Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმ ელ გაითი - „მაროკოს სული“


უმ ელ გაითი
უმ ელ გაითი

უმ ელ გაითი ბენესსაჰრაუი თანამედროვე მაროკოული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ახალგაზრდა წარმომადგენელია. განსხვავებით მარიემ ჰასანისგან, რომელზეც ერთ-ერთ წინა სიუჟეტში მოგახსენებდით, მას მომთაბარე ცხოვრებით არ უცხოვრია და არც საჰარის ბარხანებში უხეტიალია. კასაბლანკაში გაიზარდა. შესაბამისად, მისი სიმღერები უფრო ქალაქური ინტონაციებითაა სავსე, ვიდრე უდაბნოს ბერბერთა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი კოლორიტით. შესაბამისად, საკუთარ შემოქმედებაში უფრო თავისუფალია და ისეთი ელემენტების სინთეზს ახდენს, როგორებიცაა გნაუას ტომების, სუფიების, არაბული ხალხური მელოდიები, აფრიკული რიტმები, ჯაზისა და სოულის მოტივები.

უმ ელ გაითი 1978 წლის 18 აპრილს კასაბლანკაში დაიბადა. ბებიის სახელი დაარქვეს, რაც დასავლეთ საჰარის ბერბერთა ერთ-ერთი ტომის - „დარიჟას“ - ენაზე „შვებას“ ნიშნავს. როგორც ამბობენ, ასე იმ დღეებში დაბადებულ გოგონებს არქმევენ, როცა სიცხით გათანგულ და ყვითლად გახუნებულ უდაბნოში წვიმა მოდის. მუსიკით ბავშვობაშივე დაინტერესდა. ჯერ სკოლის გუნდში მღეროდა, შემდეგ სოლო კარიერაც წამოიწყო და 17 წლის ასაკში ერთ-ერთ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებით გაითქვა სახელი. პარალელურად კი, რაბათის ეროვნულ ინსტიტუტში სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე. რაც შეეხება პირველ სტუდიურ ნამუშევარს, დისკი, სახელწოდებით "Lik’Oum“, 2009 წელს გამოსცა. ეს გახლდათ ჰიპ-ჰოპის, ჯაზის, სოულისა და მაროკოული ფოლკლორის შეზავების პირველი ექსპერიმენტული მცდელობა, რომელიც მაინცდამაინც ხეირიანი ვერ გამოუვიდა. შესაბამისად, კრიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა და მხოლოდ ადგილობრივი მსმენელის ინტერესი დაიმსახურა. მეტ-ნაკლები წარმატება წილად ხვდა უმ ელ გაითის შემდეგ ნამუშევარს, Sweerty-ს, რომელიც 13 ინგლისურენოვანი და ბერბერული „დარიჟას“ დიალექტზე შესრულებული კომპოზიციებისგან შედგებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ უმ ელ გაითი არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ კომპოზიტორი და პოეტიც გახლავთ. საკონცერტო თუ სტუდიური საქმიანობისას ხშირად თანამშრომლობს ფრანგ, კუბელ და, რა თქმა უნდა, მაროკოელ მუსიკოსებთან. ერთ-ერთი ასეთი ქარიმ ზიადი ბრძანდება, რომელიც მსოფლიოს ეთნომუსიკალურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფიგურაა. სწორედ მასთან ერთად გამოსცა ალბომი „მაროკოს სული“, რომელმაც პირველი საყოველთაო აღიარება მოუტანა. როგორც თავად არტისტმა განმარტა, უფროსმა კოლეგამ გადამწყვეტი როლი ითამაშა დისკის წარმატებაში, რადგან ეთნიკურ და ჯაზურ მუსიკას შორის იდეალური ბალანსი აპოვნინა. ამავე დროს, ჩრდილოეთ აფრიკის ხალხთა - მაროკოელთა და ალჟირელთა - რიტმების ჯაზურ სტანდარტებზე მორგებაში დაეხმარა.

დიახ, უმ ელ გაითის ალბომი „მაროკოს სული“ მართლაც ღირებული გამოდგა. მან წამყვანი პოზიციები დაიკავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ჰიტ-აღლუმებში. განსაკუთრებული პოპულარობა კი საფრანგეთში მოიპოვა, სადაც ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს არტისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG