Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს


ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი. 2011 წლის 28 ივლისი
ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი. 2011 წლის 28 ივლისი
პაკისტანში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, მოკლულია ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი - რანგით მეორე პირი პაკისტანში მოქმედი თალიბანის ხელმძღვანელობაში.

ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი - პაკისტანში თალიბანის ლიდერის, ჰაკიმულა მეჰსუდის მოადგილე - წუხელ მოკლეს, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად. საყურდღებოა, რომ შეერთებულ შტატებს ხუთ მილიონამდე დოლარის პრემიები აქვს დაწესებული ინფორმაციისათვის, რომელსაც თალიბების ამ ორი ლიდერის ადგილსამყოფლის დადგენა მოჰყვებოდა. ცნობებში არ არის ნათქვამი, ინფორმაციის ამ გზით მიღებას მოჰყვა თუ არა ვალი ურ რეჰმან მეჰსუდის ლიკვიდაცია.

რეჰმან მეჰსუდი მიჩნეულია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში სასტუმრო „მერიოტზე“ 2008 წლის სექტემბერში მოწყობილი თავდასხმის ორგანიზატორად. თავდასხმამ 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ რეჰმად მეჰსუდი შეცვლიდა ჰაკიმულა მეჰსუდს პაკისტანში მოქმედი თალიბანის, ანუ „პაკისტანის ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ ლიდერის პოზიციაზე.

თალიბების ეს ჯგუფი ავღანეთის თალიბანისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს. იერიშები, რომლებზეც მას აქვს ნაკისრი პასუხისმგებლობა, მიმართული იყო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებისაკენ. იყო ძალადობა საარჩევნო კამპანიების, სკოლებისა და პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის წინააღმდეგ.

ჩრდილოეთი ვაზირისტანი, სადაც სამშაბათ ღამით საჰაერო დარტყმის შედეგად რანგით მეორე პირი დაიღუპა პაკისტანელი თალიბების ხელმძღვანელობაში, ავღანეთს ესაზღვრება და დიდი ხანია მიჩნეულია რეგიონად, რომელშიც ძლიერი პოზიცია აქვთ ექსტრემისტებს. ცნობების თანახმად, იერიშის შედეგად კიდევ რამდენიმე თალიბი დაიღუპა.

ზოგადად, აშშ-ის საჰაერო დარტყმები პაკისტანში მწვავე კრიტიკის საგანია. ოთხშაბათს - ცოტა ხნით ადრე, ვიდრე გავრცელდებოდა ცნობა თალიბების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ - პაკისტანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დაგმო უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები, როგორც პაკისტანის სუვერენიტეტის ხელყოფა.
XS
SM
MD
LG