Accessibility links

logo-print

ფერვეზ მუშარაფს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში ადანაშაულებენ


ფერვეზ მუშარაფი

ფერვეზ მუშარაფი

სამშაბათს პაკისტანის სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ყოფილ სამხედრო მმართველს ფერვეზ მუშარაფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეზე. ბჰუტო 2007 წელს მოკლეს, რავალპინდიში, ისლამაბადის მახლობლად გამართული მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმისას. 6 წლის შემდეგ ამავე ქალაქში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფერვეზ მუშარაფს სამი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის - მკვლელობასა და მკვლელობის ორგანიზებაში.

სამშაბათს, ვიდრე პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში მიიყვანდნენ, რავალპინდიში ასობით პოლიციელი განლაგდა სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე, რომელზეც გენერლის მანქანამ გაიარა. დახურულ სასამართლო სხდომაზე ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს წარდგენილ ბრალდებებში, რომელთა შორის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობა და მკვლელობის ორგანიზება. მუშარაფის ადვოკატმა აფშან ადილმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყო მისი კლიენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები:

„ყოფილი პრეზიდენტი ამ საქმეში არანაირად არ ყოფილა ჩართული. არც ერთი დანაშაული, რომელიც პრეზიდენტს აქვს წარდგენილი, მას არ ეხება“.

მუშარაფის პარტიაც უარყოფს მისი ლიდერის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს:

„როგორ შეიძლება, რომ პრეზიდენტი მისი მმართველობის პერიოდში მკვლელობაზე იყოს პასუხისმგებელი?“

როგორ შეიძლება, რომ პრეზიდენტი მისი მმართველობის პერიოდში მკვლელობაზე იყოს პასუხისმგებელი? ...
მუშარაფს ადანაშაულებენ იმაში, რომ შესაბამისი ზომებით არ უზრუნველყო უსაფრთხოება ბენაზირ ბჰუტოსი, რომელიც 2007 წლის დეკემბერში ისლამაბადის მახლობლად, რავალპინდიში გამართული მსვლელობისას მომხდარი აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლეს.

პროკურორები და ბჰუტოს ადვოკატები ამბობენ, რომ სანამ მოკლავდნენ, ბჰუტოზე მანამდეც მოხდა თავდასხმა, რასაც მისი მომხრეები შეეწირნენ და არსებობდა ინფორმაციებიც, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ, ამ მუქარისა და არაერთი თხოვნის მიუხედავად, მუშარაფმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებასა და მის სათანადოდ დაცვაზე არ იზრუნა.

რავალპინდიში მუშარაფის სასამართლო სხდომა დახურული იყო. გართულებების თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა სასამართლოს შენობას. აღსანიშნავია, რომ სხდომა ჯერ კიდევ 6 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მაგრამ მუშარაფზე თავდასხმის საფრთხის გამო სასამართლო გადაიდო. მუშარაფი პირველი პაკისტანელი ლიდერია, რომელსაც დანაშაულში ედება ბრალი. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში დევნილობიდან დაბრუნდა, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მისი მმართველობის პერიოდში - 1999-2008 წლებში - ჩადენილ არაერთ დანაშაულში წაუყენეს ბრალი.

ივნისში პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა ბრძანება გასცა, მუშარაფის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით გამოძიება დაეწყოთ. მუშარაფმა „საკუთარ დანაშაულზე სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხიო“, - განაცხადა შარიფმა, რომელიც მუშარაფს 1999 წელს პაკისტანის არჩეული მთავრობის დამხობაში, არჩეული მოსამართლეების დათხოვნასა და 2007 წელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებაში სდებს ბრალს.
თუკი ღალატის ბრალდება დაუმტკიცდა, მუშარაფს ან სასიკვდილო განაჩენი, ანდა სამუდამო პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG