Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების აფხაზეთში შესვლა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. მას შემდეგ აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება. როგორ აღნიშნავს საქართველო ომის დაწყებიდან 23-ე წლისთავს?

თბილისში აფხაზეთის ომის დაწყების მორიგი წლისთავი, ტრადიციულად, გმირთა მემორიალთან აღინიშნა. დაღუპული მებრძოლების მშობლებთან ერთად მემორიალს პატივი პოლიტიკოსებმაც მიაგეს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ აღნიშნა, ეს ომი სრულიად მოულოდნელი იყო ორივე მხარისთვის:

„სრულიად მოულოდნელი იყო ეს ომი. არც ქართველებმა, არც აფხაზებმა არ ვიცოდით, რომ დაიწყებოდა. არ უნდა მომხდარიყო ეს ომი ძმათა შორის - ქართველებსა და აფხაზებს შორის... ჩვენ არავითარი საბაბი არ გვქონდა, ძალიან მეგობრულ და კარგ ურთიერთობაში ვიყავით“.

22 სექტემბერს წავიდნენ. ასე 2-3 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ გავიდნენ. მერე მეორე თუ მესამე დღეს მითხრეს, იმ დღეს თვითმფრინავი აფეთქდაო...

თუმცა ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 000-მდე დღემდე დევნილობაშია.

დაღუპულთა შორის აფხაზეთიდან დევნილ გული ჩხეტიანის ოჯახის წევრებიც არიან. მისი და და ძმა 1993 წლის სექტემბერში ბაბუშერაში თვითმფრინავის ჩამოგდებას შეეწირნენ.

„ჩემი ძმა დმანისიდან ჩამოვიდა და თქვა, უნდა წავიდე, მებრძოლი ვარ, არ შეიძლებაო. დაც გაჰყვა. 22 სექტემბერს წავიდნენ. ასე 2-3 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ გავიდნენ. მერე მეორე თუ მესამე დღეს მითხრეს, იმ დღეს თვითმფრინავი აფეთქდაო“.

როგორც იხსენებს, ოჯახს დიდხანს ჰქონდა იმედი, რომ და-ძმა თვითმფრინავით არ გამგზავრებულა და ცოცხლებს მიაგნებდნენ. აფხაზეთში რამდენიმე სოფელში ეძებეს, თუმცა ამაოდ.

„მერე თბილისში ჩამოვედით. რა თქმა უნდა, ყველას შევატყობინეთ ამბავი. მერე ჩემი მამიდაშვილის მულმა გვითხრა, იმ დღეს ისინი თვითმფრინავში ადიოდნენ, დავინახეო. ეს იყო ოთხშაბათი დღე, 22 სექტემბერი, როდესაც სახლიდან წავიდნენ“.

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 23-ე წლისთავს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ომის შემდგომ პერიოდში უფრო მეტი გაკეთდა ხალხებს შორის გაუცხოების გასაღრმავებლად, ვიდრე ერთიანობის აღსადგენად. კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება“.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება „მშვიდობის გზით, ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის ვითარებაში”. ასეთი შედეგი კი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ გავაცნობიერებთ, რომ „რევანშიზმს მომავალი არ აქვს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG