Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავაზ შარიფი მესამედ ემზადება პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად


პაკისტანის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი, რომლის პარტიამაც დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია ქვეყნის ისტორიულ 11 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, მესამედ გახდება მინისტრთა კაბინეტის მეთაური. 68 წლის ნავაზ შარიფის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნას ამომრჩევლები ქვეყნის ეკონომიკური ჭაობიდან ამოყვანას, კორუფციის, ინფლაციისა და უმუშევრობის მოთოკვას უკავშირებენ. გამარჯვებული ძალის ლიდერის კრიტიკოსებს კი აინტერესებთ, თუ რამდენად მოახერხებს ისლამური ტრადიციების მკაცრი მიმდევარი ნავაზ შარიფი დაუპირისპირდეს თალიბანსა და ალ ყაიდას პარპაშს, რასაც ბოლო წლებში ათობით ათასი პაკისტანელის სიცოცხლე შეეწირა.

ნავაზ შარიფს, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის 40 წლის განმავლობაში სამხედრო გადატრიალებაც განიცადა და დევნილობაც, 11 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი მიმომიხლველი „ძალადაკარგულ პოლიტიკოსად“ მიიჩნევდა, თუმცა ამასწინანდელი არჩევნების შედეგებით ნავაზ შარიფმა დაამტკიცა, რომ მისი კრიტიკოსები მწარედ ცდებოდნენ: 68 წლის შარიფი და მისი პოლიტიკური გუნდი დიდებით ბრუნდება პაკისტანის პოლიტიკაში.

11 მაისის არჩევნებში პაკისტანის მუსლიმთა ლიგა „ნავაზი“ უმრავლესობას დააკომპლექტებს ქვეყნის პარლამენტში და მძლავრად იქნება წარმოდგენილი ქვეყნის ყველაზე უფრო მდიდარ, პუნჯაბის პროვინციაში, სადაც 180 მილიონიანი პაკისტანის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს. როგორც ყოფილმა პაკისტანელმა დიპლომატმა და ნავაზ შარიფის ნდობით აღჭურვილმა პირმა თარიქ ფატმიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, პაკისტანის მუსლიმთა ლიგის გამარჯვება განასახიერებს იმ ხალხის მისწრაფებას, რომელიც, პუნჯაბის მაგალითზე, უკეთეს ეკონომიკასა და უნარიან მმართველობაზე ოცნებობს:

„ეს იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ ფედერალური დონის ხელისუფლებასა და სხვა დანარჩენი სამი პროვინციის რეგიონალურ მთავრობებთან შედარებით, პაკისტანის მუსლიმთა ლიგის მმართველობა აღმოსავლეთში მდებარე პუნჯაბის პროვინციაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბევრად უკეთესი და სკანდალებისგან თავისუფალი იყო. ბატონმა ნავაზ შარიფმა წარმოადგინა მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და პროგრამა, - კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, - რომელიც ეფუძნება წარსულში გაკეთებულ საქმეებს და არა მხოლოდ დაპირებებს“.

შარიფი პაკისტანის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თავის ინდოელ კოლეგასთან დიალოგი წამოიწყო და მიზნად დაისახა, განევითარებინა არა მხოლოდ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა, არამედ ისეთი ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას...
თარიკ ფატმი
ნავაზ შარიფი მდიდარი ოჯახიდანაა. თუმცა, ერთი ხანობა, გასული საუკუნის 70-იან წლებში, მის მამას, ფოლადის მაგნატ მოჰამედ შარიფს, მთელი ქონება ჩამოართვა პრემიერ-მინისტრ ზულფია ალი ბჰუტოს სოციალისტურმა მთავრობამ. პაკისტანის ყოფილი სამხედრო დიქტატორი ზიაულ ჰაკი ოჯახის პროტეჟე იყო და ბჰუტოს მთავრობის დამხობის შემდეგ შარიფებმაც მალევე დაიბრუნეს წართმეული ქონება.

როგორც ლიდერს, ნავაზ შარიფს დიდი ქარიზმა არა აქვს, მაგრამ თავისი მოღვაწეობით დაადასტურა, რომ კარგი მენეჯერია. იგი 1980-იან წლებში პუნჯაბის პროვინციის ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო 1990-იან წლებში ორჯერ ეკავა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტი.

მეორე პრემიერ-მინისტრობა შარიფისათვის ხანმოკლე აღმოჩნდა. 1999 წელს გენერალმა პერვეზ მუშარაფმა, რომელიც ქვეყნის უძველეს მტერთან, ინდოეთთან, ნავაზ შარიფის მთავრობის მიერ აღებული სამშვიდობო კურსის წინააღმდეგი იყო, სამხედრო გადატრიალება მოაწყო. ნავაზ შარიფი საუდის არაბეთში გაიქცა და პოლიტიკური დევნილობიდან 2007 წელს დაბრუნდა. როგორც ყოფილი პაკისტანელი დიპლომატი და ნავაზ შარიფის ნდობით აღჭურვილი პირი თარიქ ფატმი ამბობს, როდესაც მესამედაც დაიკავებს ოფისს, ნავაზ შარიფი ინდოეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შეეცდება:

„შარიფი პაკისტანის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თავის ინდოელ კოლეგასთან დიალოგი წამოიწყო და მიზნად დაისახა, განევითარებინა არა მხოლოდ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა, არამედ ისეთი ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, შარიფს ახლა სურს, ხელახლა შეუდგეს იმ გზას, რომლითაც სიარული 1999 წლის სამხედრო გადატრიალების გამო შეწყდა“.

ნიშანი იმისა, რომ ნავაზ შარიფი შეეცდება ინდოეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებას, მის მიერ 13 მაისს გაკეთებული განცხადებაა: ძალიან მოხარული ვიქნები, მოვიწვიო ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰამ სინგხი ჩემი პრემიერ-მინისტრად კურთხევის ოფიციალურ ცერემონიაზეო.
მაგრამ ინდოეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, პაკისტანის სამხედრო ელიტის სახით. თუ როგორ დაალაგებს ურთიერთობებს ნავაზ შარიფი პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, თუ როგორ აისახება მისი მმართველობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ტერორისტულ ომზე, რომლის უკანაც, დიდწილად, სწორედ პაკისტანის სამხედრო სტრუქტურები დგანან, ეს ნავაზ შარიფის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პირველ თვეებში გამოჩნდება. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ ვის დაასახელებს პაკისტანის მომავალი პრემიერ-მინისტრი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მემკვიდრედ. გავლენიანი აშფაქ პერვეზ კაიანი თანამდებობას რამდენიმე თვეში დატოვებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG