Accessibility links

logo-print

სისხლიანი თავდასხმა პაკისტანის სკოლაზე


პაკისტანის ჯარისკაცს შემთხვევის ადგილიდან მიჰყავს გადარჩენილი სკოლის მოსწავლეები

პაკისტანის ჯარისკაცს შემთხვევის ადგილიდან მიჰყავს გადარჩენილი სკოლის მოსწავლეები

16 დეკემბერს პაკისტანში მოეწყო თავდასხმა, რომელიც ერთ-ერთი უმძიმესია, რაც კი ექსტრემისტებს ამ ქვეყანაში განუხორციელებიათ: შეიარაღებულმა პირებმა 140-ზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად, ბავშვები დახოცეს ქალაქ ფეშავარის სკოლაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა.

სამშაბათს სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა ფეშავარში მდებარე სკოლიდან, რომელშიც ასობით მოსწავლე და მასწავლებელი რჩებოდა საათების განმავლობაში, შტურმის დაწყების შემდეგ. სკოლაში 10-მდე შეიარაღებული პირი - შავებში ჩაცმული ხალხი - იყო შეჭრილი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა, სულ ცოტა, 141 ადამიანი, მათ შორის 132 ბავშვი.

დღეს, დაახლოებით 10 საათზე ან 10:30-ზე, 10-მდე ტერორისტი შეიჭრა არმიის საჯარო სკოლასა და კოლეჯში და განურჩევლად დაიწყო სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია 100-ზე მეტი ბავშვი...

თავდასხმასა და მსხვერპლზე ინფორმაცია პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფერვეზ ხატაკმა გააცნო ჟურნალისტებს.

„დღეს, დაახლოებით 10 საათზე ან 10:30-ზე, 10-მდე ტერორისტი შეიჭრა არმიის საჯარო სკოლასა და კოლეჯში და განურჩევლად დაიწყო სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია 100-ზე მეტი ბავშვი. ქალაქის ყველა საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი“, - ეს აუწყა ჟურნალისტებს ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა. ამ პროვინციაში მდებარეობს სამმილიონიანი ქალაქი ფეშავარი.

სკოლაში ექსტრემისტების შეჭრიდან რამდენიმე საათში, სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოკლულია ცხრა ექსტრემისტი.

სკოლაზე თავდასხმის თვითმხილველებს შორის არის მეათეკლასელი ებადი. მას ბედმა გაუღიმა და არაფერი დაშავებია, ბევრი ამხანაგისაგან განსხვავებით: „დღეს დილას 10:30 იქნებოდა, როცა გაგვიყვანეს აუდიტორიაში, სადაც პირველი დახმარების გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა არმიის პოლკოვნიკს. აუდიტორიაში რომ შევედით, სროლა დაიწყო და შეიარაღებული პირები შემოიჭრნენ. ბევრი მოსწავლე მოკლეს - ჩემს წინ 40-დან 50-მდე მოსწავლე ვნახე მოკლული. ბომბებიც ააფეთქეს. მე ოთხი ან ხუთი ექსტრემისტი დავინახე, როცა შემოვიდნენ. ჩვეულებრივი შავი ტანისამოსი ეცვათ“.

თავდასხმისას დაჭრილი მოსწავლე

თავდასხმისას დაჭრილი მოსწავლე

ექსტრემისტების გაერთიანება „თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ წარმომადგენელმა, რომელიც თავს მუჰამად ხორასანის უწოდებს, დაურეკა ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტს და პასუხისმგებლობა იკისრა თავდასხმაზე, როგორც შურისძიებაზე ჩრდილოეთ ვაზირისტანში პაკისტანის არმიის ოპერაციისათვის. პაკისტანელი სამხედროები აცხადებენ, რომ 1100-ზე მეტი ისლამისტი ექსტრემისტი ჰყავთ მოკლული ჩრდილოეთ ვაზირისტანში მას შემდეგ, რაც ივნისში დაიწყეს თავდასხმითი ოპერაცია საჰაერო დარტყმების, არტილერიისა და სახმელეთო ჯარების გამოყენებით.

სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, ფეშავარში ჩავიდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი, რომელმაც სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მან პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა 17 დეკემბერს შეიკრიბონ ფეშავარში, საგანგებო სხდომაზე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. შარიფი პირობას დებს, რომ პაკისტანი გააგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

XS
SM
MD
LG