Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ისევ პანიკაა


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალი, გორის რაიონი და ისევ ცხინვალი – მაისიდან ამ თანმიმდევრობით ვრცელდებოდა ხმები ომის განახლების საშიშროების შესახებ. ერთი კვირის წინ კონფლიქტის ზონის სოფლებში ალაპარაკდნენ, ცხინვალიდან ავტობუსებით ქალები და ბავშვები გაჰყავთ და რუსული და ოსური შეიარაღებული ძალები კონფლიქტის განახლებისთვის ემზადებიანო, მაგრამ არც ერთმა კომპეტენტურმა წყარომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და გორის რაიონში პანიკა ჩაცხრა. პანიკის ახალი ტალღა ახლა ისევ ცხინვალს მოედო. ადგილობრივი მოსახლეობა ომის დაწყებას ელოდება. ჩვენს რადიოსთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები მარინა ამბობს, რომ სმენია, ქართული შეიარაღებული ძალები ომის დასაწყებად როგორ ემზადებიან:

„ყველა ამბობს, რომ ჩვენთან დაძაბულობაა და ომი იქნება. ამბობენ, რომ ჩვენს ირგვლივ უკვე ქართველები დგანან, სოფელ შავშვებში. იქიდან ვლადიკავკაზის გავლით ბავშვები ჩამოვიდნენ, მათაც თქვეს, რომ ომი იქნება. ამბობენ, რომ 29 –ში დაიწყება ომი.“

ზუსტად ასეთივე ინფორმაცია ჩვენთანაც გავრცელდა და ახლაც შენარჩუნებულია პანიკა. ეს ყველაფერი სადღაც მაისში დაიწყო ...
ზარინა სანაკოევა

მარინა ამბობს, რომ 29 აგვისტოს განახლდება ომი, მანამდე კი სოციალურ ქსელებში კონფლიქტის დაწყების თარიღად 12 აგვისტო დასახელდა. ცხინვალელები ამ ხმებით შეშფოთებულები არიან და ყოველდღიურად ევაკუაციის დაწყებას ელოდებიან. მათი ინფორმაციით, გორის რაიონის სოფლებიდან ბავშვების და ქალების ევაკუაცია თითქოს უკვე დაწყებულია და ქართული შეიარაღებული ძალებიც ცხინვალის გარშემო პოზიციებს იკავებენ. ასეთი ხმები, როგორც წესი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სწრაფად ვრცელდება და მერე მთელ ქალაქს მოედება ხოლმე. ცხინვალელი ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა ერთი კვირის წინ ჩვენთან საუბარში აცხადებდა, დღემდე ვერ ვხვდები, ვის აძლევს ხელს ასეთი ხმების გავრცელება და ხალხის შეშინებაო:

„ზუსტად ასეთივე ინფორმაცია ჩვენთანაც გავრცელდა და ახლაც შენარჩუნებულია პანიკა. ეს ყველაფერი სადღაც მაისში დაიწყო და მთელი ზაფხული ხალხი დაძაბული იყო, მაგრამ გაურკვეველია, ეს ხმები საიდან მოდიოდა. ზუსტად იგივეს ამბობდა ყველა, რომ ქართულ მხარეს ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა და ომი იქნებოდა. რასთან არის ეს დაკავშირებული, ამ დრომდე ვერ გავიგე.“

ჩვენი ცხინვალელი წყაროების ცნობით, ცხინვალიდან ბავშვები არავის გაჰყავს. პირიქით, სტუმრებიც კი ჩადიან რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებიდან. აგარაკებზე გასულებმაც უკვე ქალაქში დაბრუნება დაიწყეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი მოსახლეობის დაწყნარება ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან სცადა და განაცხადა, რომ ომი არ იქნება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე სმირნოვი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ უშიშროება ასეთ ხმებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, ჭორები ქართველი და ოსი ნათესავების ურთიერთობით ვრცელდება. სმირნოვის აზრით, ასეთი ხმების გავრცელება საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რათა წინასაარჩევნო პრობლემები სხვა მიმართულებით გადაიტანოს:
რუსეთმა ომით უკვე ყველაფერი მიიღო, ახლა მშვიდობა სჭირდება და მშვიდობით უნდა გაიფორმოს ის, რაც ომით წაიღო. მე ვერ ვხედავ ომის დაწყების ვერანაირ ობიექტურ საფუძველს ...
პაატა ზაქარეიშვილი

„ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და ვეძებთ ასეთი ხმების გავრცელების წყაროებს. შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად საქართველოა ამდაგვარი ხმების გამავრცელებელი. ახლა საქართველოში უბრალო ვითარება არ არის. იქ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ორი დაჯგუფების წინააღმდეგობაა. ხელისუფლებას საკუთარი პოზიციების დათმობა არ უნდა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ქმედებას განახორციელებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან გარე მტერზე გადაიტანოს.“

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტის განახლების საფუძველს ვერ ხედავს. მისი აზრით, ამ ხმების გავრცელებას ზარდიაანთკარში პოლიციის საგუშაგოს გადატანამ შეუწყო ხელი. მისი თქმით, რეგიონში კონფრონტაცია, პირველ რიგში, ოსების ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ზაქარეიშვილს კონფლიქტის ზონაში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, მაგრამ ოსებსაც ურჩევს, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას.

„რუსეთმა ომით უკვე ყველაფერი მიიღო, ახლა მშვიდობა სჭირდება და მშვიდობით უნდა გაიფორმოს ის, რაც ომით წაიღო. მე ვერ ვხედავ ომის დაწყების ვერანაირ ობიექტურ საფუძველს. დაძაბულობის - კი და ომისას - არა. პროვოცირება მოახდინა ქართული საგუშაგოს გადატანამ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს ლეგიტიმური უფლება აქვს, თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგო სადაც უნდა, იქ დააყენოს, როცა არჩევნები მოდის და საქმე კონფლიქტის ზონას ეხება, მაინც ჯობია, რომ უფრო გონივრულად მოიქცეს. ჩემი ხედვით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად მიდის კონფრონტაციაზე, რათა ოსების და რუსების გაღიზიანება გამოიწვიოს და ოსებს კიდევ ჭკუა არ ჰყოფნით მიხვდნენ, რომ ეს პროვოკაციაა. როგორც არ უნდა იქცეოდეს ქართული მხარე, მე მაინც ვურჩევდი ოსურ მხარეს, დაფიქრდეს, ხომ არ თამაშობენ ქართულ თამაშს, როცა აჰყვებიან ხოლმე ამ ჭორებს და კონფრონტაციულად იქცევიან. მე არ მომწონს ქართული მხარის ქცევები, მაგრამ მე არ მომწონს არც ოსური მხარის პასუხები ამაზე“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თითქმის ყოველ ზაფხულს, კონფლიქტის ზონაში ომის განახლების შესახებ მითქმა-მოთქმა იწყება ხოლმე. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მძიმე მოგონებების გამოძახილია.
XS
SM
MD
LG