი. თუკი ის ვერ ჩააბარებს ტესტურ გამოცდას, მის ადგილზე ცხადდება ვაკანსია. მაგრამ ვაკანსიის შევსებამდე ის რჩება მოვალეობის შემსრულებლად“.

მე გეუბნებით თქვენ, რომ პედაგოგს ვუფრთხილდები თვალის ჩინივით. არც ერთ პედაგოგს, რომელსაც შესწევს უნარი, რომ კარგი გაკვეთილი ჩაატაროს და მოსწავლის შედეგი გააუმჯობესოს, ვერ გავუშვებთ ქუჩაში, იმიტომ რომ ისედაც ველოდებით ბუნებრივ გადინებას ასაკის გამო...

რაც შეეხება უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, მათ, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ, მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად და, შესაბამისად, გაზრდილი ანაზღაურების მისაღებად მოუწევთ დამატებითი კრედიტქულების დაგროვება სხვადასხვა აქტივობების შედეგად და შიდა და გარე შეფასებების გავლით. მაგალითად, წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისაღებად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა, თამარ სანიკიძის განმარტებით, თუკი ისინი მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად საჭირო რაოდენობის კრედიტქულებს დროზე ადრე დააგროვებენ, მომდევნო საფეხურზე გადასვლას დროზე ადრე შეძლებენ.

თამარ სანიკიძე ირწმუნება, რომ ახალი კონცეფციის ამუშავების შემდეგ სკოლის დატოვება არ მოუხდება არც ერთ პედაგოგს, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც შესწევს უნარი მოსწავლეებს შესაბამისი განათლება მისცეს და ჩაერთოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში:

„მე გეუბნებით თქვენ, რომ პედაგოგს ვუფრთხილდები თვალის ჩინივით. არც ერთ პედაგოგს, რომელსაც შესწევს უნარი, რომ კარგი გაკვეთილი ჩაატაროს და მოსწავლის შედეგი გააუმჯობესოს, ვერ გავუშვებთ ქუჩაში, იმიტომ რომ ისედაც ველოდებით ბუნებრივ გადინებას ასაკის გამო. სისტემაში ძალიან ბევრი 70 წლის, 80 და 90 წლის პედაგოგები გვყავს და მე იმისი შიში უფრო მაქვს, რომ როცა ისინი დატოვებენ სკოლას, კადრები არ გვეყოლება, რომ დროულად შემოვუშვათ სისტემაში. სწორედ ამიტომ მაქვს დიდი ყურადღება გადატანილი კადრების მომზადებაზე“.

მომდევნო წლებში, 2017 წლის ჩათვლით, პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით იგეგმება პედაგოგთა ხელფასის ზრდა. განსხვავებული იქნება პედაგოგთა ხელფასი, მათი კვალიფიკაციის შესაბამისად, და პედაგოგის საშუალო ხელფასმა 2017 წლისთვის 850 ლარს, მაქსიმუმმა კი 1295 ლარს უნდა მიაღწიოს. ამისათვის, თამარ სანიკიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წელს 34 მილიონი, 2017 წელს კი 18 მილიონია გათვალისწინებული.

ერთი თვე დღე და ღამე ამ სქემაზე ვმუშობდი. გავაკეთე სკოლაში პრეზენტაცია. ბევრი კითხვა იყო. პედაგოგებს აინტერესებთ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას. მართალი გითხრათ, მეგონა, რომ უფრო მეტი პრეტენზია ექნებოდათ პედაგოგებს...

მანანა სეხნიაშვილი 126-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია. ის ჩართული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის შემუშავების პროცესში და ცოტა ხნის წინ სქემა თავის კოლეგებს გააცნო. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ტექნიკური ხასიათის კითხვების გარდა, პედაგოგების ძირითადი ნაწილისთვის ახლად შემუშავებული სქემა მისაღები აღმოჩნდა. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მით უმეტეს, რომ 2015-2016 წლებში სქემა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს:

„ერთი თვე დღე და ღამე ამ სქემაზე ვმუშობდი. გავაკეთე სკოლაში პრეზენტაცია. ბევრი კითხვა იყო. პედაგოგებს აინტერესებთ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას. მართალი გითხრათ, მეგონა, რომ უფრო მეტი პრეტენზია ექნებოდათ პედაგოგებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სქემა ნამდვილად იძლევა საშუალებას, პედაგოგს დაანახვოს, რომ ის მათ განვითარებაზეა დაფუძნებული“.

სქემაში გაწერილია ის კომპეტენციები, თუ რომელ საფეხურზე რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მაგრამ გვყავს თუ არა რეალურად ის მასწავლებელი, ის ეტალონი მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს ზედა საფეხურების მასწავლებელი - აი, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები...

დადებითად აფასებს ახლად შექმნილ სქემას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი. მისი აზრით, სქემის სწორად განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზოგადად განათლების დონის ამაღლებას. გიორგი მაჩაბლისთვის განსაკუთრებით მისასალმებელია სახელფასო ზრდის პერსპექტივა, რომელიც პედაგოგებს კარიერული წინსვლისთვის პროფესიული უნარების განვითარების მოტივაციას უზრდის.

ექსპერტს განათლების საკითხებში ნათია გორგაძეს ახლად შექმნილი სქემის მიმართ ერთი და ყველაზე მთავარი შეკითხვა აქვს. ეს შეკითხვა პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფას ეხება. მისი თქმით, სქემის სწორედ ეს ნაწილია ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი:

„სქემაში გაწერილია ის კომპეტენციები, თუ რომელ საფეხურზე რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მაგრამ გვყავს თუ არა რეალურად ის მასწავლებელი, ის ეტალონი მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს ზედა საფეხურების მასწავლებელი - აი, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები. ანუ ვის ვიღებთ ეტალონად, რისკენაც ისწრაფვის, საბოლოო ჯამში, ეს სქემა, რომ გარკვეული წლების შემდეგ უნდა გვყავდეს ამდენი და ამდენი და ასეთი კატეგორიის და კვალიფიკაციის მასწავლებელი. აი, ეს აბსოლუტურად ბუნდოვანია. რამდენად მიღწევადია ეს პროცესი, ამ სქემაში აბსოლუტურად არ ჩანს“.

სამინისტროს განცხადებით, სქემაზე დაყრდნობით უკვე მომზადებულია ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კვალიფიციურ პედაგოგებს მოამზადებს. მინისტრის თქმით, ახალ ხუთწლიან საუნივერსიტეტო პროგრამაში ჩართვას დაინტერესებული ადამიანები, სავარაუდოდ, მომდევნო სასწავლო წლიდან შეძლებენ.

XS
SM
MD
LG