Accessibility links

logo-print

საქართველოს ოლიმპიური მოძრაობისათვის მიძღვნილი ხუთტომეულის გამოცემა, რომელსაც სიმბოლური სახელი - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“ - ჰქვია, ჟურნალისტმა და მწერალმა პაატა ნაცვლიშვილმა საგანგებოდ დაამთხვია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილეს. პრეზენტაციის ადგილიც სიმბოლურად შეირჩა - სპორტის აკადემია. იქ შეკრებილი სპორტული რეპორტიორები, რედაქტორები თუ, უბრალოდ, სპორტის ქომაგები აცხადებდნენ, რომ ეს წიგნი სპორტში ამ მასშტაბის პირველი გამოცემაა, რომელმაც ოლიმპიადების ყველა დასამახსოვრებელი მომენტი ერთად დაიტია. ეს არის წიგნი, რომელიც ქართული სპორტის, კონკრეტულად კი, საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის თავგადასავალზე მოგვითხრობს.

“1968 წლიდან ოლიმპიური თამაშები არ გამომიტოვებია” - ასე იწყება პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეულის ( „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“) შესავალი წერილი. 2015-ს თუ ამ თარიღს გამოვაკლებთ, 47 წელი გამოვა. 47 წელი ასე უცვლელად გიყვარდეს და გაინტერესებდეს რაღაც - უკვე ამბავია. ოლიმპიადაზე, საქართველოს გამოჩენაზე საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე, ოლიმპიურ ჩემპიონებსა და იმ პროცესზე, თუ რა ბრძოლის ფასად იქმნებოდ საქართველოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (და ამ პროცესის ნაწილი თავად პაატა ნაცვლიშვილიც იყო), ამ შესავალში დაწვრილებით წერია. სწორედ ეს წინასიტყვაობა შეგიძღვებათ ამ ხუთტომეულში, როგორც ერთგვარი გზამკვლევი. დღეს სეოკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - 25 წლისაა. ამ წიგნის გამოცემაც სიმბოლურად ამ იუბილეს დაამთხვიეს, როგორც ერთი დიდი ეტაპის შეჯამება, შეფასება, თავგადასავალი.

ეს არის ჩემ მიერ, ჩვენ მიერ, იმ ადამიანების მიერ, ვინც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შექმნა, საქართველოსთვის მოტანილი ოლიმპიური მოძრაობა - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“. მანამდე ჩვენთან ოლიმპიური მოძრაობა არც არსებობდა...

„ეს ხუთტომეული საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის სუბიექტური ისტორიაა, ჩემი ხანგრძლივი ოლიმპიური გამოცდილების პრიზმაში გადატეხილი და ჩემი ასევე ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის სარკეში არეკლილი“, - წერს ავტორი. ჩვენ კი გვეუბნება:

„ეს არის ჩემ მიერ, ჩვენ მიერ, იმ ადამიანების მიერ, ვინც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შექმნა, საქართველოსთვის მოტანილი ოლიმპიური მოძრაობა - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“. მანამდე ჩვენთან ოლიმპიური მოძრაობა არც არსებობდა. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადებში საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეობდნენ. პირველი ოლიმპიადა კი, რომელსაც ვუყურე, მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადა იყო. რეპორტაჟებს ტელევიზიით გადმოსცემდნენ. პირველად სწორედ მაშინ ვნახე, როგორ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ვიქტორ სანეევი და რომან რურუა. მერე მათთან ფოტოებიც გადავიღე და ეს ფოტოები ამ წიგნშიც მოხვდა“.

1712-გვერდიანი ხუთტომეულის გამოცემის პროექტის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვია, სეოკის ამჟამინდელი პრეზიდენტი. გამოცემას თან ახლავს სწორედ მისი შესავალი მისასალმებელი წერილი. პირველი ტომი და პირველი ლურჯი რგოლი 1989-1994 წლებს მოიცავს - სეოკის დაფუძნების ამბებსა და საქართველოს პირველ დამოუკიდებელი ნაბიჯებს ოლიმპიურ მოძრაობაში. მეორე ტომმა, ანუ შავმა რგოლმა, 1995-1999 წლები გააერთიანა და ატლანტის ოლიმპიადის ამბები დაიტია. მესამე, წითელ რგოლ-ტომში, როგორც პაატა ნაცვლიშვილიც წერს, 2000-2004 წლები - სიდნეისა და ათენის ოლიმპიადებია შესული. მთავარი ქრონოლოგიური მოვლენა მაინც მეოთხე ტომშიაო, წერს ავტორი - 2005-2009 წლები, პეკინის (ბეიძინის, როგორც პაატა წერს) ოლიმპიადა. მეხუთე და მწვანე რგოლი კი, ძირითადად, ლონდონის თამაშებსა და 2010-2014 წლების ამბებს შეეხება. ამ ხუთ ტომში უამრავი ფოტო, რუბრიკა და ქვეთავია - ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკის პრეზიდენტები, სპორტის ცალკეული სახეობების მომიხილვა, შედეგები, სიები, ცალკე სტატიები ოლიმპიურ ხელოვნებაზე, ოლიმპიურ კინოზე, ოლიმპიურ არქეოლოგიასა თუ ოლიმპიურ ფილატელიაზე - მართლა შეიძლება თავბრუ დაგეხვეს და, მეორე მხრივ, შეაფასო წლების შრომა, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი.

ჩემთვის ბარსელონური მივლინება პირველი იყო, როცა უცხოეთში საბჭოთა კავშირის გვერდის ავლით გავედი, როცა არც საბჭოთა კავშირის რიდი მქონდა და არც კაგებეს შიში...

ვერ დავთვალე, რამდენი უნიკალური ფოტო მოხვდა ამ ხუთტომეულში. თუმცა ეს ფოტოები ოლიმპიადის ისტორიის უმთავრეს წამებზე მოგვითხრობს. აი, ატლანტის ოლიმპიადის დაძაბული ჟურნალისტური ყოველდღიურობის სამი ჩვეულებრივი ეპიზოდი ან ის მომენტი, როცა მსაჯი ხელს მაღლა სწევს და ეს კი იმის მაუწყებელია, რომ სოსო ლიპარტელიანმა ორთაბრძოლა მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავის ქვეყანას პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა..

ამ ოლიმპიადებს შორის, როგორც თავად პაატა ნაცვლიშვილი ამბობს, იყო ძალიან ამაღელვებელი და ნაკლებად ამაღელვებელი, სრულიად დაუვიწყარი ოლიმპიადებიც. მაინც რომელი? - ვეკითხებით პაატა ნაცვლიშვილს და ისიც პაუზის გარეშე გვპასუხობს: ბარსელონა.

„ბარსელონა იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ქართველ ჟურნალისტებს შესაძლებლობა მოგვეცა სერიოზული გუნდით წავსულიყავით ოლიმპიადაზე. მანამდე ოლიმპიადაზე ორ ქართველზე მეტი არ ყოფილა. მეორე ის იყო, რომ, მართალია, საქართველოს სახელით არა, მაგრამ გაერთიანებულ გუნდში ჩვენი დროშით გამოვდიოდით: კახი კახიაშვილი რომ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს დროშა აიწია; ლერი რომ გახდა ჩემპიონი, საქართველოს დროშა აიწია და დავით ხახალეიშვილი რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ასევე საქართველოს დროშა აიწია და ეს იყო ემოციურად მართლა ძალიან ამაღელვებელი მომენტი“.

„ხუთი რგოლი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია

„ხუთი რგოლი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია

წიგნში ვკითხულობთ:

„ჩემთვის ბარსელონური მივლინება პირველი იყო, როცა უცხოეთში საბჭოთა კავშირის გვერდის ავლით გავედი, როცა არც საბჭოთა კავშირის რიდი მქონდა და არც კაგებეს შიში... ბარსელონაში ჩვენს გემოზე ვიყავით, ჩვენი დროშის ფრიალსაც არავინ გვიკრძალავდა და დაბინავებითაც ჩვენს ჭკუაზე დავბინავდით ოლიმპიადაზე აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტები - თენგიზ გაჩეჩილაძე თავის ნაცნობებთან გაჩერდა, მე, თარიკო ბალავაძემ და ელგუჯა ბერიშვილმა კი სამოთახიანი ბინა ვიქირავეთ ქალაქის ცენტრში და თავისუფალ ადამიანებად ვიგრძენით თავი. და ეს მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არაერთ სპორტსმენს სპორტულ ფორმაზე ჯერ კიდევ СССР ეწერა“.

მაშინ 12-მა ქართველმა სპორტსმენმა სამშობლოში სამი ოქრო და ხუთი ბრინჯაოს მედალი წამოიღო. „ჩვენთვის ბარსელონა მიჯნა იყო, - დაწერს პაატა ნაცვლიშვილი მერე, - პირველი მიჯნა. მეორე ლილეჰამერი იქნება, მესამე - ატლანტა“.

იყო ისეთი ოლიმპიადებიც, სადაც უკვე დახურული გაზეთის კორესპონდენტად წასულა. აკრედიტაციას ოლიმპიადისთვის, როგორც წესი, წელიწად-ნახევრით ადრე იღებდნენ. საქართველოში კი გაზეთების გამოსვლა-დახურვა იმდენად ხშირი იყო, რომ, მაგალითად, ლონდონის ოლიმპიადა პაატა ნაცვლიშვილმა, როგორც უკვე დახურული „დრონის“ კორესპონდენტმა, გააშუქა. წიგნში შესული წერილები და რეპორტაჟები მაშინდელ სპორტულ პრესაში იბეჭდებოდა. ეს იყო „ლელო“, „მართვე“, „ზარია ვოსტოკა“ თუ სხვა.

1992 წლიდან მოყოლებული, პაატა ნაცვლიშვილი ყველა ოლიმპიადას ესწრებოდა. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის ინფორმაციაზეა ლაპარაკი? თუ არა, ამაში “ხუთი რგოლი საქართველოსთვის“ დაგარწმუნებთ.

მიხარია, რომ სპორტი გამოდგა მოწინავე, რადგან მე ასეთი სრულყოფილი გამოცემა მეორე ქართულ ენაზე ჯერ არ მეგულება. მინდა, რომ სხვა დარგებმაც მოგვბაძონ ჩვენ, სპორტისა და ფიზკულტურის გულშემატკივრებს...

სპორტულ ჟურნალისტიკას რომ თავისი გამორჩეული ენა აქვს, ამაზე პაატა ნაცვლიშვილის მეგობარი, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და რედაქტორი, არჩილ გოგელიაც ლაპარაკობს:

„სპორტის რეპორტიორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, რაზეც წერ. სპორტზე წერას თავისი სპეციფიკური ხასიათი აქვს - თითქოს ძალიან გაშალაშინებული ენა არც უხდება, ცოტა ხორკლიც უნდა ერიოს. პაატას სწორედ ეს ჰქონდა. ეს წიგნი კი, ვფიქრობ, დღემდე არსებულ გამოცემებს შორის მართლა ყველაზე დახვეწილი გამოვიდა“.

ხუთტომეულის პრეზენტაციაზე არჩილ გოგელიამ პაატა ნაცვლიშვილის ერთი სხვა წიგნიც გაიხსენა, რომელსაც „ადით, ბიჭებო, ჯომოლუნგმაზე“ ერქვა, და თან დააყოლა, პაატა ჟურნალისტურ ჯომოლუნგმაზეც ავიდა და ნამდვილ მწვერვალ ჯომოლუნგმაზეცო.

თავად ხუთტომეულის ავტორი ამბობს, რომ სპორტულ ჟურნალისტიკაში მაშინ, საბჭოთა პერიოდში, უფრო მეტი თავისუფლების პოვნა შეიძლებოდა. ყოველთვის ეს ვერ ხერხდებოდა, მაგრამ მაინც. თან, ეს ის სფერო იყო, რაც ისედაც უყვარდა და აინტერესებდა. მაშ, რატომაც არ უნდა ეწერა?

„თითქოს ყველაფერი აშკარაა, რომ თუ მოიგო ქართველმა, დაწერო, რომ მოიგო ქართველმა და თუ დამარცხდა რუსი, დაწერო, რომ წააგო რუსმა. ხანდახან ეგეც არ იყო ხოლმე შესაძლებელი. უნდა დაგეწერა, რომ მოიგო „დინამომ“ და წააგო „სპარტაკმა“. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო და დღეს უკვე, მით უმეტეს. ამიტომ ჩემს სტუდენტებთანაც ჟურნალისტიკის სწავლებას სწორედ სპორტული ჟურნალისტიკით ვიწყებ, რადგან იქ ვერასოდეს იტყვის, რომ მე ასე ვხედავ და ასე ვფიქრობ - იქ ფაქტი არის ფაქტი, რომელსაც წყალი არ გაუვა“.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოლიმპიური ჩემპიონის ხორხე ვალდანოს სიტყვებს იხსენებს. ის სპორტულ მედიასა და ფეხბურთს გარიგებით დაქორწინებას ადარებს და ამბობს, უერთმანეთოდ ვერ ივარგებენო. ეს სიტყვები გია გორგოძემ სპორტული მედიის მნიშვნელობისთვის ხაზგასასმელად მოიხმო: „თუ მედიამ არ გააშუქა მართლა ეს ყველაფერი, თუ მედიამ არ მიიტანა ეს სიხარული, გამარჯვების ჟინი და ყველა ემოცია საზოგადოებამდე, არც ახალი თაობა გაიზრდება სპორტში, არც სარეკლამო კონტრაქტები იქნება, არც მაღალი შემოსავლები ექნებათ, ვთქვათ, ფეხბურთელებს. ამიტომ აქვს ამ საქმეს და ასეთ წიგნებსაც დიდი მნიშვნელობა“.

სპორტის აკადემიაში ხუთტომეულის პრეზენტაციას ესწრებოდა გაზეთ „ლელოს“ დამფუძნებელ მიხეილ კაკაბაძის ვაჟი და, ამავე დროს, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძეც, რომელმაც თქვა, რომ ერის კულტურა ხშირად სწორედ ასეთ წიგნებში ჩანს:

„ყოველთვის მშურდა გერმანელების, რომლებსაც, რა დარგი უნდა აიღო, რომ ასე მოწესრიგებული გამოცემები არ ჰქონდეთ - ენციკლოპედიები, ლექსიკონები... მეთევზეობა გინდა, მეტყევეობა თუ სხვა ნებისმიერი და სულ ვფიქრობდი, როდის დადგებოდა ჩვენთანაც ის დრო, რომ ასეთი გამოცემები ჩვენც გვქონოდა. მიხარია, რომ სპორტი გამოდგა მოწინავე, რადგან მე ასეთი სრულყოფილი გამოცემა მეორე ქართულ ენაზე ჯერ არ მეგულება. მინდა, რომ სხვა დარგებმაც მოგვბაძონ ჩვენ, სპორტისა და ფიზკულტურის გულშემატკივრებს“.

ეს ისეთი წიგნია, ვინც კარგად იცის ოლიმპიური მოძრაობა, ბევრ საინტერესო რამეს იპოვის მასში და ვინც საერთოდ არაფერი იცის, ბევრ რამეს გაიგებს...

რა იქნება შემდეგი პროექტი სპორტული ჟურნალისტიკის განხრით? - ვეკითხებით პაატა ნაცვლიშვილს. ის კი, მეორე ტომს 98-ე გვერდზე შლის, რომელსაც ხსნის სათაური „უცნობი პარიზელი ბიჭი გიორგი ნიკოლაძეა“. ეს წერილი ნიკო ნიკოლაძის ვაჟს, გიორგი ნიკოლაძეს, ეძღვნება, რომელიც, პაატა ნაცვლიშვილის თქმით, პირველი ქართველი, ჯერჯერობით აუღიარებელი, ოლიმპიური ჩემპიონია. შემდეგი წიგნიც მასზე იქნება:

„აი, ეს ფოტო. 115 წელიწადია ეძებენ, ვინ არის ეს ბიჭი. ეს არის 1900 წელი. ოლიმპიური ჩემპიონია ეს ბიჭი, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან ეძებენ სხვაგან, ეძებენ ფრანგს და ეძებენ პარიზში და არ არის ეს ბიჭი ფრანგი! ეს არის ქართველი გიორგი ნიკოლაძე და ჩემი შემდგომი პროექტიც სპორტში არის სწორედ ეს, რომ მისი ოქროს მედალი ჩამოვიტანოთ და დავაბრძანოთ საქართველოში“.

პაატა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ თუ შემდგომ 25 წელიწადში ამ წიგნს კიდევ ერთი მსგავსი გამოცემა მოჰყვება, - მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ავტორობით, - ეს წიგნი თავის საქმეს გააკეთებს:

„ეს ისეთი წიგნია, ვინც კარგად იცის ოლიმპიური მოძრაობა, ბევრ საინტერესო რამეს იპოვის მასში და ვინც საერთოდ არაფერი იცის, ბევრ რამეს გაიგებს“.

დაბოლოს, სიტყვები, რომლითაც პაატა ნაცვლიშვილი ამ ხუთტომეულს ასრულებს:

„ესეც ჩემი ხუთი რგოლი! ესეც საქართველოსთვის!“

ესეც რადიო თავისუფლება პაატა ნაცვლიშვილის „ხუთ რგოლზე“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG