Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 მარტის რეფერენდუმი - ერის დაბადების ტოლფასი მოვლენა


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი გამოფენა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი გამოფენა

25 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმიდან, რომელშიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. რა ვითარებაში ჩატარდა „დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი“ და როგორ აღნიშნეს საქართველოს უახლესი ისტორიის ეს მნიშვნელოვანი თარიღი თბილისში?

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე. როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე ნემო ბურჭულაძე იხსენებს, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება დააჩქარა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლის შეკითხვა ასეთი სახით იყო ჩამოყალიბებული: გსურთ თუ არა საბჭოთა კავშირის შენარჩუნება:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი გამოფენა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი გამოფენა

„სხვა ყოფილმა რესპუბლიკებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენ კი უარი განვაცხადეთ და ამის საპასუხოდ ჩავატარეთ ჩვენი რეფერენდუმი, რაც ძალიან რთული იყო თუნდაც მწირი ტექნიკური შესაძლებლობების გამო, მაგრამ სულ რაღაც ორ კვირაში მოვამზადეთ ყველაფერი და ჩავატარეთ რეფერენდუმი, თუმცა მაშინ მოსახლეობის განწყობაც სხვანაირი იყო. 90 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 97 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას“.

ნემო ბურჭულაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აფხაზეთში მცხოვრებმა 210 000 ხმის უფლების მქონე ქართველმა და აფხაზმა დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მაშინდელი მოსახლეობის 32 პროცენტს შეადგენდნენ:

ნემო ბურჭულაძე
ნემო ბურჭულაძე

„შეუძლებელია, რომ წინააღმდეგობები არ ყოფილიყო, მაგრამ ამ რეფერენდუმმაც გამოაჩინა, რომ გინდა ცხინვალის რეგიონში და გინდა აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობა არ იყო სახალხო. ჩვენ გვიწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რუსეთთან, რომელიც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებს გვიქმნიდა. ცხადია, მოსახლეობის სეპარატისტულად განწყობილი ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად, გუდაუთის რაიონში, მაგრამ ჩატარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ცხადია, თუნდაც მარტო რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება ნიშნავდა ბევრ რამეს“.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელმაც პარლამენტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე 25 წლისწინანდელი ამბები გაიხსენა:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„სტუდენტი ვიყავი მაშინ, მაგრამ იმ დროს ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურად ვიყავით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაშინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიც გახლდით და ამ რეფერენდუმის ჩატარებასა და ორგანიზებაში უშუალო როლის თამაში მომიწია მე და მოუწია ჩემს ბევრ კოლეგას. მაშინ არ იყო განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებები. ერთადერთი კომპიუტერი გვქონდა და მასზე ავაწყვეთ სარეფერენდუმო კითხვა, მერე ვიპოვეთ აფხაზურის სპეციალისტი და აფხაზურად ვათარგმნინეთ სარეფერენდუმო მოწოდებები... ერთი სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ და მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო“.

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 25 წლისთავი მიულოცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც, სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანას აშენებს:

„ეს გამარჯვება მოიტანა ბევრმა ხალხმა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დამსახურება. 31 მარტს მას 77 წელი შეუსრულდებოდა“.

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

​სწორედ ზვიად გამსახურდიამ - რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით - გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა:

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს უახლესი ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღია. როგორც სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, 1991 წლის 31 მარტს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქართველი ხალხი, როგორც გარკვეული კულტურისა და პოლიტიკის დამოუკიდებელი გამტარებელი ერთობა, პირველად გამოვიდა მსოფლიოს წინაშე.

„ამიტომ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ფუძემდებლური მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს დღე ქართველი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში, კულტურულ მეხსიერებაში მუდმივად უნდა ფიგურირებდეს როგორც ერთგვარი ამოსავალი, დაბადების ტოლფასი მოვლენა. ცხადია, ქართველი ერი არის უძველესი, მაგრამ ეს დღე არის პოლიტიკური ერის დაბადების დღე“, უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG