Accessibility links

logo-print

ხანგრძლივი და დაძაბული შეხვედრა ერგნეთში და პანიკა ახალგორში


37-ე შეხვედრა ერგნეთში

37-ე შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, რიგით 37-ე შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული აღმოჩნდა, რადგან ოსურმა მხარემ ტერმინებისა და გეოგრაფიული სახელების შესახებ კამათი გამართა. მაშინ, როდესაც ქართული მხარე ახალგორთან ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაგეგმილი რეგულაციების შესახებ განმარტებებს ითხოვდა, ოსური მხარე აცხადებდა, რომ საკითხს ვერ განიხილავდა, რადგან ასეთი დასახელების ტერიტორიას არ ცნობდა და მოითხოვდა, რომ ახალგორი ქართველებსაც ლენინგორად მოეხსენიებინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ ოსური დელეგაცია ამ შეხვედრაზე სრულიად მოუმზადებელი მივიდა, რადგან მათ კითხვებზე ადეკვატური პასუხები არ გააჩნდათ. ქემოკლიძის განცხადებით, ქართული მხარე წერილობით განმარტებას ითხოვს 18 სექტემბრისთვის დაგეგმილი რეგულაციების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ახალგორის მიმართულებით ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება იკრძალება და ადგილობრივი მოსახლეობა ფეხით უნდა გადავიდეს ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ქართული დელეგაციის წარმომადგენლის აზრით, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ახალგორელების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.

1 კვირის წინ ახალგორელებმა ხელმოწერები შეაგროვეს და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ამ რეგულაციების გაუქმება მოსთხოვეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ დაბის მოსახლეობაში 18 სექტემბრის მოახლოებასთან ერთად პანიკა ატყდა და იქ მცხოვრებთა ნაწილი სახლ-კარს ტოვებს, მათ ახალგორიდან თან გააქვთ ავეჯი, საოჯახო ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები გაჰყავთ.

თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ეს შეზღუდვა ეთნიკურად ოსურ მოსახლეობასაც აზარალებს, რადგან პროდუქცია დაბაში მათაც თბილისიდან ჩაჰქონდათ. გარდა ამისა, ახალგორის ბაზრიდან ქართული პროდუქცია ცხინვალშიც მიჰქონდათ, ამიტომ ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა ცხინვალელებზეც უარყოფითად იმოქმედებს.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ თიბილოვის ხელისუფლება მოქალაქეებს გადაადგილებას არ უზღუდავს და ეს მხოლოდ ტვირთებისა და ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შემოღებული რეგულაციებია.

ამ საკითხის გარდა, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მოწყობის საკითხი განიხილეს, თუმცა ამ მიმართულებით ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები თანხმდებიან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ როგორც ერთ ისე მეორე მხარეს სოფლის მეურნეობის საშემოდგომო სამუშაოებთან დაკავშირებით ფერმერთა უსაფრთხო საქმიანობაა. დღესვე ქართულმა მხარემ რუსული მხარე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ცხინვალის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატები არაერთხელ შემოფრინდნენ, 11 სექტემბერს კი რუსული მოიერიშე მი-24 გარკვეული დროის განმავლობაში ქართული სოფლების თავზე დაფრინავდა. რუსულმა და ოსურმა მხარეებმა ეს ფაქტი უარყვეს, თუმცა, ქემოკლიძის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერაც იქნა დაფიქსირებული ეს შემთხვევა. საერთო ჯამში, ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. მხარეები 18 ოქტომბერს ერგნეთში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG