Accessibility links

logo-print

ავღანეთის მყიფე მშვიდობა 13-წლიანი საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ


პამირ საჰილი

პამირ საჰილი

აშშ-მა და ნატომ 8 დეკემბერს ოფიციალური ცერემონიით აღნიშნეს 13- წლიანი საერთაშორისო საბრძოლო ოპერაციის დასრულება ავღანეთში. მომავალი წლის პირველი იანვრიდან კი ესტაფეტას ჩაიბარებს „ურყევი მხარდაჭერის“ მრავალეროვნული საწვრთნელ-სარეკონსტრუქციო მისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ასევე საქართველოს სამშვიდობო ქვედანაყოფი. რამდენად უფრო უსაფრთხო და სტაბილური გახდა ავღანეთი 13-წლიანი საერთაშირისო მხარდაჭერის შემდეგ, რამდენად არის შესაძლებელი ე.წ. ერაყის სცენარის განმეორება ავღანეთში, რა შესძინა აისაფში მონაწილეობამ საქართველოს ჯარს, საქართველოს, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცხელ წერტილში 15 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, და რა იციან საქართველოს ჯარისკაცების ღვაწლზე საკუთრივ ავღანეთში?

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის რედაქტორს პამირ საჰილს ვთხოვე მოეთხრო, რამდენად უფრო უსაფრთხო და სტაბილური გახდა ავღანეთი 2001 წლის შემდეგ, რაც საერთაშორისო კოალიციის ჩარევით დაემხო თალიბანის რეჟიმი და ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობა დაიწყო.

მას შემდეგ, რაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე გადავიდა, თვალნათლივ ჩანს, რომ მრავალგზის გაიზარდა მსხვერპლი როგორც ავღანეთის პოლიციის, ისე არმიის რიგებში...

პამირ საჰილი: 2001 წელს, როდესაც საერთაშორისო კოალიციური ძალები შევიდნენ ავღანეთში, უსაფრთხოების მდგომარეობა ქვეყანაში უკიდურესად რთული იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 წლის განმავლობაში უსაფრთხოების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე პრობლემაც არსებობს. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე გადავიდა, თვალნათლივ ჩანს, რომ მრავალგზის გაიზარდა მსხვერპლი როგორც ავღანეთის პოლიციის, ისე არმიის რიგებში. მაგალითისათვის: რამდენიმე დღის წინ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ანგარიში, რომლის თანახმად, ბოლო თვეებში 20 პროცენტით არის გაზრდილი მსხვერპლის რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამინისტრო არ მალავს, რომ დანაკარგის რაოდენობის გაზრდის მიზეზი სწორედ ავღანური ძალების მიერ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებაა. მეტიც, ბოლო თვეების მანძილზე არასტაბილურობის ტალღა დედაქალაქ ქაბულსაც მიუახლოვდა, სადაც რამდენიმე მძლავრი თავდასხმა მოხდა, მათ შორის, ბრიტანეთის საელჩოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრით ვითარება ჯერ კიდევ მყიფეა, თუმცა, იგი მაინც გაუმჯობესებულია, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, 2001 წელს ავღანეთს, ადგილობრივ პარამლიტუიარისტულ დაჯგუფებებს თუ არ ჩავთვლით, არ გააჩნდა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ძალები - პოლიცია, არმია და სამხედრო საჰაერო ძალები. ასე რომ, გავიმეორებ: უსაფრთხოების მხრივ, უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ დარწმუნებით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვითარება კარგია“.

კობა ლიკლიკაძე: მას შემდეგ, რაც კოალიციის საბრძოლო ოპერაცია დასრულდა, რა მოლოდინია ავღანეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში? საუბრობენ თუ არა ერაყის მსგავსი სცენარის განმეორების საშიშროებაზე?

პამირ საჰილი: ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კატეგორიულად გამორიცხა თალიბანის დაბრუნება ან ავღანეთში მსგავსი ვითარების განმეორება. მან მტკიცედ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი აკონტროლოს ვითარება. თუმცა ადგილობრივი უსაფრთხოების ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ ჩემთან ინტერვიუში, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს არ შესწევთ უნარი და არ არიან მზად გაუმკლავდნენ იმ საგარეო საფრთხეებს, რომელიც მეტწილად პაკისტანში მდებარე ტერორისტთა უსაფრთხო ნავსაყუდელიდან მომდინარეობს. ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს არ გააჩნიათ ასევე სათანადო აღჭურვილობა, ისეთი, როგორსაც საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები ფლობენ. მეორე საკითხია თანამედროვე სამხედრო ძალების წვრთნის პროცესი. 2001 წლამდე ავღანეთს არ გააჩნდა საკუთარი ეროვნული სამხედრო ძალები. ამის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული ძალების რეკონსტრუქციის პროცესი, რაც მრავალი წელია გრძელდება, თუმცა ბევრი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ეს პროცესი არ არის დასრულებული და რომ შემდგომშიც საჭიროა ინტენსიური წვრთნა და უნარების განმტკიცება როგორც შინაგან საქმეთა, ისე თავდაცვის სამინისტროში, რათა მათ შეძლონ როგორც საგარეო, ისე შიდა საფრთხეებთან გამკლავება. თუმცა ყველა ექსპერტი ერთსულოვნად აცხადებს, რომ ავღანეთში შეუძლებელია იმ სცენარის განვითარება, რომელსაც ერაყში ჰქონდა ადგილი.

რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს ქვედანაყოფის მისია ავღანეთში წარმატებული იყო და მას არა მხოლოდ აშშ-ის მთავრობა აძლევდა მაღალ შეფასებას, არამედ ავღანეთის ლიდერებიც...

კობა ლიკლიკაძე: ჩვენს მსმენელებს განსაკუთრებით აინტერესებთ ავღანეთში შექმნილი ვითარება, რადგან იქ ჯერ კიდევ იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ხუთწლიანი ძალიან მძიმე მისიის შემდეგ ბრუნდებიან სამშობლოში. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რამდენიმე ასეული ქართველი ჯარისკაცი მომავალი წლის იანვრიდან კვლავ გაემგზავრება ავღანეთში ახლა „ურყევი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისათვის. რა კვალი დატოვეს ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში, როგორ იგონებენ, თუ გაიხსენებ, მათ მისიას იქ?

პამირ საჰილი: ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაციის ეგიდით მოქმედი ქართული სამხედრო ძალების უმრავლესობა მისიას ახორციელებდა ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ერთ-ერთი მყიფე რეგიონია და რომელიც ექსტრემისტების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ISAFI ჩამოყალიბდა, მასში შემავალი სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ არა მხოლოდ უსაფრთხობის ოპერაციებში, არამედ ასევე ქვეყნის რეკონსტრუქციაშიც ღებულობდნენ მონაწილეობას. და რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს ქვედანაყოფის მისია ავღანეთში წარმატებული იყო და მას არა მხოლოდ აშშ-ის მთავრობა აძლევდა მაღალ შეფასებას, არამედ ავღანეთის ლიდერებიც. ასე რომ, ავღანეთში მხარს დაუჭერენ ასევე კოალიციის არასაბრძოლო მისიას, რომელიც ავღანეთის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობას გულისხმობს“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG